[ნინო მიქიაშვილი]
ბათუმში, 21 მაისს გამართული აქციის გამო დაკავებულთაგან ერთ-ერთის, ანზორ სოლომონიძის დედა, თამარ სოლომონიძე შვილს სთხოვს საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვას და ბოლომდე იბრძოლოს. დედის დაწერილი წერილის შინაარსი, რომელსაც უცვლელად ოდნავ ქვემოთ შემოგთავაზებთ, ადვოკატმა ირაკლი შავაძემ ბრალდებულს უკვე გააცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ვერა დოლიძე, 21 მაისს გამართული საპროტესტო აქციის გამო დაკავებულების საქმის განხილვას აგრძელებს. ამ წუთებში ბრალდების მოწმეების დაკითხვა გრძელდება.
გუშინ, 8 აგვისტოს, პროცესზე ჩვენც ვიმყოფებოდით, მაგრამ რადგან თბილისში უნდა წამოვსულიყავით, სხდომის დასრულებას ვერ დაველოდეთ და ამიტომ, ის, თუ როგორ დასრულდა გუშინდელი სხდომა, ტელეფონით გავარკვიეთ.
ზემოხსენებულ საქმეზე „ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარე, მურმან დუმბაძეც მოწმედ უნდა დაიკითხოს, ოღონდ, დაცვის მხარის მოწმედ. ამიტომ, ის სხდომებზე შედის და როცა ბრალდებულები შეჰყავთ, დარბაზს ტოვებს და პროცესის დასრულებამდე სასამართლოს შენობასთან დგას. როგორც მან გვითხრა, გუშინ სამი მოწმე დაიკითხა და მთლიანობაში, ბრალდების 50-მდე მოწმე უნდა დაიკითხოს, რომელთა შორის პოლიციელები და აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის თანამშრომლები არიან, რის შემდეგაც დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება.
7 ბრალდებულიდან ანზორ სოლომონიძე ერთ-ერთია. მას ირაკლი შავაძესთან ერთად რამინ პაპიძეც იცავდა, რომელიც მოსამართლე ვერა დოლიძემ 28 ივლისს გამართული სხდომიდან გამოაძევა. მას მანდატურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, სასამართლოს უპატივცემულობისთვის, პაპიძის დაპატიმრების ბრძანება გასცა. რამინ პაპიძე 8 ივლისს, ღამის პირველის ნახევარზე გაათავისუფლეს. მეორე დღეს ის სასამართლოში მივიდა, ოღონდ დარბაზში არ შესულა.
ბრალდებულმა ხვიჩა გამარჯვებაძემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, „მინდა, რომ პაპიძემ გააგრძელოს ჩემი დაცვაო“. ამ შუამდგომლობას სახაზინო ადვოკატებიც კი დაეთანხმნენ, მაგრამ პროკურორი ზვიად ფხაკაძე წინააღმდეგი წავიდა და მოსამართლემაც არ დააკმაყოფილა ბრალდებულ გამარჯვებაძის შუამდგომლობა. ასე რომ, პაპიძე ვეღარც გამარჯვებაძეს დაიცავს და ვეღარც სოლომონიძეს.
ანზორ სოლომონიძეს დედამ, თამარ სოლომონიძემ ასეთი შინაარსის წერილი მისწერა:
„ანზორ, როგორ ხარ შვილო? ვიცი, რომ ვერ ხარ კარგად, მაგრამ უნდა გაუძლო. მეტი გზა არ არის. არავითარ საპროცესოზე ხელი არ მოაწერო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს ვაჟკაცურ იერს დაკარგავ. არ შეცდე. ოჯახის დარდი ნუ გექნება, შენ ვაჯკაცური საქმე გააკეთე. ეს ქვეყანა ასე არ წავა, ღმერთით ყველაფერი შეიცვლება და ღმერთი შენსკენ იქნება. ძალიან კარგი ადვოკატი გყავს, შენთვის თავი გაწირული აქვს, ერთ პოზიციაზე იყავი. ვიცი, გიმძიმს, მაგრამ უნდა გაუძლო. მეც ნაკლებად არ მიმძიმს, ეს ყველაფერი. გისურვებ ჯანმრთელობას , გამაგრდი - „ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ვით ქვითკირსაო“. მე ვამაყობ ჩემი შვილით“.