„თუ საქართველოს ისევ შიში, ნამუსის ახდა და წართმევა უნდა, მაშინ აირჩიონ ვაშაძე“

„თუ საქართველოს ისევ შიში, ნამუსის ახდა და წართმევა უნდა, მაშინ აირჩიონ ვაშაძე“

„ის კადრები რომ აღმოეჩინათ „ნაციონალებს“, რაც აღმოაჩინა „ქართულმა ოცნებამ“, საქართველოში „ბი-ბი-სი“-სა და „სი-ენ-ენ“-ის შტაბი იქნებოდა გადმოტანილი, პირდაპირ ეთერში მოხდებოდა ამ კადრების გაშვება და დამნაშავეების დაპატიმრება და დახვრეტა“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში უფლებადამცველი ირმა ჭკადუა.

მართალია, ბიძინა ივანიშვილმა ძველ გვარდიას აღუთქვა, რომ მათ არ დაივიწყებს, მაგრამ დაწვრილებით არ გვეუბნებიან, რას აპირებენ სამომავლოდ და რომელი გზით აპირებენ სვლას. გამოდის, უბრალო სიტყვაზე უნდა ვენდოთქართულ ოცნებას“?

- მე ძალიან მძიმე გრაფიკი მქონდა და ვერ შევძელი ბოლოდროინდელ პროცესებში აქტიურად ჩართვა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას დაშორდა, ხალხის მაჯაზე ხელი არ უდევთ. მათ დაავიწყდათ, რომ ჯერ კიდევ საუკუნეების წინ მეფეები ჭილოფში გადაცმულნი გამოდიოდნენ და ხალხს ეკითხებოდნენ პრობლემების შესახებ, წყაროზე რას ლაპარაკობდნენ, იმითაც ინტერესდებოდნენ. ამათ ეს დაავიწყდათ, რადგან კომფორტის ზონაში გრძნობენ თავს.

გარანტიას ვაძლევ ამ ხელისუფლებას, რომ მოვთხოვ იმ პროგრამის შესრულებას, რა პროგრამითაც ისინი ახლა ცდილობენ, შემოაბრუნონ ამომრჩეველი. აუცილებლად მექნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან, მათ პროგრამასთან მიმართებით შეკითხვები, აუცილებლად გავაკეთებ განცხადებას, მაინტერესებს, მათ გარკვეული ნაბიჯები დასახეს თუ არა და კონკრეტულად რა უნდა გამოასწორონ. ეს პროგრამის სახით უნდა გამოაქვეყნონ და ყოველ თვეში მე მათ შევახსენებ ამ პროგრამას, ყოველი თვის ბოლოს საზოგადოებაც მათ მოსთხოვს ანგარიშს. სხვა შემთხვევაში, ისინი 2020-ში წავლენ იმავე გზით, რა გზაზეც წავიდა მათი წინამორბედი.

რაც შეეხება ძველ გვარდიას, მე როგორი პასუხისმგებლობაც მაქვს ამ ხელისუფლების მოყვანაში, სხვა თუ არაფერი, თუნდაც ერთი პატარა აგური მაქვს დადებული, მაქვს უფლება, მოვთხოვო დანაპირების შესრულება, რომლის უმეტესობაც შესრულებული არ არის. დღეს გაახსენდათ ძველი გვარდია, რომელიც ყველაზე ერთგული მხარდამჭერი იყო და, რომელთა, ლამის, გვამებზეც ისინი მოვიდნენ?! ჩვენ ყინვაში, ქარში ვიდექით, ჩვენი შვილები პოლიტიკურ ნიადაგზე ციხეში ისხდნენ. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს გაახსენდათ, ყველაზე მეტად იბლოკებოდნენ იმ პორტირებული ადამიანების მხრიდან, რომლებიც გვერდში ჰყავდათ ამოყენებული „ქართულ ოცნებაში“ და, რომელთა რჩევებსაც დღემდე რატომღაც ითვალისწინებენ. ამიტომ მივედით ამ მდგომარეობამდე.

მე ვიყავი რუსთაველის თეატრში, იქ ძველი გვარდიიდან ისეთი ადამიანები შევხვდით ერთმანეთს, რომლებიც 2012 წლის შემდეგ ძალიან იშვიათად თუ ვხვდებით. ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს ის გადასადგმელი ნაბიჯები და ეს არ იყოს ლიტონი სიტყვები ხალხის მოსატყუებლად.

