სამაჩაბლო – ნამდვილი და მოგონილი მტერი

სამაჩაბლო – ნამდვილი და მოგონილი მტერი

შეიძლება ითქვას, რომ სამაჩაბლოს კონფლიქტი, მისი დასაწყისითა თუ დასარულით, ერთ-ერთი ყველაზე არალოგიკური და უცნაური კონფლიქტი იყო მთელს მსოფლიოში. მაშინ როდესაც ცხინვალში, ზნაურში, თამარაშენსა თუ ნიქოზში ბომბები ცვიოდა, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადგილობრივი ქართველები და ოსები ჩვეულებრივად აგრძელებდნენ ურთიერთობებს და უკიდურესად გამწვავებული სიტუაციის მიუხედავად მაინც ახერხებდნენ ერთმანეთთან საერთო პირის გამინახვას. ქორწილებში, ქელახებსა თუ ძეობებში, ერთ სუფრასთან ძველებურად ისხდნენ ქართველები და ოსები და სამაჩაბლოში დამკვიდრებული ძველი ტრადიციით, თუკი სუფრის თამადა ქართველი იყო, იგი მოადგილედ აუცილებლად ოსს ნიშნავდა და პირიქით.

ქართულ-ოსური ურთიერთობები არც 90-იანი წლების ბოლოსა და დღევანდელ დრომდე შემწყდარა. იმის მიუხედავად, რომ რუსი ოკუპანტები თითქმის ყოველდღე კეტავენ გზებს და ორ ხალხს შორის უფსკრულის გაღრმავებას ცდილობენ, დიდი თუ პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობის ქართულ სოფლებში უამრავ ახლადმოყვანილ ოს რძალს ნახავთ და მათი გაზრდილი ბავშვები ქართულზე არანაკლებ კარგად ფლობენ ოსურ ენას.

ბადრი ქართველიშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი: „ორი შვილი მყავს, ერთი 10 წლისაა და მეორე – შვიდის. ორივენი ცხინვალში დაიბადნენ. სიმართლე რომ გითხრათ, ნამდვილად არ მქონდა იმის შიში, რომ ოსი ექიმები მტრობის გამო უსინდისოდ მოიქცეოდნენ. ჩემს სანათესაოში თითქმის ყველა ბავშვი ცხინვალში დაიბადა და რაღა ჩემს შვილზე გაახსენდებოდათ ოს ექიმებს მტრობა?! პირიქით, ორივეჯერ ძალიან კარგად მიგვიღეს, საკმაოდ ცოტა ფული გამოგვართვეს და ნამდვილად არ განუსხვავებიათ ჩემი შვილი იქ მყოფი ოსი ბავშვებისაგან.

ჩემს თბილისელ ნათესავებს უკვირდათ, საკუთარი ცოლ-შვილი მტერს როგორ ანდეო. მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ და ოსებს მტრებად სულაც არ მივიჩნევ. დედაჩემიც ოსია და ჩვენს სოფელში რძლების ნახევარი სულ ოსები არიან. რა ვქნა, დედაჩემის ხალხი როგორ შევიძულო? მით უმეტეს, როცა იმათაც კარგად იციან ჩვენ შორის ომი ვისი მოწყობილიც იყო“.

ლამის მთელი ლიახვის ხეობის ბავშვები ცხინვალში დაიბადნენ და მათი მშობლების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება უკვე იმის დასტურია, რომ მიუხედავად ამდენი უბედურებისა, ქართველებს ჯერ კიდევ არ უჭირთ ოსებთან სართო ენის გამონახვა.

ავთანდილ მაისურაძე, სამაჩაბლოს მკვიდრი: ”2004 წელს, როდესაც ისევ დაიძაბა სიტუაცია ჩვენს მხარეში, შუაღამეს გადავიყვანეთ ცხინვალის საავადმყოფოში ჩემი მეზობლის ფეხმძიმე ცოლი მოსალოგინებლად. ექიმებს ერთიც კი არ უკითხავთ ვინ ვიყავით და საიდან ვიყავით, თავიანთი საქმე კარგად გააკეთეს და მერე ერთი მანქანაც გამოგვაყოლეს, რუსების საგუშაგოსთან პრობლემები, რომ არ შეგვქმნოდა. აქ რაც ხდება, ეს არც ომია და არც კონფლიქტი. ესაა ავანტურა და ომობანა, რომლის გამოც უბრალო ადამიანები იჭყლიტებიან.

18 წელია, რაც ასეთი ამბავია. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დაესვას წერტილი? ჩვენს სოფელში დღემდე რჩებიან ოსი ხუბაევები, ხაჩიროვები, საბანოვები, რომელთაც თავისი ეროვნების გამო პრობლემას აქ არავინ უქმნის და თვითონაც სოფლისთვის ისეთივე ერთგულები არიან, როგორც ქართველები. რასაც ქართველი განიცდის, იმას განიცდის ოსიც. კოკოითის ბანდის ყაჩაღების გარდა არც ერთ ოსს ომი არ უნდა”.

ქართულო სოფლებში შემორჩენილი ოსები არც ქართულ პრესასთან საუბარს გაურბიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ ქართველ ჟურნალისტთან საუბარმა შეიძლება პრობლემები შეუქმანათ და ამის ალბათობა საკმაოდ რეალურია, მაინც ამბობენ თავიანთ სათქმელს.

ჩვენი ოსი ეროვნების რესპოდენტი კოკოითის ახალგაზრდობის მეგობარი აღმოჩნდა. ესმა ქასაევის მამა ჯავის რაიონში დაბადებულ-გაზრდილი ოსი ყოფილა, კოლმეურნეობას 50-იან წლებში ცხინვალში ჩამოუსახლებია და ამის შემდეგ დამეზობლებია ქართველებს. მამაჩემი ხშირად ამბობდა, ჩვენ ოსებმა, ყველაფერში ქართველებს უნდა მივბაძოთო, იხსენებს ესმა ქასაევი.

ბოლოს კი გთავაზობთ სამაჩაბლოელი ქართველი მებრძოლის, გოჩა სეხნიაშვილის მოგონებას აფხაზეთის ომზე, სადაც იგი საკუთარი სიცოცხლის ხსნას ოს თანამებრძოლს უმადლის.

გოჩა სეხნიაშვილი, ქართველი ჯარისკაცი: ”აფხაზეთის ომში მძიმედ დავიჭერი. პრაქტიკულად, ისეთი სიტუაცია იყო, რომ სადაც დაჭრილი ვიწექი, იქიდან გამოსვლა შეუძლებელი ჩანდა. ამ დროს ჩვენები უკან იხევდნენ და ვფიქრობდი, რომ გარდაუვალი სიკვდილი მელოდა. მაგრამ ომს თავისი დაუწერელი კანონი აქვს და დაჭრილს, რაც არ უნდა უიმედო მდგომარეობაში იყოს, მაინც იმედი გაქვს, რომ მშველელი გამოგიჩნდება. გამიმართლა. მთელ ფრონტზე ერთადერთი კაცი, ისიც ოსი სოსო ხუბულოვი აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი მხრებით მატარა. ღობეებზე რომ ვერ გადავყავდი, ხელით მისროდა, შემდეგ თვითონაც გადმოდიოდა და ისევ მიმათრევდა.

რამდენიმე თვის მერე ეს კაცი მამაჩემთნ მივიყვანე, სახლიდან აღარ უშვებდა. ამ კაცმა ჩვენთან ერთი თვე იცხოვრა. მერე კი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ის ადამიანი, რომლის წინაშეც სიცოცხლით ხარ დავალებული, საერთოდ გაქრა და აღარ გამოჩენილა. ახლა ომი აღარ არის, მაგრამ მომავალში ახალი ომი რომ დაიწყოს, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ ვინ მტერია და ვინ მოყვარე. სწორედ ესაა მთავარი!”