[სანტიაგო გაუჩო]
ქართველები თავისებური წეს-ჩვეულებების მატარებელი ხალხი ვართ და უცხოეთში ყოფნისას, სხვადასხვა თავშესაქცევ ისტორიებშიც ხშირად ვვარდებით. გამონაკლისს არც მსახიობები წარმოადგენენ. ამ პროფესიის ხალხს საზღვარგარეთული თავგადასავლების შესახებ მრავალი გასახსენებელი გააჩნია.
სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობი დავით მჭედლიძე ერთ სახალისო შემთხვევას ხშირად იხსენებს:
„გასტროლები გვიმთავრდებოდა კუბაში. ორი დღეც და სახლში ვბრუნდებოდით. მოგეხსენებათ, იმ ძველი ინსტრუქტაჟის ამბები. აკრძალული გვქონდა მარჯვნივ და მარცხნივ გახედვა, დალევა – არა, გართობა – არა, ქალები – არა.
არადა, ქალები დადიოდნენ, მაღლები, შხვართები, შოკოლადისფერები, თვალებბრიალები. მოკლედ, სამი ვაჟკაცი ვდგავართ სასტუმროს წინ, ხან ერთი მანქანა გააჩერებს ქალებით სავსეს, ხან – მეორე, გვიკრავენ თვალს – ბამოს კონ მიგო (წამოდი ჩემთან, მეგობარო), ჩვენ ხელებს ვასავსავებთ გულზე. ასე გავუშვით ულამაზესი ქალებით სავსე ხუთამდე მანქანა, გააჩერა მეექვსე მანქანამ, გადმოყო ერთმა „დასაწვავმა“ თავი და გვეძახის – წამოდითო, თან უკან ორი ულამაზესი „შოკოლადკა“ უზის. ჩვენ გადავხედეთ ერთმანეთს, ჯანდაბას, რაც იქნება, იქნებაო, ჩავსხედით და გავყევით. მიდის მანქანა და მიდის ვაჭრობა, არა ამდენს მოგცემ, არა – იმდენსო. ქალაქიდან კარგა შორ მანძილზე გავედით, ქალები თანხას უწევენ თანდათან. ჩვენ კი ფული იმდენი აღარ გვაქვს, გროშებს ვითვლით, რაც გვაქვს, სულ უნდა დავხარჯოთ და ვწუწუნებთ.
ჩვენი ერთი მეგობარი მეგრელი იყო, უყურებს ის ერთ-ერთ გოგოს და აღფრთოვანებას ვერ მალავს: - ხოხ, სენიორა, ხოხ! ისიც უჟუჟუნებს თვალებს და აგიჟებს ამ საწყალს. მივედით სადღაც ტყეში, მძღოლმა დაასიგნალა, აიწია რაღაც უზარმაზარი ბრეზენტის ფარდა, გამოჩნდა სამსართულიანი გაჩახჩახებული შენობა. გადმოვედით, გოგონები გვეუბნებიან, ოთახის და სალაროს ფული წინასწარ მოგვეცითო. ჩვენც შევაკოწიწეთ როგორც იქნა. ახლა ტაქსის ფულიც გადასახდელიაო და ათი პესოც იმაზე „აგვწაპნეს“. ცოტა გვერდზე მიდექით და დაგიძახებთო, გვითხრეს. ჩვენც განზე მდგარი პალმებისკენ გავიწიეთ. ეს გოგოები უცბად მოწყდნენ ადგილს, ჩასხდნენ მანქანაში და გავარდნენ. ჩვენ დავრჩით პირღიები, სახლში სინათლეები ჩაქრა, ბრეზენტი ჩამოეფარა და დავრჩით ტროპიკულ ტყეში პალმებისა და გვიმრების ამარა, ეს სამი მოტყუებული ყაზილარი.
რა ვქნათ? საით წავიდეთ? – მარჯვნივ, მარცხნივ თუ პირდაპირ – აღარ ვიცით. უკუნი სიბნელეა, ჩავკიდეთ ერთმანეთს ხელი და ნელ-ნელა, ბორძიკით როგორღაც გამოვედით ტრასაზე. მანქანის ჭაჭანება არ არის, ღამის ოთხი საათია. როგორც იქნა გამოიარა ერთმა დანჯღრეულმა სატვირთო მანქანამ, გავაჩერეთ: - ჰავანა? – ვეკითხებით.