დღეს ვერ გაურკვევიათ, პირველ ტურში არასახარბიელო შედეგები რამ გამოიწვია - სალომე ზურაბიშვილის ცალკეულმა განცხადებებმა (მათ შორის, სასულიერო პირების, ნარკოპოლიტიკის, აგვისტოს ომის მიმართ), თუქართული ოცნებისარასწორმა პოლიტიკამ? თქვენ როგორ ფიქრობთ?

- გამოუსწორებელი შეცდომები იყო დაშვებული. მსოფლიოს ისტორიაში არ მეგულება ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ეკლესიას დაპირისპირებოდა და ის წინ წასულიყო. ერთი პერიოდი, მეჩვენებოდა, რომ მიზანმიმართულად გააკეთეს ეს, რათა საზოგადოება განერისხებინათ. იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაცია უნდა მოხდეს და მარიხუანის პლანტაციები უნდა გაშენდეს საქართველოში, არა მგონია, უნდოდეთ, რომ მათი შვილები იყვნენ ნარკოტიკების მომხმარებელნი. ეს სჭირდებათ ზუსტად „ნაცმოძრაობის“ განაყოფებს და ზუსტად იმ ადამიანებს, რომლებზეც ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ისინი კოლექტიურად, საჯაროდ პარლამენტშიც ეწეოდნენ მარიხუანას. მაინტერესებს, როგორ გაიცემოდა ნარკოლოგიურიდან ცნობები ამ ადამიანებზე, თუკი ეს ადამიანები იყვნენ ასეთი მომხმარებლები. სამწუხაროდ, მათ პასუხი არ მოეთხოვათ და ამ ხელისუფლებაშიც, ეტყობა, გაჩნდა განცდა, თვითონაც რამე რომ დააშავონ, მათაც პასუხს არავინ მოსთხოვს.

რა თქმა უნდა, „ნაციონალებისდროინდელი“ 9 წელი იყო „დაუვიწყარი“ რეჟიმი, მაგრამ „ოცნებისდროინდელი“ 6 წელიც არ არის ცოტა. 6 წელში მინიმუმ 50%-ით უნდა გამოესწორებინათ ის პრობლემები, რა პრობლემებითაც ისინი პარლამენტში შევიდნენ. საკანონმდებლო უამრავი ხარვეზია დატოვებული, სად არის სამართლიანობის აღდგენა, რაზეც ისინი ლაპარაკობდნენ?

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბიდან სულ უფრო მეტად გაისმის რევოლუციური რიტორიკა. სამართლიანობის აღდგენა, ალბათ, ისე მარტივი არ იქნება, რადგან დეკემბრისთვის საგანგებოდ ემზადებიანნაციონალები“.

- ყველამ ვიცით, რომ „ნაცმოძრაობას“ 15%-ის ფარგლებში ამომრჩეველი ჰყავს და მუდმივად ეყოლება, ეს არის იმ ოჯახების რაოდენობა, ის ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც „ნაციონალების“ მომხრე იყო, მაგრამ 15% საქართველოს პრეზიდენტს ვერ უნდა ირჩევდეს. ქართველი ხალხი არ არის ბრიყვი, ჩვენს ერს კარგად შეუძლია, გაარჩიოს ქართული, ანუ მშობლიური ენა და რუსული ენა ერთმანეთისგან. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ქართველი ხალხის პრეზიდენტი და არა „ქართული ოცნების“, ან „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი. ვაშაძემ პიარკამპანია დაიწყო იმით, რომ შეიწყალებდა დამნაშავეებს, რაც მათ მამლის ყივილამდე უარყვეს და შეეცადნენ, შეელამაზებინათ მათი სურვილები, მაგრამ არ გამოუვიდათ. არც არავინ დაიჯერებს, რამდენჯერაც არ უნდა გაიმეოროს ბატონმა სააკაშვილმა, რომ თურმე მას არ სჭირდება შეწყალება. ეს არის ადამიანი, რომელიც ხან პარაშუტით მოდიოდა საქართველოში, ხან გვირაბს თხრიდა... ასევე, ჩვენ ვნახეთ ბატონი ახალაიას წერილი, რომ თურმე შეწყალება მასაც არ სჭირდება. „ნაციონალების“ დროს იყო შიშის სინდრომი და, თუ საქართველოს ისევ შიში, ნამუსის ახდა და წართმევა უნდა, მაშინ აირჩიონ ვაშაძე. ისინი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არ არიან მოსულები, რომ უკვე თითს გვიქნევენ და გვაშინებენ. ყველას გვახსოვს გვარამიას მუქარა, თურმე როგორ უნდა გავიქცეთ საქართველოდან. ძალიან კარგი, რაც უფრო მეტი თაკო ჩარკვიანი ილაპარაკებს, რაც უფრო მეტი შკლიაროვი გამოჩნდება და, რაც უფრო მეტჯერ ჩაიხდიან შარვლებს, ეს ისევ „ქართული ოცნების“ პიარი და „ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმაა.

