სამშენებლო ამნისტიის დეტალები სექტემბრისთვის გაირკვევა

სამშენებლო ამნისტიის დეტალები სექტემბრისთვის გაირკვევა

გაზეთ „რეზონანსის“ მასალები

რამდენ კომპანიას შეეხო სამშენებლო სექტორის ამნისტია, რომლის გამოცხადებიდან 2 თვე გავიდა? ექსპერტების ვარაუდით, სამშენებლო კომპანიების 70%–ს ახალი ამნისტია მდგომარეობას შეუმსუბუქებს, დარჩენილი 30% კი შესაძლოა პროექტს გამოეთიშოს და კიდევ უფრო დაზარალდეს. შესაბამის ინფორმაციას მერია სექტემბრის ბოლოს წარმოადგენს.

შეგახსენებთ: დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებული საფინანსო ამნისტია სამშენებლო კომპანიებს სამთვიან ვადაში რეაბილიტაციის კონკრეტული პროექტის წარდგენას ავალდებულებს. ახალი დოკუმენტის საფუძველზე სამშენებლო ფირმებს დაუმთავრებელი მშენებლობების გამო დაკისრებული ჯარიმები გაუუქმდებათ, თუმცა სანაცვლოდ მშენებლობების განახლებასთან დაკავშირებით ახალი ვადების გამოცხადება მოუწევთ. თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ ჯარიმები არ გაუუქმდებათ და მომავალში მათ მიმართ სხვადასხვა სანქცია გატარდება.
ცნობისთვის: თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმა ერთ კვადრატულ მეტრზე 10 თეთრიდან ერთ ლარამდეა.

ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ გაკოტრების პირას მისულ კომპანიებს გარკვეული ტვირთი მაინც მოეხსნებათ, რადგან კომპანიებს ასეთი ჯარიმები წლების განმავლობაში უგროვდებოდათ და მათი ოდენობა რამდენიმე ასეულ ათასს და მილიონსაც კი აღწევდა.

სამშენებლო სფეროს ექსპერტი გურამ ფალავანდიშვილი შიშობს, რომ ქართული სამშენებლო კომპანიების ნაწილს კონკრეტულ ვადაში ჩატევა და ახალი პროექტების წარდგენა გაუჭირდება და ბევრი მათგანი გადარჩენის ნაცვლად ხაფანგში აღმოჩნდება. ექსპერტი ამბობს, რომ შეთავაზებული პირობები არ არის ურიგო, მაგრამ მათ შესრულებას გაკოტრებული კომპანიები მაინც ვერ მოახერხებენ.

სამშენებლო ექსპერტ გიორგი ბარვენაშვილის მოსაზრებით კი ამნისტიის გამოცხადების შემდეგ, სექტემბერში, კომპანიების აქტივობა დაიწყება და უფრო რეალურად გამოჩნდება ამ ბიზნესის შესაძლებლობები.

„გაჭირვებაში მყოფ კომპანიებს დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული პრობლემები მცირედით მაინც მოუგვარდებათ. არ გამოვრიცხავ, დაზარალებულ ფირმებს ამით ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს და ახალი შანსი აღებული ვალდებულებების შესასრულებლად გამოიყენონ. სავარაუდოდ, მშენებლების 70% ამ პროექტში წარმატებით ჩართვას შეძლებს, მაგრამ 30 %–ის მდგომარეობა დამაფიქრებელია. არ გამოვრიცხავ, ისინი საერთოდ სამშენებლო ბიზნესის მიღმა დარჩნენ,“ – აცხადებს ბარვენაშვილი.