ცენტრალური აზია და კავკასია: ინტერნეტ-ცენზორთა ტაქტიკა და მეთოდები

ცენტრალური აზია და კავკასია: ინტერნეტ-ცენზორთა ტაქტიკა და მეთოდები

[eurasianet.org რიჩარდ ვაიცი]

ცენტრალური აზიისა და კავკასიის ავტორიტარული სახელმწიფოები სულ უფრო აქტიურ ნაბიჯებს დგამენ ინტერნეტის ქსელთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვისკენ, აღნიშნავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი. პასუხად, შეერთებული შტატები თანხებს გამოყოფს ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაზე, რომელიც დაუპატიჟებელი ზედამხედველებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობას ქმნის; აფინანსებს ქსელის მომხმარებელი აქტივისტების მომზადების პროგრამებს და გამოდის დიპლომატიური ინიციატივებით, რომლებიც მიმართულია „იმ მთავრობათა გლობალური კოალიციის შექმნისკენ, რომლებიც მხარს უჭერენ თავისუფლებას ინტერნეტის ქსელში“.

დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დენიელ ბაერმა ინტერნეტის ქსელში ინფორმაციის თავისუფალი ნაკადის უზრუნველყოფას უწოდა ერთ-ერთი საკვანძო ამოცანა ამერიკული დიპლომატიისა, რომელიც „ისეთ საყოველთაო და უმნიშვნელოვანეს უფლებებს ეფუძნება, როგორებიცაა სიტყვის, შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლება“. ეს განცხადება მან 15 ივლისს ვაშინგტონში აშშ-ს ჰელსინკის კომისიის „თავისუფლება ინტერნეტის ქსელში ეუთოს წევრი-ქვეყნების ტერიტორიაზე“ მოსმენებზე გააკეთა.ჰელსინკის კომისია, რომელიც აშშ დამოუკიდებელი სახელმწიფო სააგენტოა, მონიტორინგს უწევს ეუთოს წევრი-ქვეყნების მხრიდან ჰელსინკის 1975 წლის თათბირის დასკვნითი აქტის მოთხოვნების და ეუთოს წინაშე აღებული სხვა ვალდებულებების შესრულებას.

კომისიის ზოგიერთმა წევრმა წევრმა ვერ აიძულა ბაერი კონკრეტული სახელები და გვარები დაესახელებინა, მაგრამ ამ უკანაკსნელმა აღნიშნა, რომ ამ სფეროში ყველაზე აქტიურ ზომებს ცენტრალური აზიის სახელმწიფოები მიმართავენ. „ინტერნეტის ქსელის ცენზურა კიდევ უფრო აძლიერებს სიტყვის თავსიუფლებისა და სხვა ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვას, რაც აბრკოლებს ცენტრალური აზიის ამ სახელმწიფოთა წინსვლას პროგრესის და განვითარების გზაზე“, – აღნიშნა მან.

ბაერმა პრობლემურ სახელმწიფოთა შორის თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი დაასახელა. მან გააკრიტიკა მოსკოვი და ბაქო სხვადასხვა რეპრესიული მეთოდების გამოყენების, მათ შორის იმ ბლოგერების ფიზიკური და სასამართლო დევნისთვის, რომლებიც მწვავე თემებს აშუქებენ. ხოლო თურქეთს აშშ-მ იმის გამო უსაყვედურა, რომ ეს უკანასკნელი ინტერნეტ-კონტენტის გაფილტვრის გეგმის რეალიზაციას ცდილობს.

წელს, აზერბაიჯანის ხელისუფლება ქსელში გაზაფხულის ანტისამთავრობო დემონსტრაციების ორგანიზატორთა კომუნიკაციას უთვალთვალებდა. „ქსელში არსებული კომენტარების მიხედვით, ამ აქტივისტებიდან ზოგიერთი აქციების ორგანიზატორებად მიიჩნიეს. აღნიშნული მოვლენების შემდეგ ისინი დააპატიმრეს“, – აღნიშნა ბაერმა.

