მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პირადად მისი და მისი შვილების მისამართით მუქარის შემცველ გზავნილებსა და ხმოვან ჩანაწერებზე ისაუბრა, გაირკვა, რომ მუქარის ადრესატები ჩვენში სხვა პირებიც გამხდარან.
თურმე არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს, არამედ ომბუდსმენსაც ემუქრებიან, შემდეგი სიტყვებით, „გამოვათრიოთ ეს ალქაჯი და გავასამართლოთ ლინჩის წესით“; არც ყოფილ პროკურორს ნიკა გვარამიას ინდობენ და თურმე მესინჯერში ისეთ რამეს წერენ, სალომე ზურაბიშვილმა რომ წაიკითხოს, „წაიქცევა და ვეღარ ადგება“. „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კი საერთოდ მირაჟში ცხოვრობს და ეეჭვება, საქართველოში საპრეზიდენტო კანდიდატს დაემუქრონ, ამიტომაც მარტივად ასკვნის, „რა ქნას სალომემ, დაავალეს, თან იდეა აღარ აქვთ, საარჩევნოდ რითი შეაშინონ ხალხი“.
სალომე ზურაბიშვილის ინტერესთა დამცველი დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ პირი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის მიმართ მუქარა განახორციელა, უკრაინაში იბრძვის და სამხედრო შენაერთის წევრია.
სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ცალკეული ძალები „ქართული ოცნების“ წევრთა შეჩერებას მუქარით ლამობენ. დაახლოებით ერთი თვის წინ ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის საუბარია ასახული.
„მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ, ასე იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია, რაზეც გვარამია ოცნებობს... მაგათ მაშინ ჰქონდათ რამის თავი, მგლის ხროვასავით რომ იყვნენ, მთელი სახელმწიფო ბერკეტი და ინსტრუმენტები რომ ჰქონდათ“.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, აშკარაა, მსგავსი მესიჯების ავტორებს ერთი განზრახვა აქვთ, როგორმე ფსიქოლოგიურად იმოქმედონ საფრანგეთში გაზრდილ ზურაბიშვილზე, სადაც ასეთი საბჭოური ხერხებით არ ებრძვიან პრეზიდენტობის კანდიდატებს, დააშინონ იგი და საკუთარი ნებით ჩამოაშორონ საარჩევნო კამპანიას.
რას ფიქრობენ ამ მუქარის შესახებ ქართველი სპეცილისტები და დააშინებენ თუ არა ევროპაში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს მსგავსი მესიჯებით?!
უფლებადამცველი ირმა ჭკადუა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუ „ნაციონალები“ მიაღწევენ შედეგს და სალომე ზურაბიშვილს მუქარით, შიშით ჩამოაშორებენ საარჩევნო კამპანიას, მაშინ კონსტიტუციით დარჩება მხოლოდ ერთი კანდიდატი - გრიგოლ ვაშაძე. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია იმის გაგება, საითკენ არის მიმართული ეს მუქარები. ჩვენ ვხედავთ, „ნაცმოძრაობამ“ იგრძნო, რომ ეს არჩევნები წააგო და ამიტომაც მუქარის გზას დაადგა.
„ევრონაცები და სხვადასხვა ჯგუფებად და მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაცმოძრაობის“ წევრები, რომლის რეანიმაციასაც მაქსიმალურად შეეცადა მოქმედი ხელისუფლება, არ არიან მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც დღეს უნდა იყვნენ საპყრობილეებში და იხდიდნენ სასჯელს, მაგრამ ყველაფერი გააკეთა ამ ხელისუფლებამ, რომ მოეხდინა მათი რეანიმირება და ამით გაენაწყენებინა და გადაეკიდა თავისი ამომრჩეველი. ჩვენმა საზოგადოებამ ისიც დაინახა, რომ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური განქორწინება იყო მორიგი თამაში და თვალის ახვევა, რომ ისინი პოლიტიკურად ისევ დაქორწინდნენ და რიტორიკა მათ არ შეუცვლიათ, მათ არაფერი მოუნანიებიათ, ისინი უფრო მეტად აგრესიულები და რევანშისტულად განწყობილნი არიან.
„ნაციონალები“ ამ აგრესიას არც მალავენ, ტელეეკრანებზე ჩვენ ვხედავთ წყობიდან გამოსულ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამიტომაც ქართული საზოგადოება გაერთიანდა, რომ „ნაციონალური“ რეჟიმი არ დაბრუნდეს, ამას ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს“, - მიიჩნევს ირმა ჭკადუა.
NLP-ის სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი მანანა ჯორჯიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევნებიდან გამოთიშვის მცდელობა უდავოდ აქვთ „ნაციონალებს“, რადგან ისინი უკვე ხვდებიან, რომ დავით ბაქრაძის ამომრჩეველი მათი ამომრჩეველი არ არის, ნათელაშვილის ამომრჩეველიც მათი ამომრჩეველი არ არის, ასევე, „ნაციონალების“ ამომრჩველი არ არის ის ელექტორატი, რომელმაც სრულიად სხვა კანდიდატს მისცა ხმა. ამიტომაც „ნაციონალებს“ ერთადერთ იმედად მუქარის ტონის შემცველი მესიჯების გაგზავნა დარჩენიათ.
„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს ეს ხელს არ შეუშლის და მაინც არ მოხსნის თავის კანდიდატურას, ის არ არის მშიშარა ადამიანი. მისგან განსხვავებით, ვაშაძე მშიშარაა. მერე რა, რომ „ნაციონალური“ მოძრაობის დროინდელი ცალკეული სამხედროები, რომლებიც ახლა რაღაც ნიშნით არიან გათავისუფლებულნი სამსახურიდან, სალომეს წინააღმდეგ გამოდიან. ბუნებრივია, ეს სამხედროები ასე მოიქცეოდნენ, მაგრამ ეს არ იქნება გადამდები სხვებზე. პირიქით, ასეთი რაღაცები ყოველთვის უფრო კონსოლიდაციას იწვევს ხოლმე ადამიანის მიმართ და სალომეს მხარეს, ალბათ, უფრო მეტი ხალხი გადავა. ეს „ნაციონალების“ ცუდი „ხოდი“ იყო, მაგრამ არა მგონია, ეს „პიარჩშიკების“ დაგეგმილი ყოფილიყო, უბრალოდ, ეს არის ამ სამხედროების მხრიდან საკუთარი ინიციატივით გადადგმული ნაბიჯები“, - აცხადებს მანანა ჯორჯაიშვილი, რომლის აზრითაც, ამომრჩეველი თავის არჩევანს გააკეთებს, რადგან ჩვენს ელექტორატს კარგად ახსოვს 7 ნოემბერი, 26 მაისი, 6 მაისი.
მისივე შეფასებით, ხალხს „ნაციონალებისგან“ ბევრი ძალადობა ახსოვს. ახსოვთ ისიც, რომ ტელეფონებს მეზობლებთან ინახავდნენ, როცა თავის სამზარეულოში რაღაცის თქმა უნდოდათ. თუნდაც თავისუფლების მაჩვენებელია ის, რომ ვაშაძემ ამდენი პროცენტი მიიღო. ეს რომ გაყალბებული არჩევნები ყოფილიყო და თავისუფალი არჩევანის საშუალება არც მისცემოდა ხალხს, ასე ხომ არ მოხდებოდა?!