ბიძინა ივანიშვილი: პენსია უნდა იყოს იმდენი, რაც  საარსებო მინიმუმია

ბიძინა ივანიშვილი: პენსია უნდა იყოს იმდენი, რაც საარსებო მინიმუმია

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციის, პენსის 300 ლარამდე  გაზრდაზე განაცხადა, რომ მას ციფრების დასახელების და დაპირებების ძალიან ეშინია.

„როცა პირობას ვდებ, ღამე არ მძინავს,  რამე ისე თუ არ გავთვალე, რა გეშველება, რომ დაპირდი და არ გააკეთე. თანაც, არ მჯერა ამათი ციფრების და არ ვიცი, როგორი ბიუჯეტი დაგვხვდება, როცა მოვალთ. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ესენი ციფრებს ხატავენ და ბიუჯეტი აბსულუტურად განსხვავებულია. ამიტომ, მე ისევ აბსტრაქტულ განცხადებას გავაკეთებ - პენსია უნდა იყოს იმდენი, რაც არის საარსებო მინიმუმი. თანაც, ასეთი საარსებო მინიმუმი არა - ეს ძალიან ცოტა და ძალიან ცუდად გათვლილია. სწორად უნდა მოხდეს საარსებო მინიმუმის გათვლა და უნდა იყოს ისეთი პენსია, რომ ადამიანმა, საკუთარ პენსიაზე ნორმალურად შეძლოს ცხოვრება. მე გავაკეთე განცხადება ჯანდაცვაზე და ვთქვი, რომ ყველას დავაზღვევდით. როცა ამ ციფრებს ვთვლიდით, ბევრი კამათი მქონდა. რაღაც ეჭვები დამრჩა და ვფიქრობდი, რომ საკუთარი თანხებით დავაბალანსებდი, თუ ბიუჯეტში არ დაგვხვდებოდა შესაბამისი თანხა. მე ვერ გეტყვით, რომ მოსვლის პირველსავე დღიდან ყველაფერი კარგად იქნება, რამდენადაც ეს არსებულ ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული. მაგრამ, ჩვენ ძალიან ახლო მომავალში დავიწყებთ ქვეყნის აღორძინებას“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, აუცილებელია ქვეყანაში ეკონომიკა აღორძინდეს, სამუშაო ადგილები შეიქმნას, ხალხი  დასაქმდეს  და ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია.

„ჩვენ, სწორ გზას და სწორ გეზს ავიღებთ, ფუნდამენტს ჩავყრით და არ დავიწყებთ ზემოდან შეღებვით, როგორც ესენი აკეთებენ. აღზევების პროცესს ძირიდან დავიწყებთ. ეკონომიკა ისეთი რამაა, რომ ორი-სამი თვე არ ეყოფა - ორი-სამი წელიწადია საჭირო, რომ კარგად გამოჩნდეს ეს ყველაფერი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა მიმართულებით განვითარდეთ და კარგი შედეგი გვექნება. კარგად მესმის, როგორი გაჭირვებულია მოსახლეობა დღეს, მაგრამ ცრუ დაპირებებს ვერ მივცემ. ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია მოსვლის შემდეგი დრო. ყველა ქართველს უნდა ვთხოვო მოთმინება, რადგან ეს ყველაფერი შეიძლება არ მოხდეს მყისიერად, მაგრამ ძალიან მალე მოხდება და უახლეს დროში, ჩვენ ყველა ქართველს ღირსეული ცხოვრების პირობებს შევუქმნით“, - განაცხადა ივანიშვილმა.