დავით დარჩიაშვილი: ფილიპ გორდონის განცხადებები დროული და აქტუალურია

დავით დარჩიაშვილი: ფილიპ გორდონის განცხადებები დროული და აქტუალურია

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით დარჩიაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონის განცხადებას, რომელშიც  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ამ კუთხით მის მიერ განხორციელებული რეფორმები დასაფასებელია,  აბსოლუტურად დროული და აქტუალური უწოდა.

„ეს დროული და აქტუალურია მათ გასაგონად ვისაც არ სჯერა, რომ  საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, როგორც  საგარეო ისე საშინაო პოლიტიკური მიმართულებით. რაც შეეხება ჩიკაგოს სამიტს, ბევრჯერ იყო საუბარი, რომ ეს გაფართოების სამიტი არაა, პირველ რიგში,  დღის წესრიგში სხვა  საკითხებია წამოწეული, მაგრამ ბუნებრივია,  საქართველოსა და მის სწრაფვაზე,  ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით საქართველოს პერსპექტივებზე საუბარი  იქნება“,-განაცხადა დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო ნორმებით ცნობილი საზღვრების მიმართ ურყევი რჩება, ასევე უცვლელია  მისი დამოკიდებულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარებული სეპარატისტული რეგიონების მიმართ. გორდონმა ასევე საქართველოსთან მიმართებაში აღნიშნა, რომ მისი სწრაფვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ამ კუთხით მის მიერ განხორციელებული რეფორმები დასაფასებელია. მან სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა, რომ  ჩიკაგოს სამიტი ალიანსის გაფართოების თვალსაზრისით, გადამწყვეტი უნდა იყოს.