ლადო პაპავა: აეროპორტის ტერიტორიის გარშემო ვენახის გაშენება, მთლად ჯანსაღი იდეა არაა

ლადო პაპავა: აეროპორტის ტერიტორიის გარშემო ვენახის გაშენება, მთლად ჯანსაღი იდეა არაა


ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი, ლადო პაპავა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას  თბილისის აეროპორტის ტერიტორიის გარშემო ვენახის გაშენებაზე მთლად ჯანსაღ იდეას ვერ უწოდებს.

პაპავას განცხადებით, თვითმფრინავების აფრენა-დაფრენის შედეგად, გამონასტყორცნი ნამწვავის ფონზე საფრენ ზოლებსა და აეროპორტის გარეშემო ვენახის გაშენება „არ ივარგებს" და იქ მოწეული ყურძენის ჭამა ან იქიდან დაწურული ღვინოს გამოყენება შეუძლებელია.

 „ვენახი არის კულტურა,  რომელსაც გლეხი კაცი ტრადიციულად თვითონ უვლის და ეს მისი ცხოვრების გარკვეული ნაწილია. ჯერ ერთი,  აეროპორტთან ვინ უნდა დაასახლოს და მეორე, ის ვინც იქ დასახლდება,  იქ ცხოვრება პრაქტიკულად, ხმაურის გამო  ხომ შეუძლებელი იქნება? იქ მოწეული ყურძენი, არც შესაჭმელად ივარგებს და არც იქიდან დაწურული ღვინო დაილევა“,-განაცხადა პაპავამ.

რაც შეეხება, პრეზიდენტის განცხადებას, როდესაც მადლობა გადაუხადა რუსეთს ემბარგოსთვის და აღნიშნა, რომ შედეგად ქართული ღვინის ხარისხი გაიზარდა, პაპავა ამაში ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოში ღვინის ხარისხის გაუმჯობესება უწინარეს ყოვლისა,  კრემლის ბრიყვული ქცევის დამსახურებაა, თუმცა დასძენს, რომ ის რაც ამა თუ იმ ქვეყნის კულტურა და ტრადიციაა,  ამას აეროპორტში არ აკეთებენ.

„ახლა წარმოიდგინეთ,   იმის გამო, რომ პარიზის სიმბოლო  ეიფელის კოშკია, მეორე ეიფელის კოშკი  დაუშვათ დეგოლის აეროპორტში დადგან, ან ის, რომ  კორიდა  ესპანური კულტურაა,  კორიდა ახლა  მადრიდში საფრენ ბილიკზე გამართონ,  წარმოდგინენიათ?“-განაცხადა პაპავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის აეროპორტის ტერიტორიის გარშემო ვენახის გაშენების იდეით,  ბათუმში გაეროს მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის შეხვედრაზე გამოვიდა. სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაციაა.