რეგიონული საინფორმაციო ცენტრების საგანგებო მიმართვა პრეზიდენტს

რეგიონული საინფორმაციო ცენტრების საგანგებო მიმართვა პრეზიდენტს


კახეთის (www.ick.ge), აჭარა, სამეგრელო, ზემო სვანეთის (www.tspress.ge), შიდა ქართლის (www.qartli.ge), მცხეთა - მთიანეთის (www.icmm.ge) საინფორმაციო ცენტრებმა საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო განცხადებით მიმართეს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

ბატონო პრეზიდენტო, ბოლო პერიოდში, საქართველოს რეგიონებში თქვენი ვიზიტების დროს, თქვენი პრესცენტრის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უხეშად არღვევენ ჩვენს უფლებებს და ხელს გვიშლიან პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. კერძოდ:

2011 წლის 2 სექტემბერს, ყვარლის რაიონის სოფელ გრემში თქვენი ვიზიტის დროს, თქვენივე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ნათია დანელიშვილი და 40 წუთის განმავლობაში მას გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ.

2012 წლის 12 მარტს, კახეთის საინფორმაციო ცენტრს არ მიეცა თელავში თქვენი ვიზიტის სრულყოფილად გაშუქების შესაძლებლობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია ბანძელაძემ განაცხადა, რომ თელავის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

2012 წლის 24 აპრილს, თქვენი ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის ნათია ბანძელაძის მითითებით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტები არ დაუშვეს გურჯაანის ახლადაშენებული საავადმყოფოს ტერიტორიაზე. „ლაივში იქნება და შეგიძლიათ ტელევიზორში მოისმინოთ. როცა დაგიშვით შენ და თქვენი ჟურნალისტები გადაღებაზე, რა გადაიღეთ? რად გინდათ საავადმყოფოს ეზოში შესვლა, იქ ხალხის გარდა მაინც არაფერს იღებთ. როდესმე გადაგიღიათ ახალი საავადმყოფო, ახალი ტექნიკა? კარგს არაფერს იღებთ“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბარში ნათია ბანძელაძემ. მიგვაჩნია, რომ ეს არის დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის მცდელობა.

2012 წლის 3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აჭარა, სამეგრელო, ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრის www.tspress.ge-ს ჟურნალისტს იზა სალაყაიას, რომელიც ფოთში პრეზიდენტის ვიზიტის გაშუქებას ცდილობდა, კამერა და ჩანთა წაართვეს, ჟურნალისტი კი ახლადაშენებული საავადმყოფოს ტერიტორიიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მოგვიანებით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჟურნალისტის კამერა და პირადი ნივთები ეზოში დაყარეს, დაკარგულია კამერის მეხსიერების ბარათი. ამ ფაქტზეც არანაირი რეაგირება არ მომხდარა. რედაქცია მეხსიერების ბარათის დაბრუნებას, გადაღებულ მასალებთან ერთად, ამ დრომდე ითხოვს.

2012 წლის 6 მაისს, პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ოფისში შეიჭრნენ და ჟურნალისტებს პოლიციის აღლუმის გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ოფისი, ისევე როგორც გვერდით მდებარე სხვა ბინები, „უსაფრთხოების მოტივით“ პოლიციას მანამდე უკვე შემოწმებული ჰქონდა.

საქართველოს კანონმდებლობით, რეგიონულ საინფორმაციო ცენტრებსაც ინფორმაციის მიღების და გავრცელების ზუსტად ისეთი უფლებები აქვს, როგორიც საერთო ეროვნულ ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“-ს, „იმედს“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესცენტრის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ქმედებებს განვიხილავთ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლად და თქვენგან ვითხოვთ ადეკვატურ რეაგირებას!

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი - www.ick.ge - გელა მთივლიშვილი

აჭარა, სამეგრელო, ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრი - www.tspress.ge - ელისო ჯანაშია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი - www.qartli.ge - საბა წიწიკაშვილი

მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი - www.icmm.ge - მანანა ვარდიაშვილი