14 ივნისს საქართველოში ინვალიდთა დაცვის დღის აღსანიშნავად საქართველოს „ინვალიდთა ლიგამ“ 12 ივნისიდან სპეციალური ღონისძიებების გამართვის სერია დაიწყო, რომელიც 17 ივნისს 12:00 საათზე, ვაკის პარკში სოციალური სოლიდარობის ფორუმის გამართვით დამთავრდება.
ამის შესახებ ინვალიდთა ლიგის პრეზიდენტმა, ზაზა სიხარულიძემ დღეს For.ge-ის (presage.tv) ოფისში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში რეგისტრირებულია 134 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც ინვალიდობის პენსიას იღებს. თუმცა აღნიშნა, რომ ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში არსებულ ინვალიდების რეალურ სურათს არ ასახავს.
„1ჯგუფის ინვალიდისთვის პენსია არის 110 ლარი, მეორე ჯგუფისთვის 70 ლარი, შრომის პენსია კი გაცილებით მეტია. ამიტომ მეორე ჯგუფის ინვალიდები გადადიან შრომის პენსიაზე, გარდა ამისა, ბევრი ადამიანი ფინანსების გამო საერთოდ ვერ მიდის იმის დასასგენად, თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება. ბევრიც ლოგინად არის ჩავარდნილი. ამიტომ ინვალიდთა რეალური სურათის ამსახველი სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს“, - განაცხადა სიხარულიძემ.
ინვალიდთა ლიგის პრეზიდენტმა მედიასაშუალებებს ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფისთვის მედია საშუალებებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ლიგის და აქციის მიზანი არამარტო კონკრეტულად ინვალიდებზე, არამედ სხვა კატეგორიის ადამიანებზე ზრუნვაც წარმოადგენს.
„ინვალიდები არიან ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი და სახელმწიფო ვალდებულია ყურადღბა მიაქციოს ამ კატეგორიის ხალხს. მაგრამ ამასთანავე, საქართველოში არიან მილიონამდე პენსიონერები, ვეტერანები, დევნილები, ბანკის მევალეები, მეანაბრეები, უმუშევრები და ა.შ. ჩვენი მიზანია ამ ხალხზეც ვიზრუნოთ და ერთად გადავწყვიტოთ როგორ მოვაგვაროთ ჩვენი დასაქმების საქმე. მე მოვუწოდებ ყველა სოციალურად დაუცველ ადამიანს, ვისაც არ აქვს ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა მოვიდეს და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება არსებული სიტუაციის მიმართ“, - განაცხადა სიხარულიძემ.
აქვე მან ის ორი ძირითადი მოთხოვნა გაახმოვანა, რომელიც დაგემილ აქციაზე იქნება გაჟღერებული. ეს არის პენსიების და დახმარებების გაზრდა და გაეროს მიერ დამტკიცებული კონვენციის დანერგვა.
„აუცილებელია ხელფასები, პენსიები და სხვადასხვა დახმარებები არსებულ მინიმუმს გაუთანაბრდეს, ამასთანავე ჩვენ ვითხოვთ, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებული კონვენციის პრაქტიკაში დანერგვას, რომელმაც მთელი რიგი ინსტანციები გაიარა, მას კახა ლომაიამაც მოაწერა ხელი, მაგრამ დღემდე არ შესულა პარლამენტში განსახილველად“, - აცხადებს სიხარულიძე.
აქვე სიხარულიძემ დასძინა, რომ მათ მიერ არსებული მოთხოვნების შესაბამისი განცხადებაც ექნებათ, რომლითაც კონკრეტულ ორგანოებს მიმართავენ.
„როცა იქ ხალხი მოვა და საზოგადოება შეიკრიბება, ჩვენ გვექნება სპეციალური განცხადებაც და მიმართვაც, რომლითაც კონკრეტულ ორგანოებს მივმართავთ“,- დასძინა სიხარულიძემ.