ეკა ბესელია:  საქართველოს კანონმდებლობა და იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე

ეკა ბესელია: საქართველოს კანონმდებლობა და იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე

 „ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტით დავუპირისპირდეთ აღსრულების სამსახურს, თუ კი ის იძულებითი წესით შეეცდება ივანიშვილისთვის ქონების დაყადაღებას“, - ასე უპასუხა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ დღეს For.ge-ის (presage.tv) პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც აღსრულების სამსახურის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ხელში არსებულ ბერკეტებს შეეხებოდა.

ეკა ბესელიას თქმით, მათი კონკრეტული ნაბიჯები და რეაგირება მაინც ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე არის დამოკიდებული.

„ჩვენ გვაქვს დაახლოებითი ვარაუდი, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ხელისუფლებისგან,  არაფერს არ გამოვრიცხავთ  იმ უგუნური სტრატეგიიდან გამომდინარე, რასაც ბოლო პერიოდში აწარმოებს, მაგრამ მაინც დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას. მე არ მინდა წინასწარ პრევენციული განცხადებები გავაკეთო. თუმცა, არც იმის განცდა არ მაქვს, რომ სახდელებთან დაკავშირებული რეაგირება დადგენლი ნორმებით და პროცედურების დაცვით მოხდება, თუნდაც 7 დღის შემდეგ“, - განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება საზღვარგარეთ ბიძინა ივანიშვილის ქონებას თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას აღსრულების სამსახურმა, ბესელიას თქმით, იგი არ აპირებს მათთვის რეკომენდაციების მიწოდებას და კარნახს თუ რა მოქმედებები უნდა ჩაატაროს.

„ჩემი როგორც უფლებადამცველის, ადვოკატისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მხრიდან არ იქნება გონივრული მათ წავუკითხო, ის ნორმები თუ, როგორ უნდა იმოქმედონ. თუმცა, მათ ქმედებებსაც აქვს ფარგლები, რომელსაც არ უნდა გადაცდნენ. რაც შეეხება ივანიშვილის ქონებას საზღვარგარეთ მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ საქართველოს კანონმდებლობა და იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ბესელიამ.