[atimes.com მ. ქ. ბჰადრაკუმარი]
ყველასთვის ცხადია, რომ რუსულ-ამერიკული „გადატვირთვა“ ვარდნას განიცდის. ნაკლებად ცხადია ის, თუ რა ცოტა რამ ყოფილა საჭირო ამისთვის. როგორც ჩანს, სადღაც აუცილებელი ფერმენტების გამომუშავება შეწყდა და ორი დიეტოლოგის (პრეზიდენტების ბარაკ ობამას და დიმიტრი მედვედევის) რეცეპტით მომზადებული საკვების გადამუშავება ვეღარ ხდება
იმაზე, თუ რა ცუდადაა „გადატვირთვის“ საქმე, ბევრი რამ მიუთითებს. გასულ თვეში ვაშინგტონმა ცივი ომის სულისკვეთების ნაბიჯი გადადგა – „სავიზო შავ სიაში“ დაახლოებით 60 რუსი ჩინოვნიკი შეიყვანა, რომლებიც მისი აზრით, 2009 წელს მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში ამერიკული იურიდიული კომპანიის თანამშრომლის მოულოდნელ დაღუპვასთან არიან დაკავშირებულები.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაიმუქრა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს. ამას მოჰყვა ამერიკულ პრესაში ინფორმაციის „გაჟონვა“ იმის შესახებ, რომ თბილისში (საქართველოს დედაქალაქი) ამერიკის საელჩოსთან მომხდარი აფეთქების საქმეში რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი მონაწილეობდა.
გასულ პარასკევს, ამერიკის სენატმა მიიღო მკაცრი რეზოლუცია, რომელშიც ვაშინგტონმა კვლავ მოსთხოვა მოსკოვს საქართველოსგან გამოყოფილი, სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიების დეოკუპაცია და თბილისთან ურთიერთობის მოგვარება. მოსკოვმა ამას ანალოგიური რიტორიკით უპასუხა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია:
„29 ივლისს სენატის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია გაცვეთილი ფირფიტის შთაბეჭდილებას ქმნის. ის მთელი რიგი კლიშეებისა და შტამპების კრებულია… საქართველოს ტერიტორიაზე არც ერთი რუსი სამხედრო არ იმყოფება. რეგიონში რუსეთის სამხედრო კონტინგენტი განთავსებულია, მაგრამ ისინი რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიებზეა… ამგვარად, განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული, როგორც ფაქტობრივ, ასევე იურიდიულ საფუძვლებს მოკლებულია, ხოლო აღნიშნულ თემაზე ამერიკის სენატორების განცხადებები მოწმობს ან საერთაშორისო სამართლის არ ცოდნას, ან ფაქტების სრულ უგულებელყოფას. ეს ყველაფერი დამაჯერებლად მოწმობს იმას, რომ აღნიშნული რეზოლუცია – არაფერია თუ არა პიარში ვარჯიში“.
რუსეთი ისე იქცევა, თითქოს მიმდინარე მოვლენებთან ობამას კავშირი არა აქვს და ეს მხოლოდ ცალკეული, ცივი ომის მენტალიტეტის მქონე ამერიკელი სენატორების გამოხტომებია. მიუხედავად ამისა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ვაშინგტონი შეგნებულად ამღვრევს წყალს მოსკოვთან ურთიერთობაში. შესაძლოა აშშ-ს სურს კიდეც ამ ურთიერთობების ოდნავ გაფუჭება შავი ზღვის რეგიონში ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემის (ABM) განთავსების წინ, რაც მოსკოვისთვის ყველა შემთხვევაში დარტყმა იქნება.
ოთხშაბათს მედვედევმა ობამას დაურეკა და დიეტოლოგებმა მოითათბირეს. მედვედევს ობამაზე უარესი სიტუაცია აქვს, რადგან „გადატვირთვის“ კრახი შეიძლება მისი პრეზიდენტობის სიმბოლოდ იქცეს და ხელი შეუშალოს მას, თუკი ის გადაწყვეტს პრეზიდენტად მეორე ვადით კენჭისყრას. რთულ სიტუაციაში შეიძლება ობამაც აღმოჩნდეს, რადგან რუსეთთან ურთიერთობა სწორედ ის სფეროა, რომელსაც ის საგარეო პოლიტიკურ წარმატებად მიიჩნევს. თუმცა მედვედევისგან განსხვავებით, მისთვის „გადატვირთვა“ მაინც პერიფერიული თემაა და მას ეს ესმის. მისთვის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი არგუმენტი იქნება მისი როლი ამერიკის ეკონომიკის გაჯანსაღებაში.
ეს „უთანასწორობა“ თვალშისაცემია, თუკი ოთხშაბათის სატელეფონო საუბრის შინაარსის სხვადასხვა ვერსიებს განვიხილავთ. კრემლი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტებმა „დეტალურად განიხილეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესი“ და კმაყოფილი აღნიშნავს, რომ „მოლაპარაკებებში არსებითი პროგრესის მიღწევას ხელი შეუწყო ორივე მხარის იმპულსებმა“.