- სი, სი (დიახ) ჰავანა! ჩვენც ავძვერით მისაბმელზე და რაღაცა მაგარზე დავერეხვეთ, ქალაქამდე გვერდებგამოთქვეფილები ჩავედით. ეს ჩვენი მეგრელი მეგობარი საერთოდ სიტყვაძუნწი ვინმე იყო და აღშფოთების ნიშნად, ეს რა გვიყვეს კუბელმა ქალებმაო, წამოისროლა: - ხოხ, სინიორინებო, მაგალითად!
- ხოხ კი არა, ბიჭო, ვავა, ვავა, რავა გაგვაცუცურაკეს ამათი კუბელი დედაც – თქვა ჩემმა მეორე მეგობარმა.
მართლაც ვავა! კაპიკი ფული არ გვიჭყაოდა ჯიბეში, გაღლეტილები ვიყავით უსაშველოდ. სასტუმროში რომ მივედით და ჩვენი გადაგდების ამბავი მოვყევით, მეგობრებმა გვაჩუქეს ფული, სახლამდე შიმშილით რომ არ მოვმკვდარიყავით“.
სადაურსა სად წაიყვანო და ქართველი ჟურნალისტი მამუკა არეშიძე შორეულ კამბოჯაში ერთ თანამემამულეს გადააწყდა.
„1990 წელს გადაცემა „საღამო მშვიდობისა“ რომ დაიხურა, „ოსტანკინოს“ კორესპონდენტი გავხდი და კამბოჯაში მომიწია წასვლა. სამი ძალა ომობდა ერთმანეთში - მონარქისტები, წითელი კხმერები და სამთავრობო ჯარი. მე სამთავრობო ჯარს დავყვებოდი. ერთხელაც შუა ჯუნგლებში ვართ, გახურებული ომი მიდის. ახალი ნაწილი მოიყვანეს. დაბალი ოფიცერი მოჰყვათ. კამერა ავიღე, მძაფრ ეპიზოდებს ვიღებ და შევნიშნე, რომ ჩემი ოპერატორი იმ ოფიცერს რაღაცას ელაპარაკება. მივუშვირე კამერა, უცებ ოფიცერმა ჩემკენ გამოიხედა და ძარღვიანი ქართულით მეკითხება:
- შენ რა გქვია, ჩემი ძმა?
კამერა ლამის ხელიდან გამივარდა, მოსასულიერებელი გავხდი.
- ქართველი ხარ? – ძლივს ამოვიღე ხმა.
- კი, თბილისელი. ქვეყანაში დარჩენა აღარ მინდოდა. თუ სროლაა, ისევ სჯობია კამბოჯელს ვესროლო, ვიდრე ქართველს“.
ბატონი მამუკა არეშიძის შემდეგ სიტყვა კვლავ დიდ „მოგზაურს“, ფილარმონიის მსახიობ დავით მჭედლიძეს გადავცეთ.
„- 1976 წელია. მივდივართ თურქეთში საგასტროლოდ. წასვლის წინ ჩაგვიტარეს ინსტრუქტაჟი, დაგვარიგეს, როგორ მოვქცეულიყავით, რა გვეთქვა, რა არ გვეთქვა ჩვენს ქვეყანაზე, ყოფა-ცხოვრებაზე.
თან წავიღეთ უამრავი საჭმელი, ნატურალური თუ კონსერვის სახით. არ გვინდოდა გასტროლზე აღებული ხელფასის დახარჯვა, რადგან ყოველი ჩვენგანი ფიქრობდა, რამე შეეძინა თავისთვის, ახლობლებისათვის, ან აღებული ფულით აქ გვეყიდა რამე. ამიტომაც ორმაგად დაზურგულები წავედით, ისე რომ, ორი დღის პურიც კი გავიყოლეთ თან. მე სხვადასხვა კონსერვთან ერთად სამი „სერველადის“ ძეხვიც ჩავდე ჩანთაში. მოვიარეთ ირანი, ავღანეთი და ჩავედით თურქეთში, გავჩერდით ართვინში.
დავჯექით საჭმელად. კონსერვებთან ერთად ამოვიღე ძეხვი და რას ვხედავ? ძეხვს ობი აქვს მოკიდებული. ამხანაგს ვეუბნები: - რა ვუყო ახლა ამას-მეთქი?
