არჩილ გორდულაძე ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: დიახ, ნარკორეალიზატორების მიმართ რეპრესიული მიდგომა იქნება

არჩილ გორდულაძე ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: დიახ, ნარკორეალიზატორების მიმართ რეპრესიული მიდგომა იქნება

ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ რეპრესიული მიდგომა იქნება. დიახ, ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ დამოკიდებულება უმკაცრესი იქნება, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, რომელიც ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას ეს საკანონმდებლო სიახლე რეპრესიული მიდგომებისთვის სურს.

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დიახ, ნარკორეალიზოტორების მიმართ რეპრესიული მიდგომა იქნება. დიახ, ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ დამოკიდებულება უმკაცრესი იქნება. საერთოდ არავის არ აინტერესებს ჩვენი კი არა, რეალურად ქართველი ხალხის ოპონენტები რას ფიქრობენ იმიტომ, რომ ეს ადამიანები ყოველთვის ნაბიჯებს დგამენ იმისათვის, რომ როგორმე განვითარება შეაჩერონ. მათ შორის, ეს ადამიანები არიან ხოლმე, რომლებიც ხშირად ხელს უწყობენ სხვა ე.წ. ფსევდოლიბერალური, სხვადასხვა, მოგონილი იდეოლოგიების გავრცელებას და ამ იდეოლოგიების საფარქვეშ ქვეყნის საფუძვლის, კულტურის საფუძვლის, ღირსების საფუძვლის და ჯანმრთელობის საფუძვლის შერყევას და ჩამონგრევას“, - განაცხადა გორდულაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ამ შემთხვევაში მთავარია ბრძოლა ისეთ სენთან, რომელსაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია.

„განსაკუთრებით, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ იმ ადამიანებს, რომლებიც შენელებული ბომბის და შენელებული სიკვდილის გამსაღებლები, სიკვდილის გამყიდველები არიან. ნარკორეალიზაციაში ჩართული თითოეული ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ გაყიდოს ეს სიკვდილი, მათ მიმართ ნება არის, რომ დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა იყოს მაღალ დონეზე აწეული და უმკაცრესი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ერთი არის საკანონმდებლო ცვლილებები, მაგრამ ამას აუცილებლად თან უნდა სდევდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მთელს ქვეყანაში. ყველამ ერთად უნდა აღვიმაღლოთ ხმა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი თუ გვინდა და თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ჯანსაღად იცხოვრონ აუცილებელია, რომ მათ უარი თქვან ნარკოტიკებზე, სხვა დამოკიდებულებებზე და რეალურად მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ, ისწავლონ და განვითარდნენ. ეს არის ჩვენი მიზანი“, - აღნიშნა გორდულაძემ.

გორდულაძემ გამოთქვა იმედი, რომ ამ პროცესში ჩაერთვება კერძო სექტორიც.

„ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია, რომ ამ ყველაფერში არ იქნება ჩართული ამაზე საერთოდ ლაპარაკიც კი არ ღირს. ეს ახალი არ არის“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ნარკოდანაშაულისთვის კანონი მკაცრდება - ანტინარკოტიკული რეფორმა საპარლამენტო უმრავლესობამ და საპარლამენტო ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან ერთად შეიმუშავა.