ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის 25 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო „ლუსტრაციის კანონი“. კანონის თანახმად, საბჭოთა სუკ–ის თანამშრომლებს ეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში არსებული კანონი ხარვეზით მუშაობს. სწორედ „ლუსტრაციის კანონიდან“ გამომდინარე არ მოაწერა ხელის საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის ა–რ მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნას, რომელიც წლების განმავლობაში მოვალეობის შემსრულებელია.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში მოქმედებს „ლუსტრაციის კანონი“ გაუგებარია, რა რეგულაციებს ითვალისწინებს პარლამენტის წევრის, ლევან კობერიძეს ინიციატივა.
„ჩვენ გვაქვს კანონი „ლუსტრაციის შესახებ“ ამიტომ გამიჭირდება კომენტარის გაკეთება, რას გულისხმობს ბატონი ლევანი კანონის მიღებაში. საქართველოში მოქმედებს ლუსტრაციის კანონი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ ნორმებს და პროცედურებს, არჩევით თანამდებობასთან დაკავშირებით. თუმცა, ამ კანონს აქვს ხარვეზები“, – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.
სწორედ ამ ხარვეზებიდან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე პარლამენტში ლუსტრაციის კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. დეპუტატი კოლეგებს მიმართავს შეუერთდნენ მის გადაწყვეტილებას. დეპუტატი დამატებით განმარტებებს არ აკეთებს. სავარაუდოდ მისი გადაწყვეტილება უკავშირდება ფოტოგრაფ იური მეჩითოვის სკანდალურ განცხადებას.
„ლუსტრაციის კანონი! სასწრაფოდ! იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საბოლოოდ დავემშვიდობოთ საბჭოთა წარსულს, იმისათვის, რომ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა შეძლონ უკეთესი საქართველოს შენება, იმისათვის, რომ ქვეყანამ იაროს პროგრესის გზით, პარლამენტში ვაპირებ ინიცირება გავუკეთო კანონპროექტს ლუსტრაციის შესახებ – მივმართავ კოლეგა დეპუტატებს, შემომიერთდნენ და ერთად გადავდგათ ეს ნაბიჯი“, – აღნიშნავს ლევან კობერიძე.
პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ყველა საკითხი განსახილველია, საინტერესოა, მაგრამ აქ ემოცია არ უნდა ჭარბობდეს.
„გეუბნებით, რომ გაცილებით მძიმე სურათს ხატავს „ნაციონალური მოძრაობა“ და იმაზე გადართვა, რა თქვა მეჩითოვმა, არასწორად მიმაჩნია, მით უმეტეს არაადეკვატური და სიმართლისგან მოგლეჯილი განცხადება გააკეთა. ამ არაადეკვატურობით ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“, გადაფაროს ყველაფერი, რაც გააკეთა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
განსხვავებულია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია. ეკა ბესელია მხარს უჭერს კოლეგა დეპუტატის ინიციატივას და მიიჩნევს, რომ ლუსტრაციის კანონი ნამდვილად მისაღებია.
„სამართლებრივი საფუძველი და ბაზა არსებობს. ის, რომ ყველა ადამიანი გაიშიფროს, რომელიც წარსულში უკავშირდებოდა იმ სპეცსამსახურებს, მისაღებია. მათ იმ წარსულის გამო არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ისეთ პოზიციებზე იყვნენ წარმოდგენილი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. ნამდვილად მგონია, რომ ამ იდეას აქვს ძალიან საინტერესო საფუძველი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ლუსტრაციის შესახებ“ კანონის მიღებას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე, რომლის განცხადებით, კარგი იქნება თუ ლუსტრაციის კანონს მიიღებენ, მაგრამ დეპუტატი ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ და პარლამენტი განახევრდება.
„ძალიან კარგი იქნება თუკი ლუსტრაციის კანონს მიიღებენ, მაგრამ „ქართული ოცნება“ და პარლამენტი რომ განახევრდეს უცებ, მერე რა უნდა ვქნათ? დარწმუნებული ვარ, ამ კანონს არ მიიღებენ, რადგან მათთვის ხელსაყრელი არ არის, მაგრამ საბჭოთა წარსულისთვის სახელის დარქმევა კი არ არის საჭირო, არამედ საბჭოთა წარსულის გადმონაშთები უნდა ამოიძირკვოს პოლიტიკიდან.
