ორი ჯიუტი კატა უკვე წლებია, იაპონიის ერთ-ერთ მუზეუმში შეღწევას ცდილობს

ორი ჯიუტი კატა უკვე წლებია, იაპონიის ერთ-ერთ მუზეუმში შეღწევას ცდილობს

როგორც ჩანს, მიზანდასახულობა მხოლოდ ადამიანური თვისება არაა. უკვე წლებია, რაც ხელოვნების ორი გულმხურვალე მოყვარული იაპონიის ქალაქ ონომიჩის ხელოვნების მუზეუმში შეღწევას ცდილობს. მათ გამუდმებით უკან აბრუნებენ, მაგრამ კენ ჩანი და გოსაკუ ფარ-ხმალს არ ყრიან.

ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა მუზეუმში კატებისადმი მიძღვნილი ფოტოგრაფიული გამოფენა გაიხსნა. ცოტა ხანში კი დაუპატიჟებელი სტუმარიც გამოჩნდა, რამაც შეკრებილი საზოგადოება გვარიანად გაახალისა. დაცვამ კატა შენობაში არ შეუშვა. რამდენიმე თვის შემდეგ კატა დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად წითურ მეგობართან ერთად. ჩანაფიქრმა არც ამჯერად გაამართლა.

როგორც ჩანს, კატებმა მუზეუმთან ახლოს დაიდეს ბინა, რადგან ისინი ისევ და ისევ ბრუნდებიან. პერსონალისთვის ფისოების გაბრუნება ერთგვარ თამაშად გადაიქცა. დაცვის წევრებმა ტვიტერზე ფოტოების გამოქვეყნება დაიწყო, რამაც კატებს პოპულარობა მოუტანა.

მართალია, მუზეუმში შესვლა კატებმა ჯერაც ვერ მოახერხეს, მაგრამ სამაგიეროდ, ამ შენობაში დასაქმებული ყველა ადამიანი გაიცნეს და ინტერნეტშიც უამრავი ფანი შეიძინეს.