„ამ მხრივ ხაზგასმულია, რომ პრიორიტეტული ამოცანის – რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიმდინარე წლის ბოლომდე გაწევრიანება – გადაწყვეტა აბსოლუტურად რეალურია. ამ მიმართულებით ორი ქვეყნის ლიდერებმა მუშაობის კოორდინაციასა და სტიმულირებასთან დაკავშირებულ შემდგომ ნაბიჯებზე ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს“ – აღნიშნულია კრემლის ოსტატურად შედგენილ განცხადებაში, რომელიც აშკარად ცდილობს იმის ხაზგასმას, რომ „გადატვირთვა“ წარმატებით მიმდინარეობს და ობამამ შობის დღესასწაულისთვის რუსეთს მსო-ში გარანტირებული გაწევრიანების პირობა მისცა.
საინტერესოა, რომ საინფორმაციო სააგენტო Xinhua, პრეზიდენტების საუბართან დაკავშირებულ ცნობაში თეთრი სახლის ვერსიას ეყრდნობა, რომლის თანახმად, მედვედევმა ობამას დაურეკა, რათა მისთვის დაბადების დღე (50 წლის იუბილე) მიელოცა და მასთან „რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები“ განეხილა.
თეთრი სახლი დასძენს, რომ ორმა ლიდერმა „ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს“, რომლის მიღწევაც ბოლო დროს გახდა შესაძლებელი და ობამამ ისაუბრა რუსეთისთვის მსო-ს სხვა წევრებთან ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე დარჩენილი საკითხების გადასაწყვეტად, რათა წლის ბოლოს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს“.
სწორედ აქ არის ფანდი. ობამას, რა თქმა უნდა ესმის, რომ „მსო-ს სხვა წევრებში“ საქართველოც შედის და თბილისი (უდაოდ ცივი ომის ამერიკელი ქომაგებისგან წაქეზებული) დათმობაზე არ წავა მანამ, სანამ ორ გამოყოფილ რეგიონს არ დაუბრუნებენ. ამერიკის პრეზიდენტმა ისიც შესანიშნავად იცის, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას ბლოკავს.
ამგვარად, ობამა ფაქტობრივად ურჩევს მედვედევს ყური დაუგდოს სენატის რეზოლუციას და თბილისის მოთხოვნებს დაჰყვეს. სენატთან დაპირისპირება, სადაც რესპუბლიკელები ბატონობენ, მას ან არ შეუძლია, ან ამას არ აპირებს (ან ორივე ერთად).
მოსკოვში ობამას რჩევა უმალ გაიგეს. ხუთშაბათს, მედვედევმა რუსულ და ქართულ მედიასთან საუბარში განაცხადა: „საქართველოს ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვს… ჩვენ მას პატივს ვცემთ, თუკი საუბარია პოზიციაზე, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებითაა ნაკარნახევი: ვაჭრობა, პრეფერენციები, საბაჟო რეჟიმები – ყველაფრის განხილვისთვის მზად ვართ“.
ამავდროულად მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის მიუღებელია სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის პოლიტიკური რეალიების შეცვლის მცდელობები: „ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ დავთანხმდებით და აქ მსო-ც კი ვერ იქნება ის ფასი, რომლის გადახდაც შეიძლება“.
საინტერესოა, რომ სააგენტო „იტარ-ტასთან” ინტერვიუში ობამამ რუსეთს არა პოლიტიკაზე, არამედ ეკონომიკაზე ფოკუსირება ურჩია: „ჩვენ ძალიან წარმატებული პარტნიორობა ჩამოგვიყალიბდა „გადატვირთვის“ თვალსაზრისით. რაც შეეხება შემდგომ წინსვლას, მე მიმაჩნია, რომ გასაღები აქ ეკონომიკაა“.
ობამამ ეს პრაქტიკული რჩევა მედვედევს მაშინ მისცა, როდესაც ჯერ 48 საათიც კი არ იყო გასული პრემიერ-მინისტრ პუტინის განცხადებიდან, რომელმაც აშშ მსოფლიო ეკონომიკის „პარაზიტად“ მოიხსენია.
რა თქმა უნდა, ობამას უნდა რომ რუსეთის უზარმაზარი ბაზარი ამერიკული კომპანიებისთვის გაიხსნას – ეს აშშ-ს ფულს მოუტანდა და ამერიკელებისთვის ახალ სამუშაო ადგილებს შექმნიდა. მან იცის, რომ Goldman Sachs-ს რუსეთი მიმდინარე სიტუაციაში ინვესტიციებისთვის საუკეთესო მიმართულებად მიაჩნია და რომ BRICS-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ-აფრიკა) კამპანიაში ივანე მაგარ ბიჭად ითვლება, უფრო მაგარ ბიჭადაც კი ვიდრე – ლი.
რუსეთის აზრით კი ეკონომიკას ყოველთვის თან ახლავს, ძველი კეთილი პოლიტიკა, თუმცა ABM-ის რაკეტების გაჩენა შავი ზღვის რეგიონსა და კავკასიაში – რუსეთის უსაფრთხოებისთვის წვრილმანი საქმე ნამდვილად არ არის. ჰორიზონტზე ღრუბლები მოსჩანს.
