სალომე ზურაბიშვილის ბილბორდების „ქარული ოცნების“ ბილბორდებად გარდასახვამ წინასაარჩევნო სამზადისს მხიარული ელფერი შემატა. ფემინისტებმა ჩათვალეს, რომ სალომე ზურაბიშვილის მამაკაცებით ჩანაცვლება ქალთმოძულეობის დემონსტრირებაა. არასამთავროებმაც გაკიცხეს ამ იდეის ავტორნი, გიორგი მშვენიერაძემ აღნიშნა, მეტად როგორ უნდა დაამცირო პრეზიდენტობის კანდიდატი, რომ ბანერებიდან საკუთარი სურათები ჩამოახსნევინო და შენი გააკვრევინო.
„ქართული ოცნების“ დეპუტატ ლევან კობერიძეს საარჩევნო ბილბორდების ნაწილზე სალომე ზურაბიშვილის ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის ფოტოებით ჩანაცვლება არათუ მოსწონს, არამედ პოლიტტექნოლოგიის თვალსაზრისით მისაღებ ხერხად მიაჩნია. იგი ფიქრობს, რომ ამ ხერხის გამოყენება ხმების რაოდენობაზე პოზიტიურად აისახება, თანაც, ეს ნიშნავს რომ „ქართული ოცნება“ ღიად უჭერს მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს-სალომე ზურაბიშვილს.
„ქართული ოცნების“ მიერ არჩევნების მეორე ტურში არჩეულ ამ ახალ სტრატეგიას განსხვავებულად აფასებენ ქართველი ანალიტიკოსები.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბილბორდებზე ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის გამოსახვა დანაშაული არ არის. აქ საუბარია იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო მაღლა ასწია თამასა და პირდაპირ დააფიქსირა, რომ ბიძინა ივანიშვილი უშუალოდ უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურმა მმართველმა ძალამ უკვე მოახდინა მობილიზაცია.
ვახტანგ მაისიას განმარტებით, წინა არჩევნებში, როცა ბიძინა ივანიშვილის სახე გამოჩნდა და ის უშუალოდ ჩაერთო საპრეზიდენტო კამპანიაში მარგველაშვილის სასარგებლოდ, არავის გაკვირვებია მისი გამოჩენა, ახლა კი ერთი ამბავი ატეხეს. ანალიტიკოსს აინტერესებს, მაშინ რატომ არ იღებდა ხმას „ნაცმოძრაობა“, როცა ბიძინა ივანიშვილი თავისი ავტორიტეტით ჩაერთო და მარგველაშვილს 68% „ააკრეფინა“?!
„რა მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელია თუ არა კანდიდატი, როცა აქ უკვე საუბარია არა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის დაპირისპირებაზე, არამედ დამოუკიდებელ საქართველოსა და რუსეთის ნეოიმპერიას შორის ბრძოლაზე. აქ უკვე ყველა ძალა უნდა გაერთიანდეს, რათა პრორუსულ ძალებს ჩამოვხსნათ ნიღაბი. ამისთვის ყველა გზა გამართლებულია. არ გამოვრიცხავ, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, რისი დიდი იმედიც მაქვს, რუსეთმა პროვოკაციები მოაწყოს და ამით გააპროტესტოს, რომ ვერ გაიმარჯვა საკუთარი მარიონეტების, მათ შორის, გრიგოლ ვაშაძის მეშვეობით.
სხვათა შორის, სულ ახლახანს ევროპულ ქვეყნებში ყოფნისას რუსეთის სახელისუფლებო საექსპერტო მაღალი წრის წარმომადგენლებმა პირდაპირ მითხრეს, რომ კრემლს ვაშაძის გამარჯვება ურჩევნია, ვიდრე სალომე ზურაბიშვილის. ბულგარეთში ევროპარლამენტარებიც იყვნენ ჩამოსულნი, მათაც ვესაუბრე და სპეციალური კონფერენციაც გავმართე, სადაც წარმოვაჩინე ყველაფერი, რაც საქართველოში პრორუსული ძალების მცდელობას უკავშირდება. მთელი ბალკანეთი იზიარებს პოზიციას, რომ საქართველოში მიმდინარეობს ორი ძალის დაპირისპირება, რაც გამოიხატება პროევროპელი, დემოკრატიული საზოგადოების, ანუ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისა და პრორუსი გრიგოლ ვაშაძის სახით“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ, რომლის აზრითაც, ბილბორდები ჩვეულებრივი პოლიტტექნოლოგიური სქემაა, რომელზე გამოსახული ფოტოებითაც კანონი არ ირღვევა.
