შალვა თადუმაძე:   ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ, იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობა მიიღოს

შალვა თადუმაძე: ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ, იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობა მიიღოს


ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები შალვა თადუმაძე და ალექსანდრე ბარამიძე მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის დასკვნის ბათილად ცნობას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს. მათი თქმით, ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი სარჩელი, რაც ეხება პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების და იმ დასკვნის გაუქმებას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დადო.

„ის რაზეც ზოგადად ჩვენ ვდაობთ, არის პრეზიდენტის უკანონო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ორმაგი მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. ხოლო დღეს გაცხადებული სარჩელის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვასაჩივრებთ იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით“ ,- განმარტა თადუმაძემ.

მისივე თქმით, საქმის დაკმაყოფილების თაობაზე სრული გარანტი და მაღალი მოლოდინი  არ აქვთ, თუმცა მიზნის მისაღწევად იურიდიული შესაძლებლობების ფარგლებში ყველა ბერკეტის ამოქმედებას აპირებენ.

„იმ შემთხვევაში, როცა არცერთი უწყება თავის კანონიერ ვალდებულებას არ ასრულებს და პლუს ამას იმ სიტუაციაში, როდესაც ერთ ფიზიკური პირისა და სახელმწიფოს შორის დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე, სარჩელის დაკმაყოფილების 100%-იანი შანსი ვერ გვექნება. სასამართლო არ აქვს არანაირი არგუმენტი და სამართლებრივი საფუძველი, რომ აღნიშნული საკითხის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადოს. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ეს მაინც მოხდა, ჩვენ კანონის ფარგლებში ყველა შესაძლო მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობა მიიღოს“, - განაცხადა თადუმაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 5 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის თაობაზე განაცხადით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს. პასუხად, კი 4 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ უარყოფითი დასკვნა გამოსცა.

 ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფის წევრებმა  - ალექსანდრე ბარამიძემ და შალვა თადუმაძემ  თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი 2 მაისს შეიტანეს.