არც სალომე, არც გრიგოლი, არამედ რაღაც სხვა. დიდი ხანია, საზოგადოებაში ეს მუხტი იგრძნობა, მაგრამ მესამე ძალის გამოჩენას არ დაადგა საშველი.
ბოლო დროს საკმაოდ მოდური გახდა კოალიციურ პოლიტიკურ ერთობაზე საუბარი, თუმცა კოალიციური ხელისუფლების ეფექტურობას ჩრდილს აყენებს ის ფაქტი, რომ შესაძლოა, იქ ისევ ნაცები „გადაპორტირდნენ“.
ექსპერტი დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლების უდიდესი შეცდომა ის ძალიან მცდარი და საშიში განცხადება იყო, - „შუა უნდა გაიკრიფოს“. მართლაც, დარჩა ორი პოლუსი „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ და ეს იყო ქვეყნის მომავალზე დარტყმის მიყენება.
„პოლიტიკური სისტემა ქვეყანაში ჩამოყალიბებული არ არის, ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩო აგებული არ არის. ის სისულელე, რაც მიიღეს კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, არ იმუშავებს. ჩვენ გვჭირდება სულ ცოტა 4-5 პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთმანეთს გააწონასწორებს და დააბალანსებს. ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია არ უნდა მოდიოდეს ხელისუფლებაში და ყველაფრის უფლების მქონე არ უნდა ხდებოდეს. აბსოლუტური ხელისუფლება რყვნის აბსოლუტურად. უახლოეს ერთ-ორ წელიწადში მესამე ძალა ჩამოყალიბდება ქვეყანაში და მეოთხე ძალაც იქნება. ეს გარანტირებულია, ჩვენ ნელ-ნელა ცივილიზებულ პოლიტიკურ თამაშებს უნდა მივეჩვიოთ.
ხელისუფლების სათავეში მყოფი კოალიციები ერთმანეთს გააკონტროლებენ, არ მისცემენ შეცდომების დაშვების უფლებას. თუ შეცდომებს დაუშვებენ, კოალიციები დაინგრევა. თორემ ამ ბელადების გადამკიდე, ჩვენ პოსტსაბჭოთა სისტემაში ვცხოვრობთ. დაუნდობლობა, უპატივცემულობაა, არავის წესიერება არ აინტერესებს, მთავარია, ბელადთან იყო ახლოს. ეს მარაზმი დასრულდება, მაგრამ ამას კიდევ დასჭირდება რამდენიმე წელიწადი და გამოდის, რომ 30 წელი ჩვენ ვერაფერი კონსტრუქციული ვერ შევქმენით“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.
მისივე მოსაზრებით, ძალიან ცუდია, რომ ჩვენი ვითომცდა ექსპერტები ვერ ხედავენ იმ ადამიანურ რესურსს, ვინც მესამე ძალა უნდა დააკომპლექტოს. ალბათ, ვიღაც თვალებგადმოკარკლულ ქარიზმიან ადამიანს ეძებენ. ეს მაშინ, როცა საქართველოში პოლიტიკის გარეთ უამრავი წესიერი და შემართული ადამიანია, უბრალოდ, მათ არ ჰქონდათ ალღო აღებული ამ თამაშის წესებზე. ნელ-ნელა ეს ხალხი თავის წიაღში მოძებნის ერთმანეთს და ისინი მოძებნიან იმ ადამიანებსაც, რომლებიც ლიდერების და არა ბელადების როლს შეასრულებენ. დემურ გიორხელიძის აზრით, ეს რესურსი 28 წელია ხელოვნურად ნადგურდება და იჩქმალება, რათა როგორმე არ გაინძრეს, მაგრამ ამ რესურსს მაინც ვერ შეაჩერებენ.
