ბანკები მეწარმეების ბრალდებებს ანალოგიური ბრალდებებით პასუხობენ

ბანკები მეწარმეების ბრალდებებს ანალოგიური ბრალდებებით პასუხობენ

[კომერსანტი]

ბანკების წარმომადგენლები იმ ბიზნესმენებს პასუხობენ, რომლებიც საბანკო კრედიტ–ოფიცრების დაბალ კვალიფიკაციაზე საუბრობენ.

 
შეგახსენებთ: commersant.ge–სთან საუბარში რამდენიმე საშუალო კომპანიის წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ ქართულ ბანკებს დაბალი კვალიფიკაციის კრედიტ–ოფიცრები ჰყავთ, რაც მათი ბიზნესის და თავად საბანკო სექტორის განვითარებას ხელს უშლის.

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია კი დაბალი კვალიფიკაციის პრობლემას არა ბანკებში, არამედ თავად ბიზნესმენებში ხედავს.

„თუკი ბიზნეს–გეგმების განხილვისას ვინმეს კვალიფიკაციაზე შეიძლება საუბარი, ეს ბიზნესმენია, რომელიც არასათანადოდ მომზადებულ ბიზნეს–გეგმას წარადგენს ბანკში. ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ იტყვის, რომ თუკი მისი გეგმა კრედიტ–ოფიცერმა განიხილა, შეაფასა და კრედიტ–საბჭოს წარუდგინა, მას არასათანადო და არაკვალიფიციური პასუხი დაუბრუნეს,“ – აცხადებს გვასალია.

მისი თქმით, ბიზნესმენები კრედიტის მიღების მიზნით ბანკთან შუამავლობის თხოვნით ხშირად მიმართავენ და, ამდენად, იცნობს მათ მიერ შედგენილ ბიზნეს–გეგმებს.

„მათი შინაარსი რომ წაიკითხოთ, უბრალოდ გაგეცინებათ. ნული გარანტია, დაუსაბუთებელი მოთხოვნები, დაუთვლელი რისკ–ფაქტორები, შეუსწავლელი ბაზარი და არგუმენტი – მამაჩემმა იცის ეს საქმე და ის დამეხმარება! ასეთ ბიზნეს–გეგმას არავინ დააფინანსებს და აქ სწორედაც კრედიტ–ოფიცრის კვალიფიკაციაა გადამწყვეტი, რომ ამგვარ სისულელეს მწვანე შუქი არ მისცეს. სრულყოფილ საკრედიტო მოთხოვნას დაფინანსების პრობლემა ბანკების მხრიდან ნამდვილად არ ექმნება,“ – აცხადებს ზურაბ გვასალია.

ბანკი „რესპუბლიკას“ კომერციული დირექტორის ირაკლი ასლანიშვილის თქმით, გაუგებარია ბიზნესმნენთა ასეთი განცხადება. მისი განცხადებით, „რესპუბლიკაში“ კრედიტ–ოფიცრების შერჩევის პროცესი საკმაოდ მკაცრია. ამის შემდეგ, ბანკის შიგნით ხდება მათი გადამზადება, პერიოდულად უტარდებათ ტრენინგები.

„ასე რომ, ჩვენი ბანკის კრედიტ–ოფიცრების კვალიფიკაცია ამ კრიტიკას არ იმსახურებს და შესაბამისად, ამას ჩვენ არც ვიღებთ. რაც შეეხება იმას, რომ კრედიტ–ოფიცრები გარანტიას და სესხის უზრუნველყოფას მოითხოვენ, ეს ბანკის პოლიტიკაა და ბანკის ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია ეს პოლიტიკა განახორციელოს,“ – აცხადებს ირაკლი ასლანიშვილი.

„პროკრედიტ ბანკის“ მცირე ბიზნესის კოორდინატორის ნატო ბოჭორიშვილის განცხადებით, ნებისმიერი სესხის გაცემა შესწავლის პროცესს გულისხმობს, რასაც საბანკო ენაზე “ფინანსური ანალიზი” ეწოდება. სწორედ ის აჩვენებს, თუ რამდენად გადახდისუნარიანია კრედიტის მიღების მსურველი ბიზნესმენი/მეწარმე. გარდა შიდა ინსტრუქციით დადგენილი დოკუმენტებისა, კრედიტ–ექსპერტს შეიძლება სხვა გარკვეული დოკუმენტაციის მოძიებაც დასჭირდეს, რათა საფუძვლიანი ანალიზი ჩაატაროს. ექსპერტს კითხვების დასმაც უწევს, რადგან რეალური სურათის დანახვა მხოლოდ წარმოდგენილი ბიზნეს–გეგმის მიხედვით შეიძლება რთული იყოს.

„საბოლოოდ, საკითხს საკრედიტო კომისია განიხილავს და კრედიტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება ყველა შესაძლო რისკის გათვალისწინებით მიიღება. ამდენად, დეტალური ფინანსური ანალიზის ჩატარება საკრედიტო ექსპერტის მოვალეობაა.

რაც უფრო დაწვრილებით შეისწავლის ბანკი მსესხებლის ფინანსურ მდგომარეობას, მით უფრო დარწმუნდება, რომ ბანკის მიერ გაცემული კრედიტი არ ჩააგდებს კლიენტს გაუთვალისწინებელ ფინანსურ კრიზისში. დეტალური ფინანსური ანალიზი კრედიტის გაცემის მნიშვნელოვანი პროცედურაა. პროკრედიტ ბანკში ამას პასუხისმგებლიან დაკრედიტებას ვუწოდებთ,“ – აცხადებს ბოჭორიშვილი.

 რაც შეეხება „სტარტაფების“ დაფინანსებას, მისი თქმით, ქვეყანაში კომერციული ბანკების მხრიდან ახალი ბიზნესის დაფინანსების პრაქტიკა არ არსებობს. ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა და ამაზე სპეციალური პროგრამები მუშაობს.

„ბიზნესისთვის დამატებითი სესხის გაცემისას ბანკს საკუთარი ფინანსური ინტერესები აქვს. ამიტომ რისკებს აფასებს და ეს სრულიად ბუნებრივია. თუმცა, ბანკი თანახმაა გარკვეული რისკები საკუთარ თავზე აიღოს, განიხილოს და დააფინანსოს კიდეც. ასე, რომ მთავარია სესხის მიღების მსურველმა კვალიფიციური ბიზნეს–გეგმა წარმოადგინოს და მისი დაფინანსების პრობლემა ბანკის მხრიდან და მით უმეტეს, კრედიტ–ექსპერტის მხრიდან არ იქმნება,“ – ამბობს ნატო ბოჭორიშვილი.