„ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მართლაც, საკმაოდ რთულია, რადგან კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილება გვიწევს. ჩვენ თუ ცენტრალური და აღმოსავლეთ ქვეყნების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ამ სახელმწიფოებმა დაახლოებით, 9 -10 წელი მოანდომეს, რათა მათ კანდიდატის სტატუსი მიეღოთ და ევროკავშირთან ასოცირებული ევროპული შეთანხმებები გაეფორმებინათ“,- ამის შესახებ, პოლიტოლოგმა ვასილ ჭყოიძემ, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა, სადაც ის ამბობს, რომ „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საუბარი 10-12 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი“. თუმცა ბარამიძე თვლის, რომ ეს დიდი დრო არაა.
ჭყოიძე აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას, რუმინეთს და ბულგარეთს 12 წელზე მეტი დასჭირდა ევროკავშირში გასაწევრიანებლად, რათა დროულად ვერ შეასრულეს ის ვალდებულებები, რაც ეკისრებოდათ.
ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ჭყოიძეს საზოგადოების ინფორმირება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით აუცილებლად მიაჩნია.
„ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენ საზოგადოებას რეალური ინფორმაცია, რეალური სურათი უნდა მივაწოდოთ, თუ რა პროცედურა წარიმართება, რაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუს მიიღებს“,-განაცხადა ჭყოიძემ და აქვე აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება კიდევ მეტ პასუხიმგებლობას გვაკისრებს.
„კანდიდატის სტატუსის მიღება კიდევ მეტ პრივილეგიას ნიშნავს. ამით იწყება ევროკავშირთან დაახლოება, თავისუფალი გადაადგილება, ბიზნესის თავისუფალი მოძრაობა და აშ“,-განაცხადა ჭყოიძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, რომ ბარამიძის ამ განცხადებამ, მაშინ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები დღენიადაგ გაიძახოდნენ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შორეული პერსპექტივა არ იყო, ახლა მართლა შორეული გახადა, ჭყოიძე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მიმართ ასეთი კონკრეტული განცხადებები „პრინციპში“ არ კეთდებოდა.
„მხოლოდ დეკლარაციული დონის განცხადებები იყო, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ არ ვიცოდით როგორი იყო ევროკავშირის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. პირველი განცხადება, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ განიხილავს სარკოზიმ თბილისში ვიზიტის დროს გააკეთა, ამას მოჰყვა ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველო ევროპული პერსპექტივის ქვეყანაა და კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც საბჭომ 2012 წელს მიიღო სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით, იქაც კიდევ ერთხელ განმეორდა, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს. ასე რომ სიგნალი ევროკავშირიდან უკვე წამოვიდა“,-განაცხადა ჭყოძემ.
ჭყოიძის განცხადებითვე, ბარამიძის ნათქვამი ციფრები ამ რეალობასთან ახლოსაა.
„თუმცა 12 წელი ხანგრძლივად მეჩვენება, თუ მალე მივიღეთ კანდიდატის სტატუსი“,-განაცხადა ჭყოიძემ.