ზაზა სიხარულიძე:  ჩვენი კანონიერი მოთხოვნები თუ არ დაკმაყოფილდება, იძულებული ვიქნებით აქციებიც გავმართოთ

ზაზა სიხარულიძე: ჩვენი კანონიერი მოთხოვნები თუ არ დაკმაყოფილდება, იძულებული ვიქნებით აქციებიც გავმართოთ

საქართველოს „ინვალიდთა ლიგა“ მათი მოთხოვნების არ დაკმაყოფილების შემთხვევაში არ გამორიცხავს აქციების გზას მიმართოს. ამის შესახებ ლიგის პრეზიდენტმა ზაზა სიხარულიძემ დღეს For.ge-ის (presage.tv) პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით,  ეხლა მათ არათუ პარლამენტში, არამედ არც საკრებულოში და არც სხვა პოლიტიკურ პარტიაში წარმომადგენლები არ ყავთ, ეს კი სიხარულიძის თქმით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით კატეგორიულად მიუღებელია.

„მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას თავის საარჩევნო სიაში ჩასვას ჩვენი კატეგორიის ხალხი. ეს არ არის ახირება. ჩვენს კატეგორიაში ბევრია ისეთი ადამიანები, რომლებსაც კანონმდებლობაზე შეუძლია მუშაობა. ამიტომ გვინდა, რომ  ჩვენი წარმომადგენლობაც იყოს მმართველობაში. არ აქვს მნიშვნელობა ეს ოპოზიცია იქნება თუ ხელისუფლება, ჩვენ ორივე მხარეს ვიმუშავებთ. თუ არ იქნება დაკმაყოფილებული ჩვენი კანონიერი მოთხოვნები, იძულებული ვიქნებით პოლიტიკაში ჩავერთოთ და აქციებიც გავმართოთ“ - აღნიშნა სიხარულიძემ.

მისივე თქმით, უკვე მესამე წელია იგი საქართველოს პრემიერთან არსებულ ინვალიდთა პრობლემებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურის წევრია, თუმცა მისი თქმით, ამ დრომდე, მხოლოდ ერთი სხდომის გამართვა მოხერხდა. „ამის საშუალებით კი რადიკალური ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა“.

აქვე სიხარულიძემ განაცხადა, რომ ლიგამ რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას ყურადღებისთვის მიმართა და აღნიშნა, რომ მათ პრობლემას სამწუხაროდ არცერთი მათგანის სერიოზული გამოხმაურება არ მოყოლია.

„ჩვენ ვამბობთ მხოლოდ იმას რომ ჩვენი მოთხოვნები გაითვალისწინონ. თუ გაითვალისწინებენ კაი, თუ არადა არცერთ მათგანს არ დავზოგავთ. ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ  დიალოგს უკვე რეალური შედეგი ვერ ექნება. ამიტომ ალბათ აქციების გზასაც მივმართავთ“, - დასძინა სიხარულიძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე ზაზა სიხარულიძესთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული არჩევანის“ წარმომადგენელიც ესწრებოდა. „ინვალიდთა ლიგა“ კვირას, 12:00 საათზე ვაკის პარკში სოციალური სოლიდარობის ფორუმის გამართვას აპირებს.