- გადააგდე, თუ ძმა ხარ, არ მოვიწამლოთო.
მომერიდა, ამხელა ძეხვი როგორ გადამეგდო, დამლაგებელი ისედაც გაგიჟებული იყო, ნომრიდან ყოველდღე იმდენი ნაგავი გაჰქონდა კონსერვების სახით. მეც ვნახე გამოსავალი, ძეხვი გავახვიე ქაღალდში, გავედი სანაპიროსკენ, იქვე ბორდიური დავლანდე, ვტკუცე და ბუჩქში შევჩურთე გახვეული ძეხვი.
დავბრუნდი ნომერში და ბიჭებთან დავიწუწუნე, ამხელა გზაზე ნატარები ძეხვი გამიფუჭდა და გადავაგდე-მეთქი. მოკლედ კონცერტებს ვატარებთ, მაყურებელი კმაყოფილია, ჩვენც ჩვენი მცირე ხელფასიდან გამომდინარე, კაპიკებს კაპიკებზე ვაწებებთ, კვირანახევარში თბილისში ვბრუნდებით და აქაც კონცერტები გველოდება.
ჩვენი ჩასვლიდან მეორე დღეს ვიხედები აივნიდან, ვხედავ, თურქი ბავშვები დაათრევენ სანაპიროზე ჩემს ძეხვს და ერთობიან, აბურთავებენ აქეთ-იქით.
გამბურძგლა ტანში. შემეშინდა, ბავშვებს არ ეჭამათ და ტვინმა დაიწყო გამალებული მუშაობა. ვაითუ, ბავშვებმა გემო გაუსინჯეს, მოიწამლნენ, ეგრევე მე მომადგებიან, რადგან ყველას ვუთხარი, ძეხვი გამიფუჭდა-მეთქი, თანაც ამ უკანასკნელს უზარმაზარი საბჭოური ბეჭდები არტყია.
თბილისში, რომ იტყვიან, „ინტერნაციონალურ“ უბანში ვიზრდებოდი და ცოტა აზერბაიჯანული ვიცოდი. ვიფიქრე, იქნებ შევასმინო ამ ბავშვებს-მეთქი, - ჯალბუ, ჯალბუ, დავიწყე მე. ბავშვებს შეეშინდათ და გაიქცნენ. ამ ხმაურზე გამოვიდა სასტუმროს პატრონი, ერთ-ერთ ბავშვს დაუძახა და რაღაცა შეეკითხა. ამის შემხედვარე ცივად შევიძურწე ნომერში. ცოტა ხანში მეძახის ჩვენი ხელმძღვანელი და მეკითხება: - შენ გადააგდე ძეხვი?
უარის თქმას აზრი არ ჰქონდა და დავეთანხმე. ველოდები რაღაც საშინელებას: ბავშვის მოწამვლას, სიკვდილს და ბოლოს ჩემს დაჭერას.
ამ დროს იღება კარი, შემოდის სასტუმროს პატრონი და მიღიმის. ხელში უჭირავს ბრჭყვიალა ქაღალდსა და ბაფთებში გამოკრული რაღაცა. გამომიწოდა შეხვეული და მეუბნება: - ეს, თქვენ რომ დაკარგეთ, ის არის, ბავშვებს გამოვართვიო. ჯგუფის ხელმძღვანელი მეკითხება: - რატომ გადააგდე?
- გაფუჭდა და გადავაგდე, აბა რა მექნა? – გავიკვირვე მე.
- ბიჭო, სერველადს რა გააფუჭებს, სულ რომ მზის გულზე იდოს – მითხრა მან.
სასტუმროს პატრონი გავისტუმრეთ ღიმილიანი მადლობებით, გავხსენით ეს საგულდაგულოდ ათასგვარ ბაფთებში გამოკრული ძეხვი, რაც ზევიდან ჰქონდა, მოვაცილეთ, არაყი გავხსენით და პურთან ერთად გემრიელად მივირთვით.
კურიოზი ის იყო, რომ ერთი დღის მოგზაურობის შემდეგ ამდენი თამაშისა და გართობის მერე ძეხვმა ისევ ჩემთან მოაღწია და ბუმერანგივით დამიბრუნდა. ისე კი ჭკუა ვისწავლე და გასტროლებზე სერველადის ძეხვი აღარ წამიღია“.