გოგი ხუციშვილი: სახელმწიფოსა და ეკლესიის თანამშრომლობა აუცილებელია

გოგი ხუციშვილი: სახელმწიფოსა და ეკლესიის თანამშრომლობა აუცილებელია

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, გოგი ხუციშვილი საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თურქეთსა და საქართველოს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების განსაჯაროების შესახებ აღნიშნავს, რომ აუცილებელია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის თანამშრომლობა, მითუმეტეს თუ საქმე რელიგიური დანიშნულების ძეგლებს ეხება.

„ჩვენ გამოცდილება გვიჩვენებს , რომ უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლები სავალალო მდგომარეობაშია, ეს არ ხდება  ყოველთვის ბოროტი განზრახვის გამო. თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლები გაჩანაგების პირასაა.  თანამშრომლობა არა მარტო კულტურის სამინისტროებს შორის, არამედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მითუმეტეს, ეკლესიებს შორისაც  უნდა არსებობდეს. ჩვენ მეზობლური დახმარება უნდა გავუწიოთ ერთმანეთს.

ჩვენს ტერიტორიაზე არსებულ უცხო კულტურულ ძეგლებსაც უნდა მივხედოთ და მოვუაროთ, რათა  მოვლენების რაიმე განვითარება ან გარკვეული დაძაბულობა არ შეიქმნას. გვახსოვს ყველას, მეჩეთის გამო რამდენი ხმამაღალი საუბარი იყო. ეს ყველაფერი ძალიან მშვიდად შეიძლება გარკვეული მოლაპარაკების და შეთანხმების საფუძველზე მოგვარდეს.

 საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების დეტალებს არ ვიცნობ. ალბათ  სხვა კონფესიების წარმომადგენლებისთვისაც დეტალურად უნდა ყოფილიყო ინფორმაცია მიწოდებული, რათა მათ უარი არ ეთქვათ განცხადებაზე ხელის მოწერისთვის. მაგრამ ვფიქრობ, აუცილებელია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის თანამშრომლობა, რათა ჩვენს ქვეყანაში თუ სხვა  სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული  ჩვენი კულტურული და  რელიგიური დანიშნულების ძეგლები იყოს ერთობლივი ყურადღების ქვეშ, მითუმეტეს, თუ რელიგიური დანიშნულების ძეგლებზეა საუბარი“,-აცხადებს გოგი ხუციშვილი.