„შოკოლადისა და პოეზიის ფესტივალი“ თბილისში

„შოკოლადისა და პოეზიის ფესტივალი“ თბილისში

12 მაისს, თბილისში „შოკოლადისა და პოეზიის“ ორდღიანი ფესტივალი გაიხსნება.

ფესტივალი  16:00 საათზე, ღია ცის ქვეშ, შარდენზე დაიწყება. მეორე დღეს, 13 მაისს,  ფესტივალი სტუმრებს  15:00 საათიდან უმასპინძლებს. ფესტივალი ორგანიზაცია „თბილისისა“ და თბილისის მერიის ორგანიზებითა და ხელშეწყობით ტარდება.

 მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული შოკოლადის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიები, - „ტკბილი ქვეყანა“, „ჩოკოსვისი“, „ბარამბო“, „მეგაკო“, „ნარცისი“. ასევე კომპანია „სარაჯიშვილი“, „თოლია“, „კამპა“, „ევრო პლანტი“. მონაწილეობენ ადვოკატთა კლუბი, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, „მეიდან პალასი“ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, გამომცემლობა „გრიფონი“, „ლავაცა“, „ჩაიმანია“, „კრისტალი“, „ნაბეღლავი“.

ფესტივალზე მოხდება წიგნებისა და წიგნაკების პრეზენტაცია, კერძოდ, ფესტივალის ფარგლებში იბეჭდება 10 ქართველი ახალგაზრდა ავტორი: დავით ქაშიაშვილი, გიორგი ლიპარიშვილი, ზურა პაპიაშვილი, ქეთევან სიხარულიძე, სალი ბრეგვაძე, მარიამ მერკვილაძე, თიკა მეზვრიშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ილია კილაძე, ანო ზაალიშვილი.

გამოიცემა ხელნაწერებიანი წიგნაკი,  რომელშიც შევა საქართველოში მცხოვრები (მოქალაქე) ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების ხელნაწერი ლექსები და მოთხრობები. ასეთივე სახით გამოიცემა წიგნაკები მიუსაფარი ბავშვებისა და პატიმრების ხელნაწერებით.