ზვიად ძიძიგური: საზოგადოებას მოვუწოდებ 27 მაისს თუ აუცილებელი საჭიროება არ მოითხოვს თავი შეიკავონ მანქანებით გადაადგილებისაგან

ზვიად ძიძიგური: საზოგადოებას მოვუწოდებ 27 მაისს თუ აუცილებელი საჭიროება არ მოითხოვს თავი შეიკავონ მანქანებით გადაადგილებისაგან

„ქართული ოცნების“ მიერ 27 მაისისთვის დაგეგმილ აქციამდე 2 კვირაზე ნაკლები დარჩა.  ღონისძიებასთან დაკავშირებით თემატური კლიპების გადაცემა ტელეკომპანიების „მაესტროს“, „კავკასიისა“ და „მე-9 არხის“ ეთერით, ასევე რადიოსაშუალებებით, ინტერნეტითა და გაზეთებით უკვე დაიწყო. როგორც აქციის ორგანიზატორმა, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა და „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად ძიძიგურმა from.ge სთან საუბარში განაცხადა, 27 მაისის აქცია არა საპროტესტო ხასიათის, არამედ სახალისო, შოუს ელემენტებით დატვირთული იქნება.

-ბატონი ზვიად, კონკრეტულად რა ტიპის აქცია არის დაგეგმილი?

ეს იქნება მსვლელობა, რომელიც გაიმართება ქალაქის სამი მხრიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. მასში ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის საპროტესტო აქცია. ეს საარჩევნო კამპანიის დაწყებისადმი მიძღვნილი შოუს ელემენტების შემცველი სპეციალური ღონისძიება და საზოგადოებამ ეს ინფორმაცია სწორედ უნდა მიიღოს.

-რამდენ საათიან პროგრამაზეა საუბარი და იქნება თუ არა მისი პირდაპირი ტრანსლირება სხვადასხვა არხებით?

ეს იქნება გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც კვირას 27 მაისს, 12:00 საათიდან დაახლოებით 17:00 საათამდე გაგრძელდება. იქნება დიდი მსვლელობები და მანიფესტაციები და ფაქტიურად  იგი 5 საათზე დიდხანს გაგრძელდება. რაც შეეხება პირდაპირ ტრანსლირებას, შესაძლებელია ეს მოხდეს სხვადასხვა არხებით, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

-გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღონისძიების სცენარის შემუშავებაზე უცხოელი სცენარისტები მუშაობენ... რას ითვალისწიენბს სცენარი?

მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს იქნება საარჩევნო კამპანიისადმი მიძღვნილი ღონისძიებაა, დანარჩენს ყველაფერს 27 მაისს დაინახავთ.  სცენართან დაკავშირებით ვადასტურებ, რომ მართლაც მიმდინარეობს სერიოზული სამუშაო და მასზე უცხოელი სცენარისტები და რეჟისორები მუშაობენ.

-მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას საზოგადეობისთვის ცნობილი სახეები?

მასში მონაწილეობას ისინი მიიღებენ, ვინც ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვლის მხარდამჭერები არიან, შესაძლებელია ეს იყოს მომღერლები, მსახიობები, და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები. ისინი ამა თუ იმ ფორმით მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას. დასკვნით ნაწილში რა სცენარი იქნება ამას ყველანი ერთად გავიგებთ. 

-რა მოლოდინი გაქვთ აღნიშნული ღონისძიებისგან და იქნება თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული?

ჩვენ სტადიონებს  ჩვენი შტაბის რესურსით ვავსებთ. გარდა ამისა გვყავს უამრავი მხარდამჭერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მიმართულებას გულმხურვალედ იზიარებს. ამიტომ მერწმუნეთ ეს იქნება საკმაოდ მაშტაბური ღონისძიება. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჩვენ რა თქმაუნდა ყველა ზომას ვიღებთ და ვიზრუნებთ უსაფრთხოებაზე, მაგრამ მაინც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას ვუთხრა, თუ აუცილებელი საჭიროება არ მოითხოვს, თავი შეიკავონ მანქანებით გადაადგილებისაგან და ნუ შექმნიან თვითონ პრობლემებს.