ABM-ის რაკეტები, რომელთა განთავსებაც სავარაუდოდ იგეგმება, რუსეთის სტრატეგიულ ძალებს არ ემუქრება. „ისკანდერ-М“-ის რაკეტებს ისინი ვერაფერს დააკლებენ, თუმცა 2015-2016 წლებისთვის აშშ ახალი გამანადგურებლების შემუშავებას გეგმავს, რომლებიც შესძლებენ სამიზნეების გაუვნებელყოფას 1500 კილომეტრის რადიუსზე და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების (ICBM) განადგურებას გაშვების მანძილით 6 000 კილომეტრამდე.
ეს შესაძლოა პრობლემად იქცეს რუსეთის ევროპულ ნაწილში განთავსებული რუსული სარაკეტო ნაწილებისთვის. მათი ICBM-ები „ვერ მოასწრებენ გაქანების დასრულებას, საფეხურების გამოყოფას, საბრძოლო ბლოკების განცალკევებას და კომპლექსის ნაწილების ამოქმედებას ABM-ის დასაძლევად“ – წერს „გაზეთ „არგუმენტი ნედელის” ექსპერტი.
გარდა ამისა, რუსეთს აწუხებს ABM-ის სარადარო სადგურების განთავსება და ABM -ის რამდენიმე გამანადგურებლის შექმნასთან დაკავშირებული აშშ-ს გეგმები.
რა თქმა უნდა, რუსული ICBM-ები, რომლებიც აშშ-ზე ჩრდილოეთ პოლუსიდანაა დამიზნებული, ნაკლებად მოწყვლადია, რადგან გამანადგურებლებს „მათი დევნა უხერხული პოზიციიდან მოუწევთ“, თუმცა რუსი ანალიტიკოსი აღნიშნავს: „დიახ, დღეს და შეიძლება ხვალაც, ისეთი გამანადგურებლები, რომლებიც დაეწეოდნენ ICBM-ს, არ არსებობს. ზეგ შეიძლება გაჩნდეს“.
როგორც სჩანს, ვაშინგტონი მიხვდა, რომ ამ საკითხში რუსეთის ორივე ლიდერს (მედვედევს და პუტინს) ერთნაირი პოზიცია აქვს.
ჩვენს დროში პოლიტიკურ თამაშს ნებისმიერი მეთოდებით აწარმოებენ. ორი კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც მიმზიდველმა მოსკოველმა გოგონებმა პირობა დადეს, რომ პუტინისთვის გაიხდიან და ახლა მსგავსი ფორმით სამმა ეფექტურმა ახალგაზრდა ქალმა აღუთქვა მედვედევს მხარდაჭერა. ორშაბათს ინტერნეტში ვიდეო რგოლი გამოქვეყნდა, რომელშიც ორი გოგონა მაღალქუსლიან ფეხსაცმელში მოსკოვის ერთ-ერთ პარკში მიაბიჯებს და ამბობს – „ჩვენ ვართ ჯგუფიდან „მედვედევი – ჩვენი პრეზიდენტია!“ დაგვიძახეთ „Medvedev Girls“ . დიმიტრი ანატოლიევიჩისთვის ყველაფერზე წავალთ“.
შემდეგ, ხუთშაბათს, ცივი ამინდის მიუხედავად, მოსკოვის ცენტრში სამი ახალგაზრდა ქალი ლამის ბოლომდე გაშიშვლდა მედვედევის და მისი ლუდთან ბრძოლის კამპანიის მხარდასაჭერად. „ფოტო და ვიდეო კამერებით გარშემორტყმულები, ისინი გამვლელებს ლუდის ვედროში ჩასხმას სთავაზობდნენ. რამდენჯერაც ალკოჰოლი კედლებზე სპეციალურად მონიშნულ ზღვარს უახლოვდებოდა, ისინი ტანსაცმლის თითო სამოსს იხდიდნენ“ – იუწყება Reuters. დასავლეთის მედიაში ყველაფერ ამას რუსეთის პოლიტიკურ სისტემაზე დაცინვის კორიანტელი მოსდევს.
ჯერ-ჯერობით უცნობია ის, თუ ვინ დგას ამ ინიციატივების უკან, რომელიც თითქოს ქვეყნის ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში „ვ კონტაკტე“ გაჩნდა. რუსეთში უკვე ბევრი ეჭვობს იმას, რომ ამ მშვენიერ გოგონებს, ისევე როგორც ABM-ის გამანადგურებლებს შავ ზღვაზე „რუსეთის მიღმა ფესვგადგმული“ „მესამე ძალა“ უჭერს მხარს და ამით ცდილობს „კონფლიქტის პროვოცირებას“ კრემლის დაჯგუფებებს შორის.
ელჩი მ.ქ. ბჰადრაკუმარი – წარსულში ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატი. ის მუშაობდა საბჭოთა კავშირში, სამხრეთ-კორეაში, შრი-ლანკაში, გერმანიაში, ავღანეთში, პაკისტანში, უზბეკეთში, ქუვეიტსა და თურქეთში.
foreignpress.ge