ხათუნა ოჩიაური: ივანიშვილს სპეკულაციებისთვის  სივრცეს  არ დავუტოვებთ

ხათუნა ოჩიაური: ივანიშვილს სპეკულაციებისთვის სივრცეს არ დავუტოვებთ

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა ოჩიაურის განცხადებით, თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლებების მინიჭების შესახებ  მიღებული კანონით პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს  ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში  მონაწილეობის საშუალება არ ეძლევა, უმრავლესობა მზადაა კანონს, საქართველოში ცხოვრების 10-წლიან ცენზთან დაკავშირებით გადახედოს.

„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია სწორედ იმიტომ,  რომ ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში  მონაწილეობის  საშუალება მიეცეს,  პოლიტიკური პროცესები სწორად წარიმართოს და ივანიშვილს სპეკულაციებისთვის სივრცე არ დარჩეს. აქამდე აცხადებდა, რომ 10 წელია საქართველოდან არ გავსულვარო, ხოლო თუ მართლა, არ ცხოვრობს ბოლო ათი წელი საქართველოში რა თქმა უნდა,  ეს ცვლილება  გადაიხედება“,-განაცხადა ოჩიაურმა, თუმცა აქვე დასძინა, რომ მას გარკვეული ეჭვები უჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილს თავის მსხვერპლად წარმოჩენა სურს.

„ეჭვი მიჩნდება მას სურს მსხვერპლის როლში აღმოჩნდეს.  პირველი განცხადებიდან აქამდე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ ჰქონდეს თითქოს საშუალება პოლიტიკურ პროცესებში  მონაწილეობა  მიიღოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა შეძლოს,  უნდა თუ არა. ყოველშემთხევაში სპეკულაციებისთვის  სივრცეს  არ დავუტოვებთ“,-განაცხადა ოჩიაურმა.