საქართველო ნატოში  MAP-ის გარეშე?

საქართველო ნატოში MAP-ის გარეშე?

ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე,  ნატოში საქართველოს სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე გაწევრიანების საკითხზე ისაუბრეს. შეხვედრას  საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი, ეკა ტყეშელაშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი, თემურ იაკობაშვილი ესწრებოდნენ.  

რუსთავი -2 ის ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ნატო-საქართველოს საბჭოს მიერ მიღებული დავალებით შესაძლებელია ალიანსში სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანება.

ლიტვის ელჩმა აშშ-ში ზიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ საქართველო, ისევე როგორც ბალტიის ქვეყნები, წარმატებული ტრანსფორმაციის მაგალითია.

„საქართველო განიხილება ასპირანტი ქვეყნების ჯგუფში, რაც მოვლენების მნიშვნელოვანი განვითარებაა. ცხადია, ეს არის ავღანეთში საქართველოს ვალდებულებების და იმ პროგრესის აღიარება, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ნატო-საქართველოს კომისიის მეშვეობით თუმცა მე მინდა მოვისმინო ალიანსისგან, რომ ნატო-საქართველოს კომისია არის საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზა და არ არის საჭირო დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება მაპ-ის მინიჭებაზე“,-განაცხადა ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა დემონ უილსონმა.

ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, საქართველო ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ნატო-საქართველოს კომისიასთან და  ყოველწლიურად ძალიან მიზანმიმართულად და თავდაჯერებულად ასრულებს იმ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ნატოსთან ერთად შედგა.

„ჩვენ ამ პროცესს ვიღებთ იმ პროცესად, რომლითაც ვუახლოვდებით ნატოს წევრობას და ეს არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ დროს ვიყენებთ ეფექტურად, რომ მალე გავხდეთ ნატოს წევრი“,-განაცახდა ტყეშელაშვილმა.