კომპანიის უსაფრთხოების სამსახური ბაზარზე არალეგალურად მოხვედრილი ხორცის კონტროლს თვითონ ახორციელებს

კომპანიის უსაფრთხოების სამსახური ბაზარზე არალეგალურად მოხვედრილი ხორცის კონტროლს თვითონ ახორციელებს

[ბანკები და ფინანსები.ნინო დარბაისელი]

მას შემდეგ, რაც `იბერმით ჯორჯიამ~ საქონლის დაკვლის ექსკლუზიური უფლება მიიღო და მისი მომსახურება სავალდებულო გახდა, ხორცის საცალო ფასი გაიზარდა.

სასაკლაოს ოფიციალურად გახსნის შემდეგ, პირუტყვის სასაკლაოზე დაკვლის ვალდებულება ძალაში შევიდა. ხორცის გასაყიდად აუცილებელ `ფორმა 2~-საც უკვე სასაკლაოები გასცემენ და არა სერტიფიცირებული ვეტერინარები. გლეხი ვალდებულია საქონელი სასაკლაოზე მიიყვანოს და ხორცი ევროსტანდარტებით დაამუშაოს. სწორედ სავალდებულო მომსახურების სიძვირემ ადგილობრივ ბაზარზე ერთი კილოგრამი ხორცის ფასი 5-6 ლარით გაზარდა. 

ოფიციალური ინფორმაციით, `იბერმითის~ პარტნიორები სადაზღვევო კომპანია Iჩ Gროუპ და VთB ბანკია. თუმცა, ოპოზიციურ წრეებში აცხადებენ, რომ ეს ცეზარ ჩოჩელის მორიგი ბიზნესია ნატახტარში. ეჭვებს ისიც აძლიერებს, რომ სასაკლაო პრეზიდენტთან ერთად სწორედ ჩოჩელმა გახსნა.

გარდა ამისა, ისიც ფაქტია, რომ მომსახურების ექსკლუზიურად გაყიდვის უფლებას ჩვეულებრივ მოკვდავს არავინ მისცემს.

ნატახტარში სასაკლაოს გახსნის შემდეგ რეალიზატორები იძულებული გახდნენ ხორცის რეალიზებისთვის, რომელიმე სასაკლაოსთან კონტრაქტი გააფორმონ. რადგან თბილისთან ახლოს მხოლოდ ეს სასაკლაოა, თბილისისა და შიდა ქართლის მოვაჭრეები, კვების ობიექტები თუ სუპერმარკეტები, ხორცს მხოლოდ ნატახტარის სასაკლაოსგან იძენენ. შესაბამისად, საქონლის მფლობელები იძულებულები ხდებიან ხორცი `იბერმითს~ მიჰყიდონ.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც კომპანიას ექსკლუზიურად აქვს მინიჭებული ნედლეულის მიღებისა და პროდუქტის გასაღების ბაზარი. აღნიშნული სიტუაცია მას უფლებას აძლევს ექსკლუზიურად დაბალ ფასში იყიდოს ნედლეული და ექსკლუზიურად მაღალ ფასად გაყიდოს პროდუქტი.
სულ ცოტა ხნის წინ კი `იბერმით ჯორჯიას~ ახალ საქმიანობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. თბილისში არსებულ მაღაზიებში სარეალიზაციოდ გამოტანილ ხორცს „იბერმით ჯორჯიას“ წარმომადგენლები ამოწმებენ, ახლავს თუ არა „ფორმა 2“ და ეს დოკუმენტი ნამდვილად „იბერმით ჯორჯიას“ მიერაა გაცემული თუ არა.

`კომპანიის წარმომადნელები მაღაზიებში ამოწმებენ სარეალიზაციოდ გამოტანილ ხორცს აქვს თუ არა `ფორმა 2~. შემოწმება პრევენციის მიზნით ხდება, რათა თბილისში უსაბუთო ხორცი არ მოხვდეს~, - აცხადებს `იბერმით ჯორჯიას~ დირექტორის მოადგილე კახა მაზანიშვილი.
თუმცა, სურსათის კონტროლს `სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ~ კანონით, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. არც ერთ კერძო სტრუქტურას კონტროლის განხორციელების უფლება არ აქვს, რადგან სურსათის უვნებლობასა და ხარისხზე პასუხისმგებელი მხოლოდ სახელმწიფოა და შესაბამისად კონტროლიც მისი პრეროგატივაა. „იბერმით ჯორჯიამ“ კი ფაქტობრივად სახელმწიფოს ფუნქცია აიღო. კომპანიის უსაფრთხოების სამსახური არალეგალურად (უსაბუთოდ) მოხვედრილი ხორცის კონტროლს თვითონ ახორციელებს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი კონტროლის განხორციელების უფლება მხოლოდ სახელმწიფოს აქვს.
`კანონით ნებისმიერი პროდუქტის, მათ შორის ხორცის ხარისხის და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების უფლება მხოლოდ სურსათის უვნებლობის სამსახურს აქვს~,- განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ასე რომ, რატომ გაძვირდა საქართველოში ხორცი ნათელია, ფაქტობრივად, თბილისის ხორცის ბაზარი მონოპოლიზირებულია. არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია. ევროკავშირის თვალისასახვევად შექმნილი კონკურენციის (მონოპოლიური) სამსახური თავის ფუნქციას არ ასრულებს და არც ხორცის ბაზარზე შექმნილ მონოპოლიურ ფაქტებს ამხელს.

მთავრობისა თუ მონოპოლისტობაში `ეჭვმიტანილი~ კომპანიის წარმომადგენელთა ფუჭი განცხადებები კი მხოლოდ რეალური ვითარების მიჩქმალვას ემსახურება. ყველამ იცის, რომ ხორცის ბაზარზე ფასების ხელოვნური და კატასტროფული ზრდა, „იბერმით ჯორჯიას“ გამოჩენას უკავშირდება. ცეზარ ჩოჩელის სახელთან ასოცირებული კომპანიის ბაზარზე შემოსვლამდე, ხორცის ბიზნესით ბევრი წვრილი თუ საშუალო მეწარმე იყო დაკავებული და ფასების სპეკულაციური ზრდა ასეთი მასშტაბებით არ ხდებოდა. „იბერმითი ჯორჯიას“ მონოპოლისტობის პერიოდში კი ხორცის ფასი რამდენიმე თვეში გაორმაგდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.