ქართული ოცნებაგვარწმუნებდა, რომ მოსამართლეებს, პროკურორებს ვერ შეეხებოდა, რადგან ახალი კადრები არასაკმარისი იყო, ამიტომაც ერჩივნათ ისევ უსამართლო კადრების შენარჩუნება. სამართლიანობის აღდგენა გახდა ის გარდამტეხი, რის გამოც პირველ ტურში ასეთი შედეგი დადგა?

- მარტო ამას ვერ დავაბრალებთ, თუმცა ყველამ ვიცით, რომ იყო უამრავი დაპატიმრებული ადამიანი, უამრავი დატერორებული ბიზნესმენი. დღეს სასამართლოში შემხვდა ანზორ ქოქოლაძე, ეს ადამიანები დღესაც დადიან სასამართლოში, პროკურატურაში, მაგრამ ვერ მიაღწიეს მიზანს, მათ მიმართ არ აღდგა სამართლიანობა.

აფრასიძეები ყველამ დაივიწყა, არადა, მსოფლიოს ისტორიაში მსგავსი სისასტიკე შეიძლება არც მომხდარა. 12 თვითმფრინავით ოჯახი დაუბომბეს, სადაც 4 მცირეწლოვანი ბავშვი, 3 ქალი და 4 მამაკაცი იყო. აქედან ცოცხლად დაწვეს ოჯახის უფროსი ევგენი აფრასიძე, ადგილზე დახვრიტეს ხელბორკილდადებული ომეხ აფრასიძე, ასევე, დაჭრილი იყო გოჩა აფრასიძე, მათ დაუბომბეს საცხოვრებელი და დღემდე ამდენი ადამიანი თავშეფარებულია წალკაში, ერთ პატარა ოთახში ყოველგვარი სოციალური დახმარების, საცხოვრისის, სამსახურის გარეშე. 4 შვილის დედა, ქალბატონი ინდირა კი დღემდე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წევს.

ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე. ჩვენ არ გვინდა დაბრუნდეს ის ტერორი, რაშიც ვცხოვრობდით, ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს და ქართველი ხალხი არ დაუშვებს ხელმეორედ იმ „უჟასის“ ნახვას, რომელიც 2012 წელს გავისტუმრეთ.

ბევრი სპეკულაციაა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ აღდგა სამართლიანობა. ერთ-ერთი ყველაზე არგუმენტირებული მოსაზრებაა, რომნაციონალებს“ „ქართული ოცნებისლიდერშიპის მიმართ მაკომპრომატირებელი მასალები აქვთ.

- იმ პერიოდში ტოტალური მოსმენები და ჩაწერები მიმდინარეობდა. ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ არ უნდა განადგურებულიყო ეს ფაილები. ის სისასტიკე, ძალიან მძიმე იქნებოდა, მაგრამ უნდა ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, უნდა ეჩვენებინათ ავტორები, ვინც ჩადიოდა ამ ყველაფერს. ეს მთელი მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინათ. ეს რომ აღმოეჩინათ „ნაციონალებს“, რაც აღმოაჩინა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, მერწმუნეთ, საქართველოში „ბი-ბი-სი“-სა და „სი-ენ-ენ“-ის შტაბი იქნებოდა გადმოტანილი, პირდაპირ ეთერში მოხდებოდა ამ კადრების გაშვება და პირდაპირ ეთერში მოხდებოდა ამ ადამიანების დაპატიმრება და დახვრეტა, ვინც ამ ყველაფერს ჩადიოდა.

