გირგვლიანის მკვლელობაზე უფრო საზარელი მკვლელობა

გირგვლიანის მკვლელობაზე უფრო საზარელი მკვლელობა

[რეზონანსი, ია აბულაშვილი]

8 ივლისს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში საზარელი მკვლელობა მოხდა. მომკლულია ორი ახალგაზრდა - 21 წლის გიგა გემაზაშვილი და შოთა ბატიაშვილი. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ორივე მსხვერპლს თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დანაშაულის ჩადენის მიმზეზად სახელდება ურთიერთშელაპარაკება. მკვლელობაში ეჭვმიტანილია ამავე სოფლის მცხოვრები 29 წლის დათო ჩუთლაშვილი, რომელიც ნასვმამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) თანამშრომელია.

ფაქტზე აღძრულია სისიხლის სამარლის საქმე, მიმდინარეობსგამოძიება.

გარდაცვლილი გიგა გემაზაშვილი სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო. მის დაკრძალვას ესწრებოდა აკადემიის რექტორი გია ბუღაძე.

„რეზონანსი“ შეეცდა თავად გია ბუღაძისაგან გაეგო, თუ რა მოხდა წინანდალში და რას ჰყვებიან გიგა გემაზაშვილის თანასოფლელები.

გია ბუღაძე: ჩემი სტუდენტი იყო. სამხატვრო აკადემიის მე-3 კურსის სტუდენტი, ფერწერის მიმართულებით. წესიერი, სუფთა, ხალასი, გახსნილი ადამიანი. ვერასდროს შეამჩნევდი რა უჭირდა. სამი წელია მას ვიცნობ და არანიარი აგრესია არასდროს შემიმჩნევია. თანაკურსელებსაც ძალიან უყვარდათ. როგორც მხატვარს, დიდი მომავალი ჰქონდა, ჰქონდა არაჩვეულებრივი ფერის გრძნობა. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ლექსებსაც წერდა. რეფერატი დაწერა ვან გოგზე ლექსად.

იქნება დაწვრილებით გვიამბოთ ამ მკველობასთან დაკავშირებით?

- მას ოჯახური ტრაგედია ჰქონდა. რამდენიმე წლის წინ, თუ არ ვცდები ორი წლის წინ, და გარდაეცვალა სიმსისვნით, 14 წლის გოგონა. მის დაბადების დღეზე იყო ჩასული სოფელში და მეგობრებთან ერთად სასაფლაოზე გავიდა. იქიდან რომ ბრუნდებოდნენ საღამოს, ეს ხდება სოფელ წინანდალში, სასაფლაოც იქვე გზის პირასაა, სწორედ ამ გზაზე შემოეყარათ მას და მის ორ მეგობარს ეს სისხლსმოწყურებული.

როგორც სოფლის მაცხოვრებლებმა მითხრეს, იგი ბიჭებს აუხირდა. ბიჭები თურმე ეუბნებოდნენ - კარგი, გეყოფა, რა მოხდაო... ამას ამოუღია იარაღი და სროლა დაუწყია. ორი ტყვია გულში, მესამე საკონტროლო კი თურმე შუბლში დაახალა. სუფთა ქილერის სიამოვნებით დაუგვირგვინებია. შემდეგ ელოდა, სანამ სისხლის ბოლო წვეთამდე არ დაიცალნენ ბიჭები. მესამეს მოუსწრია გაქცევა, ის მგონი ხელში არის დაჭრილი.

სოფელში რას ამბობენ, ვინ არის, ვინც ეს მკვლელობა ჩაიდინა, რაიმე ხომ არ ჰქონდა პირადი შუღლი, ასე რომ გაიმეტა?

- ამბობენ, რომ ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა. არ ვიცი რომელ ძალოვან სტრუქტურაში, მგონი კუდ-ში და იარაღის ტარების უფლება ჰქონდაო. თუ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა, მითუმეტეს, მათ უკეთ არ იციან კანონის ძალა, როგორ უნდა მოიქცნენ?! ასეთი რამ როგორ უნდა ჩაედინა, არ მესმის.

ნამდვილად საშიშ ადამიანთან გვაქვს საქმე. ჩვენთან სისკვდილით დასჯა არ არის, მაგრამ ეს ადამიანი სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც უნდა იყოს იზოლირებული საზოგადოებისაგან. მან ჩაიდინა საზარელი მკვლელობა, ორმაგი მკვლელობა, ოჯახს მოუკლა ერთადერთი შვილი, მეგობრებს - კარგი მეგობარი და ქვეყანას - შესანიშნავი მომავალის ახალგაზრდა, კარგი მხატვარი. ეს მკვლელობა გირგვლიანზე საზარელი მკვლელობაა. როგორც ამბობენ, ის შემოაკვდათ, ამან კი ასე სადისტურად მოკლა და შემდეგ უცდიდა, როგორ იცლებოდნენ სისხლისგან 19-20 წლის ბიჭები.

ნუთუ ვერავინ შეძლო მისი შეჩერება, რას ამბობენ თანასოფლელები?

- ვინ შეაჩერებდა, კაცი იდგა და ისროდა. ამხელა ქვეყანაში, ოსლოში მომხდარ ამბავზე ვამბობ, კუნძულზე კაცი ერთი საათის განმავლობაში დასდევდა ბავშვებს ესროდა და ის ვერ შეაჩერეს. სოფელში უიარაღო ხალხი საღამოს ამ ამბავს შეესწრო, კაცი ისროდა, მითხარით ვინ მიეკარებოდა? გმირები აღარ არიან.

თანასოფლელები აღშფოთებულები არიან, ჩუმი ბოღმა უტრიალებთ გულში. არ ვიცი მოეჩვენათ, თუ მართლაც ასეა, ამბობენ რომ ამ საქმის მიჩქმალვა უნდათო. როგორ უნდა მიიჩქმალოს ასეთი შემზარავი მკვლელობა, არ ვიცი. ვნახოთ, როგორ წავა საქმის მსვლელობა.

15 აგვისტოს 40 დღე სრულდება ჩვენი გიგა გემაზაშვილის გარდაცვალებიდან, სოფელში ჩასვლას ვაპირებ. მის კურსელებს დავუკავშირდი, გვინდა პატარა მემორიალური საღამო გავმართოთ.