ბესიკ ტაბატაძე შვეიცარიის ელჩს: სად ბრძანდებოდით 26 მაისს როდესაც რეზინის ტყვიებით, მხუთავი გაზითა და ხელკეტებით შეიარაღებულმა მკვლელებმა სიცოცხლე მოუსწრაფეს ოთხ სრულიად უდანაშაულო ადამიანს

ბესიკ ტაბატაძე შვეიცარიის ელჩს: სად ბრძანდებოდით 26 მაისს როდესაც რეზინის ტყვიებით, მხუთავი გაზითა და ხელკეტებით შეიარაღებულმა მკვლელებმა სიცოცხლე მოუსწრაფეს ოთხ სრულიად უდანაშაულო ადამიანს

2012 წლის 8 მაისს „სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა  ბესიკ ტაბატაძემ, რომელმაც 2011 წლის 26 მაისს ხელისუფლების მიერ მოწყობილი სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს თვალი დაკარგა, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში ელჩის, ბატონი გიუნტერ ბეხლერის სახელზე წერილი შეიტანა. ტაბატაძე წერილში აცხადებს რომ შვეიცარიელი დიპლომატისადმი წერილის მიწერა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამ უკანსკნელის მიერ ქუთაისში “ქართული ოცნების” აქციის დაშლის შესახებ გაკეთებული კომენტარი მოისმინა.

From.ge  ბესიკ ტაბატაძის წერილს სრულად გთავაზობთ.

 

,,ბატონო ელჩო, ამ  წერილით მოგმართავთ საქართველოს მოქალაქე  ბესიკ ტაბატაძე,  „დემოკრატიული მოძრაობის“ და „სახალხო კრების“ წევრი. ჩემი სახელი და გვარი თქვენ ალბათ არაფერს არ გეუბნებათ, ამიტომ მოგახსენებთ, რომ მე, ისევე როგორც ათეულათასობით ჩემი თანამოქალაქე მონაწილეობას ვღებულობდი 2011 წლის 21-26 მაისის საპროტესტო აქციებში, რომელიც სისხლში ჩაახშო საქართველოს მმართველმა რეჟიმმა.

ჩემი თქვენდამი ამ წერილის მოწერა გადამაწყვეტინა ამა წლის 2 მაისს, ქუთაისში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრისას გაკეთებულმა თქვენმა განცხადებამ, რომლშიც თქვენ პრინციპულად დაგმეთ ხელისუფლების მიერ ახალგაზრდების მშვიდობიანი აქციის დაშლის ფაქტი და აღნიშნეთ, რომ აქციების დაშლა წყლის ჭავლით არ უნდა ხდებოდეს.

უპირველეს ყოვლისა, მინდა განვაცხადო, რომ გადაჭრით ვგმობ აღნიშნული აქციის დაშლის ფაქტს.  შეკრების თავისუფლებისა და თავისუფალი აზრის გამოთქმის  უფლების შეზღუდვის ნებისმიერი გამოვლინება ჩემთვის კატეგორიულად  მიუღებელია და სოლიდარობას ვუცხადებ აქციის მონაწილეებს. ამასთანავე არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ  დემოკრატიული საზოგადოებისათვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტების გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიასა და ადამიანის  უფლებებს. საპროტესტო აქციებიის მონაწილეთა მიმართ არაჰუმანური მოპყრობის ფაქტზე თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება კი, მხოლოდ ამ კონტექსტით შეიძლება იქნეს განხილული.

თუ რატომ, ამას ახლავე მოგახსენებთ.  

მე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე გახლდით და დღესაც გახლავართ კანონმორჩილი მოქალაქე. წლების განმავლობაში ვმუშაობდი სახელმწიფო სტრუქტურებში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობზე და ჩემი ცხოვრების 42 წლის განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებს ჩემს მიმართ არავითარი პრეტენზია არასოდეს არ ჰქონიათ.

 

21-26 მაისის საპროტესტო აქციებში ჩემი მონაწილეობა განპირობებული გახლდათ  დღევანდელი რეჟიმის მიერ დამყარებული ძალადობრივი და უსამართლო გარემოს წინააღმდეგ ჩემში არსებული სამართლიანი მოქალაქეობრივი პროტესტის გრძნობით. აქციის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა ქუჩაში ამავე მიზეზით იყო გამოსული.  

მაშინ ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა საქართველოში დიქტატურის დასრულება, ხოლო  ერთადერთი იარაღი კი მართალი სიტყვა გახლდათ! 

სად ბრძანდებოდით ბატონო ბეხლერ თქვენ 26 მაისს როცა რუსთაველის გამზირი სისხლით იყო მორწყული?  მაშინ,  როდესაც რეზინის ტყვიებით, მხუთავი გაზითა და ხელკეტებით შეიარაღებულმა მკვლელებმა სიცოცხლე მოუსწრაფეს ოთხ სრულიად უდანაშაულო ადამიანს;  თვალები დასთხარეს, თავ-პირი და ხელ-ფეხი დაამტვრიეს ათასობით ბავშვს, ქალს თუ  კაცს ასეულობით უდანაშაულოდ  ნაცემ-ნაბეგვი ადამიანი სხვადასხვა ვადით ციხეებში ჩაყარეს, მათ შორის  42-ს  აბსურდულად შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმეების მიხედვით ათობით წელი პატიმრობა  მიუსაჯეს და ისინი დღემდე უსამართლოდ იხდიან სასჯელს არჩადენილი დანაშაულისათვის.  ნუთუ თქვენთვის ბატონო ელჩო  ამ შემზარავი ფაქტების შესახებ არაფერი იყო ცნობილი?     სად იყო მაშინ ბატონო ბახლერ თქვენი „დაუღალავი“ ზრუნვა დემოკრატიის განვითარებასა და ადამიანის უფლებებზე, როდესაც ამას  დემოკრატიული ქვეყნის ელჩის  პირდაპირი მოვალეობა  მოითხოვდა?

სწორედ ამგვარი ორმაგი სტანდარტების შესახებ მქონდა ზემოთ საუბარი ბატონო ბეხლერ.   

ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და მათ შორის ჩვენ, ვისაც 26 მაისის ღამეს უმოწყალოდ გაგვისწორდნენ, სწორედ ცივილიზებული მსოფლიოსაგან და პირველ რიგში ჩვენს ქვეყანაში მათი წარმომადგენლებისაგან მოველოდით დროულ და ობიექტურ შეფასებებს. საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს უამრავ კანონდარღვევაზე რომ ადექვატური რეაქცია ჰქონოდა, ხელისუფლება ვერც 26 მაისის სადამსჯელო სპეცოპერაციის ჩატარებას გაბედავდა და არც ამ ერთი წლის განმავლობაში დაირღვეოდა ათასობით ადამიანის უფლება.

იმედს ვიტოვებ, რომ ამიერიდან მაინც ჩვენს ქვეყანაში, ხელისუფლების მიერ ჩადენილი არც ერთი უკანონობა არ დარჩება თქვენი და თქვენი კოლეგების ადექვატური შეფასებისა და რეაგირების გარეშე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში რეალური და არა ფასადური დემოკრატიის ჩამოყალიბებას“,-  ნათქვამია წერილში, რომელიც „სახალხო კრებისა“ და “დემოკრატიული მოძრაობის”წევრმა ბესიკ ტაბატაძემ შვეიცარიის საელჩოში დღეს შეიტანა.