დემურ გიორხელიძე:  როცა უმუშევრობის მაჩვენებელი 60%ზე მაღალია, ეკონომიკური მაჩვენებლის ორნიშნა ნიშნულამდე აწევა არანორმალურია

დემურ გიორხელიძე: როცა უმუშევრობის მაჩვენებელი 60%ზე მაღალია, ეკონომიკური მაჩვენებლის ორნიშნა ნიშნულამდე აწევა არანორმალურია

მაშინ როცა უმუშევრობის მაჩვენებელი 60%ზე მაღალია, ეკონომიკური მაჩვენებლის ორნიშნა ნიშნულამდე აწევა თავისთავად არანორმალურია“ ,- ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ ბათუმში ეუთოს ეკონომიკური ფორუმზე გამოსვლის დროს გაკეთებულ განცხადებას, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 8%-ს მიაღწევს და მალე კი ორნიშნა მაჩვენებელზე ავა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავრობის წარმომადგენლები ციფრებით მანიპულირებენ და მაჩვენებელს როგორც საჭიროდ თვლიან  იმის მიხედვით ახმაურებენ. მისი თქმით, ეს პროცესი მხოლოდ იმაზე მიუთთებს, რომ „რაღაც ისე არ არის ჩვენს ქვეყანაში, როგორც საყოველთაოდ ცნობილია“.

„ალბათ ეს ციფრები მათ ხელშია და როგორც უნდათ ისე ამბობენ. 2 დღის წინ მთავრობის სხდომაზე გილაურმა განაცხადა, რომ შიდა პროდუქტის ზრდა 6% იქნება. დღეს პრეზიდენტი საუბრობს 8% -ზე და მალე ალბათ 10%- ზე და მეტზე ისაუბრებს. სინამდვილეში თუ დავაკვირდებით დღეს, ქვეყანაში არანაირი ეკონომიკური აღმავლობა არ შეინიშნება“ ,- აცხადებს გიორხელიძე.

მისი თქმით, პრეზიდენტი როცა საუბრობს განვითარების არანორმალურ ტემპებზე, ამის საფუძველი უნდა ჰქონდეს და აჩვენოს ხალხს. გიორხელიძის აზრით, სახელმწიფო პოლიტიკა პირველ რიგში სამუშაო ადგილების შექმნისკენ უნდა იყოს მიმართული.

„არსებული ეკონომიკური პოლიტიკა გამორიცხავს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. ამიტომ ხელისუფლება ალბათ უფრო დიდი პროექტების განხორციელებას გეგმავს ლაზიკის მშენებლობის სახით. მხოლოდ ეს თუ იქნება ფორმალურად ზრდის მაჩვენებელი. თორემ ეკონომიკური ზრდა ზოგადად სხვა პრინციპებს ეფუძნება და ეს კარგად უნდა იცოდეს ხელისუფლებამ“, - აღნიშნავს გიორხელიძე.