გიორგი ახვლედიანი:  „სოფლის პროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში  სოფლის მეურნეობა მალე წელში გამართული სფეროდ იქცევა

გიორგი ახვლედიანი: „სოფლის პროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში სოფლის მეურნეობა მალე წელში გამართული სფეროდ იქცევა

მოძრაობა „ქრისტიან დემოკრატებმა“ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის „სოფლის პროექტი“ შეიმუშავა. როგორც პარტიის ერთ ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი აცხადებს, ეს სრულიად ახალი მიმართულების პროექტი იქნება, სადაც ძირითადი აქცენტი ფერმერულ მეურნეობაზე გაკეთდება.

„ასეთი კანონი საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს. ამ კანონის ძირითადი არსი სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის რეალური სუბსიდირება და კანონის რეგულაციის შემუშავებაა.  საქართველოში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიდან სოფლის მეურნეობის საჭიროებებზე მინიმუმ 15% უნდა გამოიყოს. ეს არის დაახლოებით 900 მილიონი ლარი, რაც სოფლის მეურნეობის პრიორიტეტად გამოცხადების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა ახვლედიანმა.

მისი თქმით სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ერთჯერადი დახმარებებით სახელმწიფო „პიარტყუილებს“ ახორციელებს მოსახლეობის მიმართ. სინამდვილეში კი ისენი არაფრისმომცემი და დამღუპველი პროექტებია.

„ის დახმარებები, როგორიცაა ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა, 5 და 10 მილიონიანი დახმარებები, 30 ლარიანი საწვავის ვაუჩერები და ა.შ. მართლაც ერთჯერადი ხასიათისაა და რეალურად არ წაადგება სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას. ჩვენი პროექტი კი სახელმწიფოს რეალურად მისცემს გლეხის დახმარების საშუალებას. შესაძლებელი გახდება მისი მოყვანილი პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი, დაიპყროს ქართულ ბაზარი და დაიწყოს მისი ექსპორტირებაც“ ,- აღნიშნა ახვლედიანმა.

როგორც ქდმ- ს წარმოამდგენელი აცხადებს, იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი გახდეს მოტივაცია დაკარგული ქართველი გლეხები და მისი პროდუქცია, აუცილებელია კონკრეტული ზომების მიღება, რაც მისი თქმით საშეღავათო რეჟიმის დაწესებაში გამოიხატება. ახვლედიანი საუბრობს დაბალპროცენტიან და გრძლევადიან კრედიტებზე, რომელიც გლეხებმა 3 წლის განმავლობაში არ უნდა გადაიხადონ.

„ მის ანაზღაურებას გლეხი წელში გამართვის შემდეგ დაიწყებს. ეს ყველაფერი მიმართულია არა იმისკენ, რომ ვინმე გააზარმაცოს ან გამათხოვროს, არამედ იმისკენ, რომ გლეხის მოტივაცია გახდეს იშრომოს, განავითაროს სოფლის მეურნეობა, იყოს კონკურენტუნარიანი და ქართულმა პროდუქციამ დაიბრუნოს ქართული ბაზარი“ - განაცხადა ახვლედიანმა.

ქდმ „სოფლის პროექტის“ პარლამენტში ინიცირებას უახლოეს მომავალში აპირებენ.