ერთმანეთის მიყოლებით სულელურ განცხადებებს აკეთებენ. თურმე გენერალს არ აქვს უფლება სამხედრო ფორმით გააკეთოს განცხადება. საკუთარი აგენტის ფორმიანი განცხადება მისაღებია და გმირი გენერლის განცხადება მიუღებელი? ეს მაჩვენებელია ერთი რამის – წინასაარჩევნოდ ხელისუფლება არის პანიკაში და დგამს ერთმანეთზე წამგებიან ნაბიჯებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს მაგალითად პოლონეთის მოჰყავს, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მეთოდურად ახორციელებს საბჭოთა აგენტურის გამოვლენას და პოლიტიკური თანამდებობიდან განთავისუფლებას.
„მეტიც, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უშიშროების სამსახურები ერთმანეთთან თანამშრომლობენ და ერთმანეთისგან ღებულობენ ინფორმაციას ვინ ვისი აგენტი იყო. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ვარშავის ხელშეკრულება, საბოლოო ჯამში, უშიშროების ერთი ხაზი იყო. ახლა კიდევ ევროპულ კავშირში თანამშრომლობენ. მაგრამ ჩვენთან ეს არ მოხერხდა. კი ბატონო, მიიღეს ეს ლუსტრაციის კანონი, მაგრამ რა? – არც არაფერი.
თუ ლაპარაკია ვინმეზე, რომელიც თანამშრომლობს რუსეთთან, ამისთვის არის უშიშროების სამსახური და მან უნდა გამოავლინოს. ძირითადი ადამიანები, ვინც შესაძლოა, მოხვედრილიყო ამ ბადეში, ისინი ან პენსიაზე არიან გასულები, ან გარდაცვლილი არიან. აქტიურ პოლიტიკაში არ არიან“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, 90–იანი წლებში აქტუალური იყო „ლუსტრაციის კანონის“. დღეს უკვე მისი თქმით, ყველაფერი განმჟღავნებულია, ყველა ადამიანმა თავისი თავი გამოხატა. ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ ლუსტრაციის კანონის მიღებას აზრი ჰქონდა მაშინ, როდესაც კომუნისტური ხელისუფლება წავიდა და დაიწყო გარდამავალი ეპოქა.
„პოსტკომუნისტური ეპოქა გვაქვს. ახლა უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუ იური მეჩითოვის განცხადება აქვთ მხედველობაში, ამ ადამიანის აზროვნება დიდი ხანია ცნობილია, მას ხშირად ახასიათებს ასეთი გამოხტომები, საბჭოთა ნოსტალგია, ძველ დროს მისტირის. რასაკვირველია მეჩითოვის განცხადებას არ აქვს გამართლება, მაგრამ ლუსტრაციის კანონი და ზედმეტი რეაქციები გადაჭარბებულია. ყოველგვარ აზრს არის მოკლებული.
საბჭოთა პერიოდის შემდეგ გავიდა 30 წელი, სხვა თაობა არის ახლა. ყველა, ვისი ლუსტრირება იყო საჭირო და აუცილებელი, ამ პერიოდში თავი გაამჟღავნა და გამოხატა. პირიქით, ისეთი ვითარებაა, რომ აგერ სააკაშვილი ძალიან თავხედურად და უტიფრად არღვევს კანონს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩვენი კონსტიტუციით ეკრძალება საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღება, მაგრამ პირდაპირ ჩართულია საარჩევნო კამპანიაში.
რა ლუსტრაციის კანონი უშველის სააკაშვილს? - არაფერი. განმჟღავნებულია მისი როლი აგვისტოს ომში, ახლა პირიქით უკუღმა ატრიალებს ყველაფერს და საზოგადოების ნაწილიც აყვა. ლუსტრაციის კანონი ასეთ საზოგადოებას ვერ დაიცავს. შავი და თეთრის გარჩევას ლუსტრაციის კანონი არ სჭირდება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.