საქართველო-რუსეთი: ისწავლეთ მეზობლობა

საქართველო-რუსეთი: ისწავლეთ მეზობლობა

[Crisis Group]

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რომელიც სამხრეთ ოსეთის რეგიონის გამო გაჩაღდა, სამი წელი გავიდა და საქართველოს და რუსეთს შორის სიტუაცია კვლავ მწვავდება. სტაბილურობის აღდგენისა და მყიფე და პოტენციურად ფეთქებადსაშიშ სიტუაციაში პოზიტიური დინამიკის ჩამოყალიბებისთვის, მოლაპარაკებები აუცილებელია. დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია და მხარეებმა ახლახანს შვეიცარიის შუამავლობით რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებაზე შეზღუდული მოლაპარაკებები დაიწყეს. მიუხედავად ამისა, მხარეებს აქვთ ისეთი საერთო ინტერესები, როგორებიცაა რეგიონალური უსაფრთხოების გაუმჯობესება, ვაჭრობა და ტრანსპორტი და ისინი მოლაპარაკებებს სწორედ ამ საკითხებზე უნდა აწარმოებდნენ, ნაცვლად ურთიერთბრალდებებისა და მტრული რიტორიკისა, რომელიც დიალოგის აღდგენას კიდევ უფრო ართულებს.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, კომუნიკაციის დეფიციტმა უნდობლობა კიდევ უფრო გააღრმავა. საქართველოსთვის რუსეთი ოკუპანტია, რომელიც მის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას არყევს. იმ დროს, როდესაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს სუვერენული საქართველოს ნაწილად განიხილავს, რუსეთმა ომის დასრულების შემდეგ ორივე რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. არსებული შეფასებებით, მოსკოვს ამ ტერიტორიებზე 7 000-დან 9 000-მდე სამხედრო, უსაფრთხოების და სასაზღვრო ძალები ჰყავს განთავსებული და ორივეგან აშენებს და აღადგენს მუდმივ სამხედრო ბაზებს, რითაც არღვევს 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. კონფლიქტის დროს დაახლოებით 20 000 უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს და ადმინისტრაციული საზღვრების (ABLs) გასწვრივ დღემდე უბედური შემთხვევები ხდება.

ჟენევის მოლაპარაკებებმა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა და რომლის მიზანიც უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება იყო, მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესს მიაღწია. უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინციდენტებზე ინფორმაციის გაცვლის მიზნით შეიქმნა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი (IPRM) საქართველოს, რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებს და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას (EUMM) შორის. თუმცა, მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმება უფრო სერიოზულ საკითხებზე, რისთვისაც ჟენევის ფორმატი შეიქმნა, კერძოდ დევნილების დაბრუნებაზე, ხოლო ისეთ ტოქსიკურ ატმოსფეროში როგორიც დღესაა, ეს მოლაპარაკებები შეიძლება კრახით დასრულდეს.

საქართველო აცხადებს, რომ აქვს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მის ტერიტორიაზე განხორციელებული აფეთქებების სერიაში მონაწილეობენ. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს, და მწირი მტკიცებულებების მიუხედავად მისი ზოგიერთი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი ამტკიცებს, რომ საქართველო საკუთარ შეიარაღებულ ძალებს აღადგენს და აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ემუქრება, ასევე ეხმარება რუსეთში აჯანყებულ რადიკალ ისლამისტებს. საქართველოს მთავრობამ ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებთან დაახლოების მიზნით გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა პროვოკაციის პრევენციისთვის მან ეს უნდა გააკეთოს მოსკოვთან თანამშრომლობით და არა მისი ნების წინააღმდეგ. ორმხრივი დავა ძალიან პერსონალიზირებულია. რუსეთის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან არ ითანამშრომლებს. ეს ეფექტი სხვა სფეროებზეც ვრცელდება. საქართველო ბლოკავს რუსეთის განაცხადს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. ჯაშუშური დაპატიმრებები საქართველოში ხელს უწყობს ქვეყნის შიგნით უნდობლობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, მაშინ როდესაც 2012 წლის საპარალამენტო არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები დროა დარჩენილი.

მხარეები დიდწლად შვეიცარელი დიპლომატების დახმარებით ურთიერთობენ. ბერნი უკვე არის შაუმავლი მსო-სთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და მზდაა ხელი შეუწყოს სხვა ისეთი საკითხების განხილვას, როგორებიცაა მაგალითად ვაჭრობა, ტრანსპორტი ან უსაფრთხოება. საქართველომ და რუსეთმა ომის შემდეგ ხელი მოაწერეს ტრანსპორტთან და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ შეთანხმებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს ბაზა თანამშრომლობის განვითარებისთვის იმ პირობებშიც, თუკი პოლიტიკური ნება შეზღუდულია. საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენებისა და ურთიერთობების ნორმალიზების ხანგრძლივი პროცესის დასაწყებად, მოსკოვმა და თბილისმა:

- უნდა დაიწყონ პირდაპირი მოლაპარაკებები, წინაპირობების გარეშე, მთელ რიგ საკითხებზე შუამავლის დახმარებით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება იყოს ორივესთვის მისაღები მესამე მხარე. ამან უნდა შეავსოს და არა შეცვალოს ჟენევის პროცესი;

- მოუკლონ აფეთქებებსა და ტერორიზმის მხარდაჭერაზე რიტორიკას და დათანხმდნენ ერთობლივ გამოძიებას, ან გამოძიებას, რომელსაც მესამე მხარე ჩაატარებს.

ამავდროულად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაციის გამოუმჯობესებისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ამ რეგიონების ირგვლივ, საერთაშორისო თანამეგობრობამ:

- უნდა განაგრძოს მოსკოვზე ზეწოლა, რათა ეს უკანასკნელი დაბრუნდეს 2008 წლის კონფლიქტამდელ პოზიციებზე, ხელი შეუწყოს დევნილების სახლებში დაბრუნებას და დაუშვას ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე; და მუწოდოს მხარეებს გაცვალონ ინფორმაცია თავიანთ უსაფრთხოების ძალებსა და მათ მოქმდებებზე ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ.

2011 წლის 8 აგვისტო. თბილისი/მოსკოვი/სტამბული/ბრიუსელი
foreignpress