დავით ბაქრაძემ ანგელა მერკელის მრჩეველთან ქართულ–რუსული ურთიერთობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილა

დავით ბაქრაძემ ანგელა მერკელის მრჩეველთან ქართულ–რუსული ურთიერთობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მრჩეველს საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში კრისტოფ ჰოისკენს შეხვდა.

დავით ბაქრაძისა და კრისტოფ ჰოისკენის შეხვედრზე განხილვის მთავარი თემა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები და  ჩიკაგოს სამიტი იყო. კანცლერის მრჩეველმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კრისტოფ ჰოისკენმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა გერმანიის მხარდამჭერი პოზიცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისადმი და აღნიშნა, რომ გერმანია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ცნობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

„ვისაუბრეთ საქართველოს ნატოსთან ურთიერთობებზე და იმაზე თუ რა სახის პოზიტიური სიგნალი შეიძლება მიიღოს საქართველომ ჩიკაგოს სამიტზე. ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების პრობლემატიკა,  ქართულ–რუსული ურთიერთობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით ბაქრაძემ კრისტოფ ჰოისკენს საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებასთან და საპარლამენტო არჩევნების  სამზადისთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„კრისტოფ ჰოისეკს მივაწოდეთ ინფორმაცია ქართულ შიდაპოლიტიკურ ვითარებასთან და  საარჩევნო სამზადისთან დაკავშირებით.  მე მას ვთხოვე დახმარება შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ  სწრაფად მოხდეს უცხოელი დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.