ეკა ბესელია: ხელისუფლების წარმომადგენლებს კონსტიტუცია  საშინაო დღიური ჰგონიათ

ეკა ბესელია: ხელისუფლების წარმომადგენლებს კონსტიტუცია საშინაო დღიური ჰგონიათ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და ადვოკატი, ეკა ბესელია უმრავლესობის მზადყოფნას კონსტიტუციის  ცვლილებას საქართველოში ცხოვრების 10 წლიან ცენზთან დაკავშირებით ტრაგიკომედიას უწოდებს.

„ხელისუფლება მართლაც,  უკვე ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს და  მათი ყოველ ერთ საათში პოზიციების ცვლილება სრულიად კომიკურ ხასიათს ატარებს. საათში ერთხელ იცვლება გადაწყვეტილება, კონსტიტუცია მათ საშინაო დღიური ჰგონიათ. როგორ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება?“-განაცხადა ბესელიამ.

ბესელია ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩევს, ერთხელ და სამუდამოდ თვითონ ჩამოყალიბდნენ,  გაერკვნენ რას, როგორ  აკეთებენ  და რა სურთ.

„მათ სისულელეებს საზღვარი არ აქვს.  დაველოდოთ სანამდე მივლენ ამ გაუაზრებელი მოქმედებებით. დღეს ერთ გადაწყვეტილებას იღებენ,  ხვალ მეორეს,  ზეგ მესამეს ახმოვანებენ.  ეს ვითარება უკვე კომედიამდე მივიდა“,-განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას საქართველოში ბოლო ათი წელი ნაცხოვრები არ გამოდის, შესაბამისად არ იცის რას ემსახურება ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. ამის საპასუხოდ,  ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში ცხოვრების 10 წლიან ცენზთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების გადახედვას აპირებენ.