დაპატიმრებულ ადვოკატ თამილა ქუთათელაძეს, პროკურატურა ადვოკატების „გაფუჭების“ სანაცვლოდ საპროცესოს სთავაზობს

დაპატიმრებულ ადვოკატ თამილა ქუთათელაძეს, პროკურატურა ადვოკატების „გაფუჭების“ სანაცვლოდ საპროცესოს სთავაზობს

[ნინო მიქიაშვილი]  

წინასწარ პატიმრობაში მყოფ ადვოკატ თამილა ქუთათელაძეს პროკურატურამ ასეთი გარიგება შესთავაზა - ადვოკატების “გაფუჭების“ სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებით გაგათავისუფლებთო. ამის შესახებ  ორმა ცნობილმა ადვოკატმა - მალხაზ ჯანგირაშვილმა და ნათია სირაძემ გვითხრეს, რომლებიც თამილა ქუთათელაძეს გუშინ, ევროკავშირის წინ გამართული სოლიდარობის აქციის შემდეგ შეხვდნენ და ესაუბრნენ.

ქართველი ადვოკატები ევროსაბჭოსა და ევროკავშირს ერთთვიან ვადას აძლევენ და აცხადებენ, რომ თუ ამ ხნის განმავლობაში არ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც დაიწყებს ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნის ფაქტების შესწავლას, სექტემბრიდან ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ოფისებთან, ადვოკატთა მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყება.

ამის შესახებ ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე, ევროსაბჭოს ოფისის წინ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის ინიციატივით გამართულ გამაფრთხილებელ აქციაზე გახდა ცნობილი, რომელზეც რამინ პაპიძის დაკავების ფაქტი და 2003 წლის ნოემბრიდან დღემდე, ადვოკატებთან მიმართებაში გამოტანილი 122 გამამტყუნებელი განაჩენი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

ნათია სირაძე: „თამილა ქუთათელაძემ განმიმარტა, რომ უკანონო პატიმარია. კერძოდ, არის პროკურორ დავით გაგნიძის პირადი პატიმარი, რომელიც მას 2006 წლიდან სდევნის. თამილა ქუთათელაძემ განმიმარტა ის გარემოება, რომ მის ბრალეულობასთან დაკავშირებით უტყუარი მტკიცებულებები არ არსებობს. მასთან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და შესთავაზეს, რომ თუ კი მათ მიერ ჩამოთვლილ ადვოკატებზე მისცემდა პროკურატურისთვის სასურველ ჩვენებას და „გააფუჭებინებდა“, მას საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებდნენ. ამაზე თამილა ქუთათელაძემ პროკურატურის წარმომადგენლებს კატეგორიული უარი განუცხადა - „თქვენ ძალიან ბევრი გეშლებათ, მე არა ვარ ის კატეგორია, რომელიც ამ უსამართლობას ჩაიდენსო“.

ის, თუ კერძოდ ვინ და როდის იყო ზემოხსენებული შეთავაზებით შესული წინასწარ პატიმრობაში მყოფ ადვოკატთან და კონკრეტულად რომელი ადვოკატების „გაფუჭების“ სანაცვლოდ სთავაზობენ საპროცესო გარიგებას, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც თამილა ქუთათელაძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის სახელზე განცხადებას დაწერს.

ამ დეტალების დაზუსტების შემდეგ დაუკავშირდება „ობიექტივი“  მთავარი პროკურატურის პრესსამსახურს და ზემოხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით სთხოვს კომენტარის გაკეთებას.

იმაზე, თუ რატომ აირჩიეს ადვოკატებმა აქციის გამართვის ადგილად ევროსაბჭოს შენობის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა ასე ახსნეს:

ლალი აფციაური: „ევროსაბჭოს 22 მილიონი აქვს სასამართლოს რეფორმისთვის გამოყოფილი. როგორი ტიპის რეფორმა ხორციელდება, ეს ყველამ კარგად ვიცით - დღეს სასამართლო გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან და სასამართლოს ფუნქცია არის იგივე, რაც პროკურატურის. აქედან გამომდინარე, პირადად მე ვთვლი რომ ეს 22 მილიონი ევრო არის წყალში გადაყრილი“.

ზაზა ხატიაშვილი: „ჩვენ ევროსაბჭოს წარმომადგენლობას თქვენთან, ჟურნალისტებთან ერთად გადავცემთ ადვოკატების დევნის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, თავისი ათი დანართით, რათა ევროსაბჭოს პირველმა პირმა აუცილებლად განიხილოს. ეს სოლიდარობის აქციის მეორე დღეა. ეს გამაფრთხილებელი აქციაა. მე როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ჯერჯერობით ყველა ადვოკატს არ მოვუწოდებ, რომ გამოვიდნენ ქუჩაში. ერთი თვე დაველოდებით და თუ ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირი და ევროსაბჭო არ გაგვცემს პასუხს და არ შექმნის სპეციალურ კომისიას, რომელიც ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნის ფაქტებს განიხილავს, მაშინ პერმანენტულ აქციებზე გადავალთ.

ადვოკატი მარიანა იველაშვილი ცუდი მომსახურების გამო გაასამართლეს. ეს ჰგავს იმას, თქვენი რომელიმე საგაზეთო სტატია სააკაშვილს, რომ არ მოეწონოს, წაგიყვანოთ და დაგიჭიროთ, ისე, როგორც ფოტორეპორტიორები დაიჭირა. ადვოკატებზე ზეწოლა ხორციელდება. თქვენ კარგად იცნობთ რამინ პაპიძეს. ამ ადამიანს გადაეკიდნენ იმიტომ რომ არის წამებით მოკლული როინ შავაძის ოჯახის ინტერესების დამცველი. რამინ პაპიძის ფიზიკური შეურაცხყოფის სცენას შეესწრო არაერთი ადამიანი, რომლებიც ამბობენ, რომ რამინ პაპიძეს თავს მანდატური დაესხა. მანდატურის დასჯის ნაცვლად ადგნენ და ადვოკატს 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს და დავით კირკიტაძე, რომ დადის და ხან საფეხბურთო მატჩის მსაჯს სცემს, პენალი არ დანიშნეო და ხან დაცვის თანამშრომელს, ის ჩვენი დროის „გმირია“.

ადვოკატთა კორპუსის დევნა, თუ არ შეწყდება და ევროკავშირი და ევროსაბჭო არ დაგვეხმარებიან, სექტემბერში მთელი ადვოკატთა კორპუსი ქუჩაში გამოვა. ჩვენ, ადვოკატებმა უნდა დავამთავროთ სააკაშვილის არასამართლიანი სასამართლო და როცა სამართლიანი სასამართლო გვექნება, ეს რეჟიმი დამთავრდება, რადგან დღეს სააკაშვილის რეჟიმი კუბლაშვილის კორუპმპირებულ, უკანონო სასამართლოზე დგას“.

ევროსაბჭოს წარმომადგენლობაში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები - ქეთი ბექაური და მალხაზ ჯანგირაშვილი შევიდნენ, რომლებმაც ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი მიმართვა და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა გადასცეს, რომლებშიც მათივე განმარტებით, დადასტურებულია ადვოკატთა ინსტიტუციონალური დევნის ფაქტები.

ევროსაბჭოს წინ გამართულ აქციაში მონაწილეობა 30-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო. მათ მხარდასაჭერად უფლებადამცველები - ლაშა ჩხარტიშვილი, დავით ლილუაშვილი, დაჩი ცაგურია და ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც იყვნენ მისულები.