მიხეილ სააკაშვილი: ქვეყანა, რომელიც ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდა, დღეს თავად არის ოკუპანტი

მიხეილ სააკაშვილი: ქვეყანა, რომელიც ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდა, დღეს თავად არის ოკუპანტი


„ქვეყანა, რომელიც გამარჯვებული იყო სხვა ერებთან ერთად ფაშისტ ოკუპანტებთან ბრძოლაში, დღეს საერთაშორისო ტერმინოლოგიით თვითონ არის სხვა ქვეყნის ტერიტორიის ოკუპანტი“,- ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ძალიან ბევრმა ქართველმა მე-2 მსოფლიო ომში თავი იმისთვის გაწირა, რომ ფაშიზმი დამარცხებულიყო და დაღუპულთა რაოდენობის მხრივ, საქართველო პირველ ადგილზე იყო.

„დღევანდელი სიტუაციის ცინიზმი გამოიხატება იმაში, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი ხალხების ტერიტორიაზე გაჩნდნენ ოკუპანტები და ოკუპირებული ტერიტორიები. ევროპარლამენტის და ძალიან ბევრი სხვა საერთაშორისო რეზოლუცის თანახმად, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის სამხედრო ოკუპაციას ახორციელებს“ ,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს რუსეთის მთავრობის მიერ რუსი ხალხის შეურაცხყოფაა.

პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად ოკუპაციისა საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა, რაც წელს საქართველოში რუსი ტურსტების მაქსიმალური რაოდენობით შემოსვლას შეუწყობს ხელს.
„მიუხედავად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივ შემაშინებელი გაფრთხილებისა, რომ საქართველოში რუს ტურისტებს საფრთხე ემუქრება, ჩვენ წელს რუსეთის ფედერაციიდან ტურისტების მაქსიმალურ რაოდენობას ველით“ ,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი ბათუმში გაეროს მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის შეხვედრას ესწრება.