„ოცნებამ“ შეცდომა დაუშვა, დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცათ და დაესაჯათ უსასტიკესად, რომ არც ერთ ხელისუფალს არასდროს ცდუნება არ გასჩენოდა მსგავსი ხერხით ემართა ხალხი. არ გამოვრიცხავ, კომპრომატები არსებობდეს ამ ხელისუფლების მიმართაც, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ძალიან ბევრი საქმე შეფერხდა იმიტომ, რომ კონკრეტული მოსამართლეების, ან პროკურორების დაშინება ხდებოდა ზუსტად ამ კომპრომატებით. ფაქტია, რომ გვყავს 180 პოლიტპატიმარი და 25 პოლიტდევნილი, ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 10 მოსამართლე, 10 პროკურორი მაინც იყო ჩართული ამ ყველაფერში, მაგრამ ამაზე საუბარი უკვე გვიანია, ეს დრო გავიდა. 2012 წელს „ნაცმოძრაობის“ წევრები მზად იყვნენ, კალამი და ფურცელი აეღოთ და ეს ყველაფერი დაეწერათ, ემხილებინათ ერთმანეთი. სამწუხაროდ, გასულია ის დრო, როცა მარტივად უნდა გახსნილიყო საქმეები და მაშინ იმას ვერ იტყოდა პროკურატურა, მტკიცებულებების დრო გავიდა და მტკიცებულებები განადგურდაო. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო არასწორმა და არათანმიმდევრულმა საკადრო და ზოგადმა პოლიტიკამ, რასაც „ოცნება“ აკეთებდა.

სოციალური ფონი უსაშინლესია, რასაც აკეთებენ, ისიც კი ვერ მიაქვთ ხალხამდე, რადგან პიარშიც ის ხალხი ჰყავთ, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ ემსახურებდნენ. არის საბოტაჟის ბევრი შემთხვევაც, რაზეც ადრეც მისაუბრია და კონკრეტული მაგალითები მომიყვანია. მათ ხალხის შეკვეთა, რის გამოც პარლამენტში, ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში წამოსხდნენ, არ შეასრულეს. ხალხმაც სილა გააწნა „ოცნებას“, მაგრამ დღეს ქართველი ხალხი „ოცნებას“ კი არ აძლევს ხმას, არამედ ხმას აძლევს ლოზუნგს - „არა. ნაციონალურ მოძრაობას“. ხალხი დღეს ირჩევს სალომე ზურაბიშვილს იმიტომ, რომ არა „ნაცებს“. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ „ნაცმოძრაობას“ დღის წესრიგი დაედგინა და „ნაცმოძრაობა“ გამხდარიყო ანგარიშგასაწევი ძალა. „ნაცმოძრაობას“ კითხვები დაესვა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისებში საჯაროდ, მაშინ, როდესაც ასეთი კომისიები არასოდეს შეუქმნიათ და ფიქრადაც არ დაუშვებდნენ, მსგავსი რამ ყოფილიყო.

თუკი ბატონი ბიძინა რეალურად მოინდომებს, შემოიკრიბოს პროფესიონალები, სიტუაცია შეიცვლება. მას ღია განცხადებითაც მივმართე, შექმნას ნდობის ჯგუფი. აქ არ არის პირადად ჩემზე საუბარი, არანაირი თანამდებობა არასოდეს მომითხოვია, მე შევარდნაძის დროსაც ადვოკატი ვიყავი, სააკაშვილის დროსაც და დღესაც ადვოკატი ვარ. ყველა მიმართულებიდან დარგის ერთი ან ორი სპეციალისტი მიიწვიოს, ნდობის ჯგუფები შექმნას, რომლებიც ზუსტად მიაწვდიან იმ პრობლემატიკას, რა პრობლემატიკაც არის ნებისმიერ სფეროში და უნდა შეეცადონ, გამოასწორონ სიტუაცია. ხალხს არ სჯერა „ოცნების“ რჩეულების, რომლებიც კეკლუცობენ ტელეეკრანებიდან, ხალხს არ სჯერა, რომ მათი პრობლემა მიდის იქ, სადაც ამ პრობლემის გადაწყვეტის ადგილია. ბატონი ბიძინა უნდა გამოვიდეს ხალხში, უნდა შეხვდეს ასეთ ჯგუფებს და მან პირადად აიღოს სადავეები.

დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბატონ ბიძინას პრემიერ-მინისტრის რანგში. მართალია, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები წააგო, მაგრამ მეორე ტურს იგებს ხალხი და არა „ქართული ოცნება“.