ეკა ბესელია: „ქდმ“ ცდილობდა  საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა  სხვაზე ზრუნვად მოენათლა

ეკა ბესელია: „ქდმ“ ცდილობდა საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა სხვაზე ზრუნვად მოენათლა


პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და ადვოკატი ეკა ბესელია „ქდმ“-ს   მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შემთხვევაში „ქდმ“-ს  ინტერესებსა და სარგებლობაზე  აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილზე ზრუნვით არც ხელისუფლებას დაუწყია კონსტიტუციის მიმართ ძალადობა და არც ამ ინიციატივის ავტორებს.

„ მათ  თავიანთი კონკრეტული ინტერესები აქვთ. ამაოდ ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ საკონსტიტუციო ცვლილება  ბიძინა ივანიშვილის მიმართ ზრუნვაა.  ეს ასე არაა. „ნაციონალურ  მოძრაობას“  თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები აქვს ერთის მხრივ, ის ცდილობს წაშალოს დანაშაულებრივი კვალი და გადაფაროს თავის მიერ ჩადენილი დანაშაულები,  რაც  ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით ჩაიდინა და მეორეს მხრივ,  მათ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ზრახვები უნდათ პოლიტიკურ პროცესში შემოიყვანონ სხვა გვარები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა ამ ცვლილებებით საარჩევნო პროცესში მონაწილეობა მიიღონ. ეს მზაკვრული გეგმა და აბსოლუტური უკანონობაა“,-განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას განცხადებით, ადამიანები რომლებიც პოლიტიკურ თამაშში არიან ჩართულნი რეალურად თავიანთ  ზრახვებს და ინტერესებს  არ ააშკარავებენ.

„ბუნებრივია,  „ქდმ“ ცდილობს ეს ინიციატივა  სხვაზე ზრუნვად მონათლონ და მათ შორის პოპულარულია  ბიძინა ივანიშვილისადმი ზრუნვა გამოხატონ“,-განაცხადა ბესელიამ

შეგახსენებთ, „ქდმ“ არ უარყოფს, რომ  მათ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შემთხვევაში, რაც  ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეს უფლებას აძლევს ქართულ პოლიტიკაში ჩაერთოს, თავადაც ისარგებლებენ და  ამომრჩველს შესაძლოა ერთი ავსტრიის და მეორე კი, გერმანიის მოქალაქე შესთავაზონ.