ანალიტიკოსს ისიც ახსენდება, რომ თავის დროზე, როცა ლებედს, ელცინსა და ზიუგანოვს შორის იყო დაპირისპირება, ლებედმა ალენ დელონი ჩამოიყვანა და სწორედ ალენ დელონის მხარდაჭერით გავიდა მესამე ადგილზე. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი საშულებების გამოყენება გამართებულია და გასაკვირი არ არის.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში არ მალავს, რომ მისთვის უცნაური და გაუგებარი პიარსვლაა, თუ რატომ ჩაანაცვლეს სალომე ზურაბიშვილის ფოტოები. მისი აზრით, ეს ცუდია ტონია, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს საარჩევნო სუბიექტის, პრეზიდენტობის კანდიდატის ბილბორდია და მასზე სხვა ადამიანის მიხატვა გაუგებარია.
„ეს შეცდომაა და ხმებს არ მოუტანთ. ჯერ ერთ, ბილბორდზე საკუთარი სურათები რომ გამოსახეს და მერე ამის ახსნა მოუწიათ, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ პიარი ჩაუვარდათ. ასახსნელად თუ გაგიხდა საქმე, ე.ი. საქმე წარმატებული არ ყოფილა. ეს იმას ჰგავს, კახელმა სურათი რომ გაუგზავნა მშობლებს და მიაწერა, მარჯვნივ მე ვარ და მარცხნივ კიდევ ლილიო. რა სისულელესაც გააკეთებენ, პირში უნდა ვუთხრათ. ახლა ფეისბუკში ვარ და ვხედავ, ამ იდეის ავტორებს როგორ დასცინიან. ვინც ეს მოიფიქრა, მათ პასუხი უნდა მოსთხოვონ. „ტოჩნი ზურაბასი“ არ იყოს, ეს რაღა უბედურებაა. ახლა აგვიხსნეს, თითქოს ეს ხმების მობილიზებისთვის ხდება. ასეთი იმიჯი აქვს სალომეს, რომ ის არის დამოუკიდებელი, ზეპარტიული კანდიდატი. ამისკენ უნდა ყოფილიყო ყველაფერი მიმართული. ამათ კიდევ ასეთი საწინააღმდეგო პიარსვლა მოიფიქრეს, თითქოს სალომეს კი არ ვირჩევთ, არამედ „ქართული ოცნების“ პარტიას ვირჩევთ. ამით ზეპარტიულობის იდეა ზიანდება“,-აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
მანვე განმარტა, რომ, რა თქმა უნდა, „ნაცები“ ეცდებიან, ამით კატასტროფა დახატონ. სინამდვილეში, ეს კატასტროფა არ არის, უბრალოდ, ცუდი ტონი და ცუდი პიარსვლაა. დავით ზარდიაშვილის თქმით, პირადად მას ასეთი რამ არც გაუგონია და არც უნახავს, რომ ასარჩევი პირის ნაცვლად ბილბორდზე სხვისი სურათი გაეკრათ.
რაც შეეხება მოსაზრებას, იქნებ, „ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ მათთვის წამგებიანია ბილბორდებზე ზურაბიშვილის ფოტოს გამოსახვა, დავით ზარდიაშვილი გვპასუხობს, რომ ეს კიდევ უფრო უარესია, საერთოდ წარმოუდგენელია, კანდიდატი დამალო და მის მაგივრად სხვა დახატო, ეს უბრალოდ დაცინვაა.