პირი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილზე და მისი ოჯახის წევრებზე მუქარა განახორციელა, იდენტიფიცირებულია. ის უკრაინაში იბრძვის და სამხედრო შენაერთის წევრია. პრეზიდენტობის კანდიდატის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბს აქვს მტკიცებულებები, როგორც აუდიო, ასევე წერილობითი, რომ აღნიშნულმა პირმა სალომე ზურაბიშვილზე და მისი ოჯახის წევრებზე მუქარა განახორციელა.
მტკიცებულებები უკვე დართულია სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიებას შს სამინისტრო ახორციელებს. ძიება დაწყებულია სსკ–ს 151–ე მუხლით, რაც გულისხმობს მუქარას. თუმცა, დიმიტრი გაბუნია მუხლის გადაკვალიფიცირებას უფრო მძიმე მუხლით ითხოვს, კერძოდ, 352–ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიტიკური თანამდებობის პირის სიცოცხლის ხელყოფის, ან სხვა მსგავს მუქარას, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6–დან 12 წლამდე.
„ძალიან დიდი ბოდიში, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატის სიცოცხლეზეა მუქარა, როდესაც მისი ოჯახის წევრებზეა მუქარა, ჩვენ აბსოლუტურად რეალურად აღვიქვამთ ამ მუქარას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს „სქრინშოტები“ ნანახი მაქვს, აუდიოჩანაწერიც. აქ არის ნახსენები მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი, შესაბამისად, ეს პირი არ არის „ფეიკი“.
არის კონკრეტული პირი, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია. უფრო მეტიც, მე მაქვს ინფორმაცია, რომ შსს-მ მოახდინა ამ პირის იდენტიფიცირება. მოვუწოდებთ შესაბამის სამსახურებს, დაუყოვნებლივ მოხდეს შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება, რათა მოხდეს ამ პირის დაკავება ან შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება.
ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა უნდა იქნეს გამოვლენილი და უმკაცრესად დასჯილი. საუბარია ერთ პირზე, თუმცა, ეს პირი არის სამხედრო შენაერთის წევრი. ის იბრძოდა და იბრძვის საზღვარგარეთ, უკრაინაში, ის არის ქართული შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურეითხოვს“, – აცხადებს დიმიტრი გაბუნია.
სალომე ზურაბიშვილის განცხადების საფუძველზე შსს–ში გამოძიება მიმდინარეობს. შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა განცხადებით უწყებას 10 ნოემბერს მიმართა და შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა მუქარა.
კერძოდ, მათ მიიღეს შეტყობინებები სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის შესახებ. ბორცვაძის განცხადებით, იმავე დღეს დაიწყო გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე. მისი თქმით, საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, გამოძიება წარიმართება ინტენსიურად. ასევე, ვიყენებთ კანონით დასაშვებ ყველა შესაძლო ბერკეტს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. როგორც კი გვექნება გამოძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სალომე ზურაბიშვილმა შსს–ს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, ფაქტზე რეაგირება მოახდინონ.
„ბოლო დღეებში 9, 10 და 11 ნოემბერს განხორციელდა ჩემი შვილების – თეიმურაზის და ქეთევანის, ასევე პირადად ჩემს მიმართ მოკლე ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა. გამოკვეთილად სხვადასხვა უხამსი სიტყვებით, სამივეს მიმართულებით გაჟღერდა „შუბლს გაგიხვრიტავ“, „თქვენს სისხლს დავლევ“...
მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენტიფიცირებული პირები არიან – ყოფილი სამხედროები, თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მეთაურებთან. ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომ ასეთი ადამიანები, ვინც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალების სახელით, იმ ძალის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში და ჩემთვის პირადად ქართველი ვაჟკაცების ღირსების და თავდადების სიმბოლოა“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, სოციალურ ქსელებში თანხვედრილი და იდენტური ტექსტები მიუთითებენ იმასაც, რომ სხვადასხვა პირებისგან წარმოთქმული მუქარები, რეალურად ერთ კოლექტიურ გეგმაში იწერება. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ ქმედებებით კიდევ ერთი საფეხური გადაიდგა ქვეყანაში დაძაბულობის, შუღლის, სიძულვილის გარემოს დაფუძნებისათვის, რაშიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ ყოველდღიურად ერთ პოლიტიკურ მოძრაობის შიდა თუ გარე ლიდერები, ტელეწამყვანები და ზოგი მათი მხარდამჭერები.
„ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ქვეყნის სტაბილურობა მეტად მნიშვნელოვანია და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის ოჯახზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის გავრცელება მეტად სერიოზულად უნდა იყოს მიღებული. მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, რათა დაუყონებლივ მოახდინონ რეაგირება მოცემულ ფაქტებზე, რომ დროულად იქნას აღკვეთილი ყველა მცდელობა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ და არეულობისკენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მმართველ გუნდში დარწმუნებულია არიან, რომ მუქარის ადრესატების მიმართ რეაგირება იქნება მკაცრი. თბილისის მერის, კახა კალაძეს განცხადებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა მეტისმეტია, ამას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და მკაცრი რეაგირება მოჰყვეს. კალაძე ამბობს, რომ შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.
