ბიძინა ივანიშვილი: საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი ვერ შემეხება, რადგან ქვეყანაში 2004 წლიდან ვცხოვრობ

ბიძინა ივანიშვილი: საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი ვერ შემეხება, რადგან ქვეყანაში 2004 წლიდან ვცხოვრობ


პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა  საკონსტიტუციო ცვლილებების შეფასებისას განაცხადა, რომ კონსტიტუციის შეურაცხყოფა ხდება.

მისი განცხადებით, მას ბოლო 10 წელი საქართველოში არ უცხოვრია და შესაბამისად, არ იცის რას ემსახურება ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც ხელისუფლება ატარებს.

„საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი ვერ შემეხება, რადგან ქვეყანაში 2004 წლიდან ვცხოვრობ. 2004 წლიდან გადმოვედი საქართველოში საცხოვრებლად და 2005 წლიდან გადასახადებს ვიხდი, როგორც მობინადრე“,-განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებითვე, რაც საქართველოს პარლამენტში ხდება ამის პრეცენდენტი მსოფლიოში არ არსებობს.

„არც ერთი ნორმალური ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს თავის კანონებს და ხალხს, არ უშვებს მსგავს პრეცედენტს და იმას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მისცეს პოლიტიკური ცხოვრების უფლება“, - განაცხადა  ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით ორმაგი მოქალაქეობის მქონე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ ქართველებსაც კი არა აქვთ უფლება, გახდეს პარლამენტის თავმჯდომარე ან პრემიერი.

"ასეთი შეზღუდვა არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ ახასიათებს, თუმცა ეს იყო სააკაშვილისეული დემოკრატია, ახლა ნახეთ როგორ ნახტომს აკეთებს. ამით უნდა სახის შენარჩუნება, მაგრამ ნამდვილი სახე უკვე აჩვენა – ის პატივს არ სცემს და შეურაცხყოფს კონსტიტუციას. მე საქართველოში ბოლო ათი წელი ნაცხოვრები არ გამომდის“, - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭებას გულისხმობს, გუშინ პირველი მოსმენით მიიღო.

კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს ასეთი შინაარსის ახალი 104/4 მუხლი დაემატება: "2014 წლის 1-ელ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ".