[ნინო მიქიაშვილი]
საქართველოს საპატრიარქო ინტერნეტში და ქართულ გაზეთებში გამოქვეყნებულ ინტერვიუებსა და საგაზეთო სტატიებს, რომელიც 11 ივლისს სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება, სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და საზოგადოებას სთხოვა არ დაუშვან ეკლესიაში შფოთის შეტანა და მისი დასუსტება.
„ბოლო დროს ინტერნეტის და პრესის საშუალებით წმიდა სინოდის წევრებთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელი და არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. ეს არის ზოგიერთ შემთხვევაში მიზანმიმართული, ზოგჯერ კი გაუცნობიერებული ქმედება, რომელიც საბოლოო ჯამში ხალხის დაბნევას და მრევლში უნდობლობის დანერგვას ემსახურება.
მივმართავთ ჩვენს საზოგადოებას, არ აყვნენ ასეთ ქმედებებს, რადგან იგი ყურადღების სხვაგან გადატანის, ეკლესიაში შფოთის შემოტანის, მისი დასუსტების მცდელობაა და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოდან მოგვაწოდეს.
სინოდის სხდომიდან, ანუ 11 ივლისიდან დღემდე, ქართულ გაზეთებში არაერთი ინტერვიუ და სტატია დაიბეჭდა, სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც პარლამენტის მიერ, რელიგიური გაერთიანებებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას ეხება.
გამოქვეყნებულ სტატიებში არის სინოდის წევრების კომენტარებიც, რომელთაც ერთი საერთო აქვთ - ის სასულიერო პირები, რომლებმაც კომენტარები გააკეთეს, ირწმუნებიან, რომ 11 ივლისს, სინოდის სხდომაზე კენჭი არ უყრიათ იმ კანონის ავკარგიანობაზე, რომელიც პარლამენტმა 5 ივლისს მიიღო. ისინი ამტკიცებენ, რომ პატრიარქის ნების წინააღმდეგ არავინ წასულა, გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღეს და რომ არარეალურია იმის მტკიცება, რომ სინოდში ხმები 20-18-ზე, ან 20-17-ზე გაიყო.
ამასთან, სინოდის წევრები კომენტარებში მიუთითებენ იმაზე, რომ სინოდის სხდომაზე კენჭისყრა მხოლოდ ორ საკითხზე გაიმართა - კათალიკოს-პატრიარქის, ანტონ II (ბაგრატიონის) წმინდანად აღიარებაზე და იმაზე, უნდა მოესმინა თუ არა სინოდს ერთ-ერთი იურისტის მოსაზრება, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით.
სინოდის წევრთა განმარტებით, აზრთა სხვადასხვაობა სწორედ იმან გამოიწვია, უნდა მოესმინათ თუ არა იურისტისთვის, რომლის ვინაობა კომენტარებსა და საგაზეთო სტატიებში დასახელებული არ არის.