„ვარდების რევოლუცია უბედურება იყო ქვეყნისთვის. უბედურება იყო შევარდნაძის ხელისუფლებაც, დაიკარგა ამდენი დრო და ახლა ჩვენ ყველა პოლიტიკური ძალა იმ თამაშის წესებზე უნდა შევთანხმდეთ, რომ კოალიციები მოვა, კოალიციები ერთმანეთში მოილაპარაკებენ და შედეგს დატოვებენ. თუ შედეგს არ დატოვებენ, ხელახალი არჩევნებით გაყრიან ამ ხალხს და მათ მაგივრად ახლები მოვლენ“.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ კოალიცია უნდა იყოს იმ ადამიანთა ერთობა, ვინც პატრონს არ ეძებს, რადგან საქართველოში მთავარი პრობლემა პატრონ-კლიენტელიზმია. საბოლოო ჯამში, მმართველი პარტია ვერ ყალიბდება პარტიად კლიენტელიზმის გამო, რადგან ბიძინა ივანიშვილს უყურებენ, როგორც პატრონს. ეს არ არის დამოუკიდებელ ადამიანთა გაერთიანება რაღაც მიზნისთვის, ეს არის ივანიშვილის გარშემო გაერთიანება გარკვეული პოზიციების მიღების მიზნით, რომ ბიძინა გვიპატრონებს და ადგილებს მოგვცემს.
დავით ზარდიაშვილის აზრით, ასევე ხდება ოპოზიციის მხარესაც. ამიტომ, თუ ჩამოყალიბდება ისეთი ერთობა ადამიანებისა, რომლებიც ძალისხმევას გააერთიანებენ, იქნებიან დამოუკიდებელნი და ექნებათ საერთო მიზანი, რა თქმა უნდა, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება და ეს შეიძლება გახდეს „ქოცების“ ალტერნატივა.
„ცხადია, ბიძინა უკეთესი პატრონია, ვიდრე სააკაშვილი იყო. წმინდა ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, ბიძინას არ აქვს ისეთი ბოროტი მიზნები, როგორიც ჰქონდა სააკაშვილს, რომელსაც ყველაფრის უზურპაცია სურდა. თუმცა, როცა საქმე მიდგება საკუთარი გუნდის წევრების დაცვაზე, ბიძინა ივანიშვილი, როგორც კლიენტელას პატრონი, მათ იცავს. სხვათა შორის, ბოლო გამოსვლაში ივანიშვილმა თქვა, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“ თავისთავადი ღირებულება არ აქვს და მთავარია, ხალხს ემსახუროსო. რამდენად გულწრფელია, ეს გამოჩნდება. მეორე მხარეს კი ყველაფერი ცხადია. „ნაცმოძრაობა“ არის ადამიანების ჯგუფი, რომელთა საუბარიც კოალიციაზე თვალებში ნაცრის შეყრაა. ახლა იძახიან, 11 პარტია ვართო, მაგრამ ვინმემ გაიხსენოს, ამ 11 პარტიიდან ორი მაინც. ან კიდევ ბერძენიშვილები გავიხსენოთ, ისინი არიან ტიპური მაგალითი ისეთი პოლიტიკოსებისა, რომლებიც მუდმივად პატრონს ეძებენ. ხან ერთ პატრონს მიეკედლებიან, ხან მეორეს, თანაც, რაც მთავარია, ორივე პატრონს ორ შაურად გაყიდიან ნებისმიერ დროს. მომავალშიც ამავეს იზამენ. ისინი გაცილებით უარესები არიან, ვიდრე სააკაშვილია“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში დავით ზარდიაშვილი და ასკვნის, რომ სააკაშვილს ასეთი ხალხი რომ ეგულება, სწორედ იმიტომაა სააკაშვილი. თორემ, როგორც მოვლენა, სააკაშვილი არც იარსებებდა.
როგორ უნდა გამოვრიცხოთ, რომ სამომავლო კოალიციაში „ნაცები“ არ შეიპარონ?! ამის შესახებ ანალიტიკოსი განმარტავს, რომ, სადაც სააკაშვილია, კოალიციაზე საუბარიც ზედმეტია, რადგან წარმოუდგენელია, სააკაშვილმა ვინმეს ხელისუფლება გაუყოს.