„სიმართლე გითხრათ, არაფერი მიკვირს, ისეთ ვითარებაში მიმდინარეობდა მთელი საარჩევნო კამპანია – შეურაცხყოფებით, ტყუილით, სიცრუეზე დაფუძნებული პროპაგანდით, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია, დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით. ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება და შესაბამისი პასუხი ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ზარები განახორციელა.
ყველაზე მთავარი რაც სჭირდება დღეს ქვეყანას, ეს არის ერთობა, კონსოლიდაცია, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და ეს პირველ რიგში ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ჩვენი სამშობლოსთვის და ქვეყნისთვის ეს ყველაფერი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძეს განცხადებით, დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალებმა –„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათთან დაკავშირებულმა სატელიტებმა შეძლეს და საპრეზიდენტო კამპანიის გარემო შეძლეს ძალადობაზე, შეურაცხყოფაზე და ცრუ ინფორმაციების გავრცელებაზე, რაც არ იყო არც სალომე ზურაბიშვილის, არც „ქართული ოცნების“ და არც სხვა პროევროპული პარტიების მიზანი.
„ამ შემთხვევაში ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათთან დაკავშირებულმა სატელიტებმა შეძლეს და საპრეზიდენტო კამპანიის გარემო არის ძალადობაზე, შეურაცხყოფაზე და ცრუ ინფორმაციების გავრცელებაზე ორიენტირებული. მე ძალიან კარგად მესმის, თუ რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს, რატომ ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას, თუმცა ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც მიმართა სახელმწიფოს, რომ მისი უსაფრათხოება იყოს დაცული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ რეაგირება იქნება სწრაფი და ადექვატური. თუმცა, მმართველი გუნდისგან განსხვავებით ოპოზიციაში დარწმუნებით აცხადებენ, რომ მუქარა მხოლოდ მოგონილი ფრაზებია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჭიქაში ქარიშხალი მოაწყოს. დეპუტატი ამბობს, რომ საჯარო პირები სიტყვიერი თავდასხმის მსხვერპლი ხშირად ხდებიან.
„ფეიკნიუსის გავრცელების გამო თავდასხმის მსხვერპლი გავხდი, თითქოს, პატრიარქსა და ქართულ ეკლესიაზე რაღაც ვთქვი. არც ერთი ჩვენგანისთვის სასიამოვნო არ არის, როცა გვემუქრებიან და ისეთ მესიჯებს გვწერენ, რომელიც მუქარის შემცველია. ზოგადად, ეს პრობლემა ბევრ ჩვენგანს აქვს. კონკრეტულ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის უფლებაა, საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენოს, თუმცა მცდელობაა, რომ ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჭიქაში ქარიშხალი მოაწყოს. მისი უფლებაა, რომ შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინოს და შესაბამის ორგანოებს მიმართოს“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ხელისუფლებას იმ ძალადობრივ ქმედებებს ახსენებს, რომელიც მმართველი პარტიის სახელს უკავშირდება და დღემდე გამოძიებული არ არის.
„მუქარა არის ცუდი, ძალადობა არის ცუდი და სიძულვილის ენის გამოყენება ცუდია და ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობდით, მაგრამ ხელისუფლებისგან, რომელიც არბევდა პოლიტიკური პარტიების ოფისებს, რომელმაც ასეულობით ადამიანი ატარა დაკითხვაზე და შერჩევითი სამართლის ძალიან მაღალ სტანდარტები დაამკვიდრა, ხელისუფლება, რომელიც გვესროდა წიწილებიან კვერცხებს, ხელისუფლება, რომელმაც არ გამოიძია კორცხელი, ამ ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატისგან ასეთი დაუსაბუთებელი ბრალდებების წამოსროლა არის მხოლოდ ერთადერთის ნიშანი, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ჯარს, რომელიც მას მხარს არ უჭერს თავისი მოღალატეობრივი პოზიციის გამო“, – ამბობს ირმა ნადირაშვილი.
სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, მუქარის შემცველი კონკრეტული წერილები გაასაჯაროვა სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ეს არის დანაშაული და მსგავსი შინაარსის შეტყობინებებზე რეაგირება არის სახელმწიფოს, სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და არა სამოქალაქო სექტორის, რომელიც თავად არის მსგავსი მუქარების სამიზნე. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ლომჯარია შსს–ში გამოკითხვაზე დაიბარეს.
„მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა მუქარა და დაუსრულებელი შეტყობინენები, სადაც გაურკვეველი პირები სიცოცხლის მოსპობით იმუქრებიან. ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სახალხო დამცველი გავხდი. აქამდე საჯაროდ ამ თემაზე არ მისაუბრია, თუმცა ვფიქრობ, რომ საკითხის მასშტაბურობიდან და სიმწვავიდან გამომდინარე, ყველამ უნდა ისაუბროს ამაზე, ერთხმად უნდა დავგმოთ მუქარა და ძალადობა, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს ის და სამართალდამცავებს მოვუწოდოთ მთელი სერიოზულობით მოეკიდონ მსგავსი ფაქტების გამოძიებას. აქვე დავამატებ, რომ შსს–სთან მქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია, თუმცა, მინდა ყველამ იცოდეს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც ოდესმე ვინმეს სიცოცხლის მოსპობით, ან ძალადობით დაემუქრება“, – წერს ნინო ლომჯარია.