ლევან კალანდაძე:  აბასთუმნის ტურისტულ ზონად გადაქცევისთის სახელმწიფომ ინვესტორებს ფინანსური სტიმული უნდა მისცეს

ლევან კალანდაძე: აბასთუმნის ტურისტულ ზონად გადაქცევისთის სახელმწიფომ ინვესტორებს ფინანსური სტიმული უნდა მისცეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  აბასთუმნის ობსერვატორის დათვალიერებისას ეკონომიკური განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას 2015 წლისთვის აბასთუმნის საუკეთესო კურორტად გადაქცევის გეგმის შემუშავება დაავალა. 

ექსპერტების მოსაზრებით, აბასთუმანს მართლაც აქვს უნიკალური შესაძლებლობა ერთ ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ტურისტული ზონა გახდეს როგორც საქართველოში, ასევე ევროპაშიც. ეკონომიკის ექსპერტი, ლევან კალანდაძე თვლის, რომ აბასთუმანი თავისი სამკურნალო ტურისტული და დასასვენებელი პოტენციალით უნიკალური ტერიტორიაა, სწორედ ამიტომ აბასთუმანის პრიორიტეტად გამოცხადებას მიზანშეწონილად მიიჩნევს.„ამ თვალსაზრისით აბასთუმანი მიმზიდველია და ბუნებრივია ამის არ გამოყენება არ შეიძლება, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რამდენად სწორ საინვესტიციო პოლიტიკას შეიმუშავებს ხელისუფლება ამ მიმართულებით“, - განაცხადა კალანდაძემ.

 

ექსპერტის აზრით, ინვესტორების დაინტერესებისთვის მხოლოდ მიმზიდველობა და კლიმატური პირობები არ იქნება საკმარისი, საჭიროა სახელმწიფოს დონეზე ოფიციალური საინვესტიციო პროგრამების შემუშავებაც, რომელიც „ინვესტორის მოტივაციას გაზრდის“. „ეს პირველ რიგში ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს, იმიტომ რომ მთავარი სტიმული ინვესტორისთვის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მოტივია. სწორედ ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა, რაც საბოლოო ჯამში აბასთუმანს მიიყვანს და ჩამოაყალიბებს ისეთ ტურისტულ ზონად, რომელიც მნიშნელოვანი ფინანსური შემოსავლების მქონე იქნება როგორც ინვესტორისთვის, ასევე ქვეყნისთვის“ - აღნიშნავს ექსპერტი.

კალანდაძის განცხადებით, მართალია აბასთუმნის ამ მიმართულებით განვითარება აუცილებელია, თუმცა მიიჩნევს, რომ 3 წელიწადი ცოტა დაჩქარებული ტემპია. მისი თქმითვე, ამ შემთხვევაში მნიშნელოვანია არა დრო, არამედ ის, თუ რამდენად სწორად დავიწყებთ პროცესს.

„ამისთვის საჭიროა შემუშავდეს აბასთუმნის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს არამარტო ფინანსურ მხარეს, არამედ არქიტექტურულ პროექტებს. პროგრამის დამტკიცების შემდეგ კი შესაძლებელია გამოცხადდეს გარკვეული ტენდერები. ჩვენ ნუ შევიზღუდებით მაინდამაინც სამი წლით. იმიტომ რომ სიჩქარეში შესაძლებელია დავუშვათ ისეთი შეცდომები, როგორიც დავუშვით ინდუსტრიული ზონების განვითარების პროექტებსა და ქობულეთის ტურისტულ ზონასთან დაკავშირებით. ეს იქნება 3 წელი, 5 წელი თუ 7 წელი, ამას გადამწყვეტი მნიშნელობა არ აქვს. მთავარია შედეგი იყოს ის რაც ჩვენ გვინდა“ - დასძინა კალანდაძემ.