ია ბჟალავა: დამსაჯეს სამაგალითოდ, რადგან სხვა  პედაგოგებისთვის ეს დაშინების მექანიზმი  ყოფილიყო

ია ბჟალავა: დამსაჯეს სამაგალითოდ, რადგან სხვა პედაგოგებისთვის ეს დაშინების მექანიზმი ყოფილიყო


გორის  მე-9 საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის, ია ბჟალავას სარჩელი, რომელიც სკოლის დირექტორის,  ელენე ხაჩიძის მისდამი გათავისუფლების ბრძანების გაბათილებას ითხოვდა გორის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

,,დირექტორს, როგორც დამსაქმებელს, შრომის კოდექსის მიხედვით უფლება აქვს დასაქმებულთან ხელშეკრულება მოშალოს“ – ასეთია მოსამართლე პაპუაშვილის ვერდიქტი სკოლიდან გათავისუფლებულ პედაგოგ ია  ბჟალავასადმი.

 ია ბჟალავას განცხადებით, ის სკოლიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს და მისი გათავისუფლება სხვა პედაგოგების შესაშინებლად გამოიყენეს.

„სასამართლოს ასეთ შედეგს ველოდით, თუმცა წინა პროცესმა იმდენად საინტერესოდ ჩაიარა, სადღაც მინიმალური პროცენტი გამარჯვების იმედი მაინც გვქონდა.  საინტერესოში ვგულისხმობ, იმას, რომ თუ სასამართლო შეჯიბრობითობის პრინციპს ეფუძნება, როგორც ამას იურისტები ამბობენ,  მაშინ შედეგი შემიძლია გითხრათ  10-0 იყო, ჩვენს სასარგებლოდ.  მოპასუხე მხარემ  ჩვენს საწინააღმდეგოდ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი გათავისუფლების მიზეზი.  ჩვენ დავასაბუთეთ, გვქონდა შესაბამისი მტკიცებულებები, რომ თუ არა პოლიტიკური მოტივი, დირექტორის მხრიდან სხვა დაინტერესება არ შეიძლებოდა ყოფილიყო“,-განაცხადა ია  ბჟალავამ presagetv-სთან საუბრისას.

ბჟალავას განცხადებით, მის მსგავსად სკოლებიდან გათავისუფლებული კიდევ ორი პედაგოგი, ნანული მეტრეველი  და მანანა არჩვაძეა.   

„შეიძლება მათ რაღაც აბსურდი საბაბი დაუდეს, მაგრამ ჩემი საქმე ცოტა უფრო სხვაგვარია. ჩემი საქმე თეთრი ძაფითაა ნაკერი. მე დამსაჯეს სამაგალითოდ იმიტომ რომ სხვა მასწავლებლებისათვის უნდა ყოფილიყო ეს დაშინების მექანიზმი",-განაცხადა ბჟალავამ.

მოსარჩელე მხარე გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას  სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

შეგახსენებთ, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით პაპუაშვილის განცხადებით,  ,,დირექტორს, როგორც დამსაქმებელს, შრომის კოდექსის მიხედვით უფლება აქვს დასაქმებულთან ხელშეკრულება მოშალოს”.

 აღსანიშნავია, რომ ია ბჟალავას მეუღლე თამაზ მაყაშვილი ,,თავისუფალი დემოკრატების” გორის ორგანიზაციის წევრია. ის 2009 წელს, დედაქალაქში მიმდინარე აქციების პერიოდში, ადმინისტრაციული წესით პატიმრობას იმავე მოსამართლის დავით პაპუაშვილის გადაწყვეტილებით იხდიდა.  

 „ხომ არსებობს ოჯახის ექიმი, იქნებ, "ოჯახის მოსამართლის" ინსტიტუტიც შემოვიღოთ. მაგალითად, მაყაშვილების ოჯახს გვყავს "ოჯახის მოსამართლე", დავით პაპუაშვილი," პირუთვნელი მსაჯული"-აცხადებს ია ბჟალავა