როგორც ჰელსინკის კომისიის წევრებს ტორონტოს უნივერსიტეტის გლობალური უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა რაფალ როგოზინსკიმ უამბო, ინტერნეტის ქსელის ცენზურისთვის მთავრობები სულ უფრო დახვეწილ მეთოდებს იყენებენ. მისი თქმით სულ უფრო ხშირად გამოიყენება DoS-თავდასხმები, როდესაც გვერდის ვიზიტორთა დიდი რაოდენობა სერვერის დასაშვებ დატვირთვას აჭარბებს და სისტემა ითიშება. ექსპერტის თქმით, ზოგიერთი მთავრობა სისტემატიურ ჰაკერულ თავდასხმებს ახორციელებს უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ოპოზიციის ვებ-გვერდების წინააღმდეგ, ასევე აზიანებს მათ მავნე პროგრამებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ინტერნეტის ქსელში თავისუფლების უზრუნველყოფის საქმეში ღვაწლისთვის „აშშ-ს მთავრობა განსაკუთრებულ მადლობას უხდის მედიის თავისუფლების საკითხში ეუთოს წარმომადგენელს დუნია მიატოვიჩს და მისი აპარატის თანამშრომლებს მათი დაუღალავი შრომისთვის“. როგორც 8 ივლის გამოქვეყნებულ ანგარიშში თავად დუნია მიატოვიჩი აღნიშნავდა, ინტერნეტის ქსელთან ხელმისაწვდომობა შეტანილ უნდა იქნას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ჩამონათვალში. „ზოგიერთმა მთავრობამ ინტერნეტის ქსელთან ხელმისაწვდომობა უკვე მიაკუთვნა ადამიანის უფლებებს. აუცილებელია ამ ტენდენციის მხარდაჭერა და მისი განმტკიცება, როგორც 21-ე საუკუნის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უმნიშვნელოვანესი ელემენტისა“, – განაცხადა ეუთოს წარმომადგენელმა ანგარიშის გამოქვეყნებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.

15 ივლისს დუნია მიატოვიჩი ვაშინგტონის მოსმენებზეც გამოვიდა. მან ისაუბრა ნორმატიულ ბაზასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მათ შორის ბუნდოვან ტერმინებზე, რომელიც ხელისუფლებას ინტერნეტის ქსელში ლეგიტიმური კომუნიკაციის ჩახშობის შესაძლებლობას აძლევს. მიატოვიჩმა მთავრობები იმისთვისაც გააკრიტიკა, რომ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე ისინი ზედმეტად ზღუდავენ ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას: „მედიის და სიტყვის თავისუფლების გარეშე უსაფრთხოება არ არსებობს, და არ არსებობს სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება უსაფრთხოების გარეშე“, – ხაზგასმით აღნიშნა მან და მოუწოდა ეუთოს წევრ-ქვეყნებს მიბაძონ ფინეთს და ესტონეთს, რომლებმაც ინტერნეტის ქსელთან ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლებების სიაში შეიყვანეს.

15 ივლისს კიდევ ერთი გამომსვლელის, უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის პრეზიდენტის დევიდ კრამერის თქმით, ამერიკულ კომპანიებს შეუძლიათ მსოფლიოში სიტყვის თავისუფლების განმტკიცებას იმით დაეხმარონ, რომ განსაზღვრონ, დაეხმარება თუ არა ამა თუ იმ ტექნოლოგიის მიყდვა უცხოური ქვეყნების მთავრობებს ინტერნეტის ქსელთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვაში. დევიდ კრამერმა იმ ქსელური ტექნოლოგიების საექსპორტო გაყიდვებზე, რომელთა გამოყენებაც ქსელთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვისთვის შეიძლება, კონტროლის სისტემის შექმნისკენ მოუწოდა.

foreignpress.ge