თბილისის შემდეგ ადვოკატების სოლიდარობის აქცია ბათუმშიც გაიმართა

თბილისის შემდეგ ადვოკატების სოლიდარობის აქცია ბათუმშიც გაიმართა

[ნინო მიქიაშვილი ბათუმიდან]

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 21 მაისს გამართული აქციის გამო დაკავებულების პროცესი დღეს განახლდა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ხვიჩა გამარჯობაძემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, „დარბაზიდან გაძევებული ადვოკატი, რამინ პაპიძე დააბრუნეთ, საქმის დეტალებს კარგად იცნობს და მინდა სწორედ მან გააგრძელოს ჩემი უფლებების დაცვაო“. ამ შუამდგომლობას დანარჩენი ექვსი ბრალდებული და მათი უფლებების დამცველი ადვოკატები (მათ შორის სახაზინოებიც) დაეთანხმენენ.

 

პროკურორი ზვიად ფხაკაძე წამოდგა და ბრძანების კილოთი განაცხადა - „პროცესის მონაწილეების მიმართულებით არაკორექტულ გამონათქვამებს ჰქონდა ადგილი, პაპიძემ იგივე შეიძლება გაიმეოროს და ამიტომ, სხდომა უნდა გაგრძელდეს მისი მონაწილეობის გარეშეო“.

მოსამართლემ დაახლოებით იგივე თქვა, რაც პროკურორმა, როგორც ხდება ხოლმე, ზოგადად სასამართლოებში - პროკურორის პოზიცია გაიზიარა და ბრალდებულის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც დარბაზის პირველ რიგში მსხდომი 4 ადვოკატი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი (რომლებსაც სპეციალური თეთრი მაისურები ეცვათ) პროტესტის ნიშნად დარბაზიდან გავიდნენ.

ადვოკატი რამინ პაპიძე ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან 7-8 ივლისს, პირველის ნახევარზე გაათავისუფლეს. როგორც მან გვითხრა, საადვოკატო საქმიანობას თბილისში გააგრძელებს, რადგან ბათუმში მას ამის საშუალება ფაქტიურად მოუსპეს.

 

შეგახსენებთ, რომ რამინ პაპიძის დაკავების ბრძანება ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, 28 ივლისს გასცა - მას ბრალად დასდეს სასამართლოს შეურაცყოფა. მანამდე რამინ პაპიძე მოსამართლე ვერა დოლიძემ ჯერ დააჯარიმა, შემდეგ დარბაზიდან გაააძევა, რა დროსაც ადვოკატს მანდატურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ ამის გამო მანდატურისთვის პასუხი არავის მოუთხოვია.

„ობიექტივის“ კითხვაზე გააგრძელებს თუ არა წამებით მოკლული როინ შავაძის და მისი ოჯახის ინტერესების დაცვას, რამინ პაპიძემ განაცხადა, რომ შავაძეების ინტერესების დაცვას აუცილებლად გააგრძელებს და უახლოეს მომავალში, როინ შავაძის მკვლელობის საქმეს ევროპულ სასამართლოში გაგზავნის.

 

წინასწარი დაკავების იზოლატორთან ადვოკატებმა, მათი ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის ორგანიზებით სოლიდარობის აქცია გამართეს - ისინი პაპიძეს დახვდნენ სპეციალური თეთრი მაისურებით, რომელზეც ხელბორკილია გამოსახული და ამასთან, ქართულ და ინგლისურ ენებზე აწერია - შეწყდეს ადვოკატების დევნა სააკაშვილის რეჟიმისაგან.

 

სპეციალურად რამინ პაპიძის დასახვედრად თბილისიდან ბათუმში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელი, ეკა ბესელია ჩამოვიდნენ. სოლიდარობის აქციაში ადვოკატებთან ერთად უფლებადამცველები, პოლიტოლოგები და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ: მურმან დუმბაძე, ასლან ლორთქიფანიძე, ლადო მგალობლიშვილი, მედეა ვასაძე... მედიასაშუალებებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორთან გამართული აქცია გააშუქეს: „ტვ25“-მა, აჭარის ტელევიზიამ, რადიო „თავისუფლებამ“ და „ობიექტივმა“.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 21 მაისის აქციის გამო დაკავებულების პროცესი 11 საათზე იყო ჩანიშნული, მაგრამ 12.46 წუთზე დაიწყო. დაგვიანების მიზეზი არავის განუმარტავს. სხდომაზე ბათუმელი ადვოკატები და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი სპეციალური თეთრი მაისურებით მივიდნენ. ბრალდებულების უფლებების დამცველი ადვოკატებიდან ერთ-ერთს, ირაკლი შავაძესაც წარწერიანი თეთრი მაისური ეცვა.

 

შვიდი ბრალდებულიდან ერთ-ერთმა, ტარიელ ფუტკარაძემ აღიარებითი ჩვენება მისცა. პროცესის დაწყებამდე დარბაზში მსხდომი ბრალდებულების ახლობლები და ნათესავები ფუტკარაძეს დაბალ ხმაზე წყევლა-კრულვას უთვლიდნენ - „გამყიდველო, არაკაცოო“. ფუტკარაძე ბრადებულია, მაგრამ განსასჯელის სკამზე არ ზის - პროცესებზე სახლიდან დადის, რადგან, როგორც ბათუმელმა უფლებადამცველებმა განგვიმარტეს, მოსამართლემ იმიტომ გაათავისუფლა, რომ დაკავების დროს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდაო. ფუტკარაძეს ვიზუალურად საამისო არაფერი ემჩნეოდა - მაღალი, ჩაფსკვნილი, ჯანმრთელი ადამიანის ფერით. 

 

მაშინ, როცა 7 ბრალდებულიდან ერთ-ერთს, ვახტანგ სიორიძეს შეუიარაღებელი თვალითაც ემჩნევა, რომ ჯანმრთელობა სერიოზულად აქვს შერყეული - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ინტელექტდაქვეითებული, მეორე ჯგუფის ინვალიდია. ამასთან, მეუღლე ავთვისებიანი სიმსივნით ჰყავს დაავადებული და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს გასაზრდელი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 21 მაისს დაკავებულების პროცესს ესწრებოდნენ საზოგადოებრივი  ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ თანათავმჯდომარე, ავთო ბერიძე, „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი. სხდომაზე დასწრება უნდოდა, მაგრამ ამის უფლება არ ჰქონდა ეკა ბესელიას და მურმან დუმბაძეს. პირველი მათგანი ვერა დოლიძემ 28 ივლისს გამოაძევა სხდომიდან, ხოლო მურმან დუმბაძე მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხოს.