გადაწყვეტილება მიღებულია - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. შესაბამისად, არჩევნების დღე საქართველოში დასვენების დღედ გამოცხადდება. საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 25 კანდიდატი მონაწილეობდა. აქედან 19 პოლიტიკური სუბიექტის, ექვსი კი საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო დასახელებული.
თუმცა მეორე ტურში გადასვლა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია უჭერს მხარს და პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“- ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ შეძლეს. არჩევნები 73 საარჩევნო ოლქში გაიმართება. საზღვარგარეთ გახსნილი უბნების რაოდენობა კი ჯამურად 57–ს შეადგენს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 504 082 ამომრჩეველია, საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 795 ამომრჩეველი, ჯამში სულ – 3 518 877 ამომრჩეველი.
როგორი იქნება საქართველოს მოსახლეობის არჩევანი ეს 28 ნოემბერს გახდება ცნობილი. ოთხშაბათ დღეს არჩევნების ჩატარება მიუღებელია ოპოზიციისთვის, რომელთა მტკიცებით, ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლების სრულიად უნიჭო მცდელობები. თუმცა, ამტკიცებენ, რომ მათ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვება გარანტირებული აქვს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ცესკო ფაქტობრივად გადაიქცა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბად, როდესაც გააფორმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შუა კვირაში ჩანიშნოს არჩევნები.
„მიუხედავად იმისა, რომ კანონში არის მოთხოვნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში ეს ასე არ მოხდეს, ეს, რა თქმა უნდა, არის მცდელობა ბიძინა ივანიშვილის, რომ რამენაირად შეცვალოს ის გარდაუვალი წაგება, რაც აუცილებლად გაფორმდება ძალიან მშვიდად არჩევნების დღეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ წაგებულ თამაშში თამარ ჟვანია ბოლომდე ჩაჰყვა ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საარჩევნო კოდექსის დარღვევაზე საუბრობენ „ევროპულ საქართველოში“. სერგო რატიანის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ცესკომ შეუზღუდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.
„ყველაფერი ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლების სრულიად უნიჭო მცდელობები შეცვალონ რაღაცა. მაგრამ ამითი ჯერ ერთი იქვემდებარებენ სრულიად ცესკოს, რაც ასევე მძიმე სანახავი არის. მაგრამ ეს ყველაფერი ვერ უშველის, რადგან ამომრჩეველს გადაწყვეტილი აქვს ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ გახდება ქვეყნის პრეზიდენტი“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპეკულაციები მიუღებლია პრემიერ–მინისტრისთვის. მამუკა ბახტაძე ოპონენტებს ახსენებს, რომ ამას განსაზღვრავს კანონი.
„ამას განსაზღვრავს შესაბამისი ორგანო – ცენტრალური საარჩევნო კომისია და პოლიტიკური სპეკულაციები ნამდვილად არ არის საჭირო. პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ღირსეულ არჩევანს, ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენი გუნდი ჩართულია წინასაარჩევნო პროცესებში, მათ შორის მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ლევან კობერიძე იხსენებს, რომ საქართველოში იყო შემთხვევები და ეს ხდებობა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, როდესაც არჩევნები არაუქმე დღეებში ინიშნებოდა, მაგრამ მაშინ ამას აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. კობერიძე ამბობს, რომ ცესკომ ყველა ნაბიჯი გადადგა, რომ არჩევნების შუა კვირაში ჩატარებამ რაიმე უხერხულობა არ შექმნას.
„არჩევნების მეორე ტურის თარიღი კანონმდებლობის შესაბამისად დაინიშნა. თუკი ემიგრანტებისათვის რაიმე უხერხულობა იქმნება, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა ღამის 12 საათამდე გაგრძელდება. ეს ის მაქსიმუმია, რისი გაკეთებაც შეიძლება. წინა წლებშიც არჩევნები არაუქმე დღეებში ინიშნებოდა და ამას აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. დარწმუნებული ვარ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აქტიურობით გამორჩეული იქნება“, – აღნიშნა ლევან კობერიძემ.
თუმცა ასე არ ფიქრობს უმრავლესობის წევრი, გია ჟორჟოლიანი, რომლის შეფასებით, არჩევნების შუა კვირაში ჩატარებამ, შესაძლოა, უფრო „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იმუშაოს. დეპუტატი ფიქრობს, რომ სირთულეს ისეთი ადამიანებისთვის შექმნის, რომლებიც ნაკლები ენთუზიაზმით არიან განწყობილი.
„დიდი მნიშვნელობა არა აქვს არჩევნები 28 ნოემბერს იქნება, 29 ნოემბერს თუ სხვა დროს. მთავარი ის არის, რომ არჩევნების მეორე ტურზე ის ადამიანები მივიდნენ, ვინც წინა არჩევნებზე არ იყვნენ. ამომჩეველთა თითქმის ნახევარი 28 ოქტომბრის არჩევნებზე არ მივიდა. ეჭვი არ მეპარება, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე არ არის, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან დიდი მობილიზაცია ჰქონდა.
არჩევნებზე ის ადამიანები არ მივიდნენ, ვინც არსებული ვითარებით კმაყოფილი არ არიან და საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირეს. ვფიქრობ, რომ ადამიანების უდიდესი ნაწილი არჩევნების მეორე ტურზე მივა და ხმას „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მისცემს“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ჟორჟოლიანმა.
განსხვავებულია ანალიტიკოსების შეფასება. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე განმარტავს, რომ „ქართული ოცნება“ სწრაფი ტემპით უახლოვდება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას. ექსპერტი ამბობს, რომ ყველა მეთოდს მიმართავენ იმისათვის, რომ ის ამომრჩეველი, ვინც ზურაბიშვილს არ უჭერს მხარს, არ მივიდეს უბნებთან, ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით.
„არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უშუალოდ საქართველოს ეხება. ამომრჩეველი, რომელიც ხმის მისაცემად რეგიონში უნდა წავიდეს, შაბათ–კვირას უფრო სიამოვნებით მიდის იმიტომ, რომ ორი დღე აქვს იქ დასარჩენად, თან მშობლიურ სახლს ნახულობს და თან ხმას აძლევს. ხოლო ისეთ შემთხვევაში, როდესაც შუა კვირას ინიშნება არჩევნები, ერთ დღეში წასვლა–წამოსვლა ბევრს დაეზარება.
ადამიანის ბუნებაზეა გათვლილი. ელემენტარულად, როცა 2 დღე გაქვს წინ, უფრო სიამოვნებით წახვალ. ამ შემთხვევაში კი ბევრმა შეიძლება თავი შეიკავოს. მოკლედ, ყველა მეთოდს მიმართავენ იმისათვის, რომ ის ამომრჩეველი, ვინც ზურაბიშვილს არ უჭერს მხარს, არ მივიდეს უბნებთან, ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით. ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ უკვე კვალდაკვალ მისდევენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას“, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
მივა თუ არა ხელისუფლებაზე გაბრაზებული ამომრჩეველი საპრეზიდენტო არჩევნებზე, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს განცხადებით, ეს უკვე ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, როგორ უნდა მოქცეულიყო „ქართული ოცნება“ თავიდან, ეს ცალკე თემაა, ისევე როგორც დააგვიანა თუ არა ხალხთან კომუნიკაცია.
„ივანიშვილის დაბრუნების ერთ–ერთი მოტივი იყო ხალხთან დაახლოება, მაგრამ ხალხსა და ხელისუფლებას შორის არსებული ნაპრალი ნაპრალად დარჩა. ორი კვირაში არჩევნებია, ამ არჩევნებისთვის ხალხს სჭირდება ინფორმაცია, ლოგიკა და არგუმენტი, რადგან ეს არჩევნები არის გადამწყვეტი. რეალურად, საპრეზიდენტო არჩევნები არის რევოლუციის არჩევანი. ვაშაძე რევოლუციას აპირებს და ვაშაძისთვის მიცემული ხმა, ფაქტიურად რევოლუციის არჩევას ნიშნავს. ის, რომ რევოლუციის არჩევანია, სასწრაფოდ საჭიროებს განმარტებას ხალხისთვის, რას ნიშნავს რევოლუცია და, რომ რევოლუცია უკვე ივანიშვილის დასჯისთვის გადადგმული ნაბიჯი არ იქნება. რევოლუცია მოიტანს ძალადობას, დესტაბილიზაციას, რომელმაც შეიძლება საერთოდ შეაჩეროს ინვესტიციების შემოტანა და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარება. არ ვიცი ეს მომენტი აქვს თუ არა გაცნობიერებული ქართულ საზოგადოებას, მაგრამ ამის ახსნა არის ხელისუფლების ვალდებულება. თუ ჩვენ გვინდა ნორმალური, ალტერნატიული პარტიების განვითარება, რაც ევროპულ ვარიანტში იგულისხმება, მაშინ რევოლუციურ ნაბიჯებს თავი უნდა ავარიდოთ. როგორც ამას აკეთებს ყველა ევროპული განვითრებული საზოგადოება“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება 800 ათას ამომრჩეველს, რომელმაც ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მისცა, რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ეს არის ივანიშვილის ჯინაზე მიცემული ხმები, მაგრამ საპროტესტო აქციაზე ადამიანი ივანიშვილის ჯინაზე კი არა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად უნდა მივიდეს, რადგან იქ უკვე ჯინა აღარ არის.
„გრიგოლ ვაშაძემ თუ ხმები აიღო, აიღო იმიტომ, რომ ხალხი გაბრაზებულია ივანიშვილზე და ვაშაძეს სასარგებლოდ ჩაყარეს ხმები. 800 ათასი ამომრჩეველი არ არის ვაშაძის დამსახურება. რბილად, რომ ვთქვათ, ივანიშვილის შეცდომებმა ჩააყრევინა მოსახლეობას ხმები ვაშაძის სასრგებლოდ. თვითონ მოსახლეობა ვაშაძეს რამდენად უჭერს მხარს, ჩანს ქუჩაში და ჩანს იმაშიც, რომ შვილმკვადრი მამების მიტინგი ფაქტიურად დაიშალა, როცა გაიგეს, რომ ამის უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა“.
ასე რომ, ეს პარტია როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ დააყენებს იმ რაოდენობით ხალხს ქუჩაში, რაც სჭირდება ხავერდოვან რევოლუციას. ხავერდოვან რევოლუციას სჭირდება ხალის ის რაოდენობა, რომლის წინააღმდეგ ხელისუფლება უძლური ხდება. ასეთი რაოდენობა „ვარდების რევოლუციის“ დროს იყო 30 ათასი. ამ რაოდენობის ხალხის გამოყვანას „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასოდეს შეძლებს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.