ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს მიერ დაკისრებული მილიონების გადახდას არ აპირებს

ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს მიერ დაკისრებული მილიონების გადახდას არ აპირებს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე დღის წინ დაკისრებული ჯარიმების გადახდას არ აპირებს. ის აცხადებს, რომ მილიონებს არ გადაიხდის.

„თანხის გადახდას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, რამდენადაც ეს უკვე აბსურდია. თქვენ უნდა ნახოთ სასამართლოსა და ადვოკატების საუბრის ჩანაწერები - ეს არის ყველაზე საინტერესო. სასამართლო დავიდა „რეალტივის“, „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ თუ გინდ პირველი არხის დონეზე. როგორც ისინი ჭორაობენ, ისე ხდება სასამართლოშიც. მათი ტერმინოლოგიაც ლამის ერთმანეთს ემთხვევა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც ადვოკატები უსვამენ კითხვას, გვაჩვენეთ კავშირი რაღაც ორგანიზაციასა და ივანიშვილს შორის, მოსამართლე პასუხობს -ეს ხომ ყველამ იცის!

„რას ნიშნავს ყველამ იცის? - იურიდიულ პირთან მიმართებაში რომ სხვა კანონმდებლობა არსებობს და ფიზიკურთან - სხვა, არაფერს ნიშნავს?! კავშირებს ჭორებით ადგენენ, ისე, როგორც სააკაშვილის ტელევიზიები, რომლებმაც თავიანთი ტერმინოლოგია სასამართლოში გადაიტანეს. მოსამართლე ვალდებულადაც აღარ თვლის, თავს ადვოკატს აუხსნას ვითარება იურიდიულად, კანონის საფუძველზე. ხსნიან მარტივად - ეს ხომ ყველამ იცის, ეს ხომ მისი ძმაა, ამ კომპანიასთან ხომ ადრე ჰქონდა რაღაც ურთიერთობა. ეს ისეთი აბსურდია, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

შეკითხვის პასუხად, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ჯარიმებს არ გადაიხდის, აცხადებს, რომ ეს ხელისუფლებამ უნდა თქვას.

„ეს უნდა ვკითხოთ ხელისუფლებას - რას აპირებენ შემდგომში. მე მინდა დავაწყნარო საქართველოს მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ესენი აგონიაში ჩავარდნილი ხალხია და ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე პროცესი შემოაბრუნონ. ეს ხალხი აბსოლუტურ ისტერიკაშია. უფრო სწორად, ერთი კაცია ისტერიკაში და ის კარგად ხვდება, რომ ყველაფერი მიდის დასასრულისკენ, ლოგიკური დასასრულისკენ. ამიტომ, მას უნდა, რომ წინააღმდეგობა გაწიოს, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი განვითარდება ლოგიკურად და ერთი კაცი ვერ შეძლებს საქართველოს მოსახლეობის შეჩერებას“, - განაცხადა ივანიშვილმა.