მსოფლიოში აღიარებულმა მწერლებმა სააკაშვილს ქართველი კოლეგების დაცვა მოთხოვეს

მსოფლიოში აღიარებულმა მწერლებმა სააკაშვილს ქართველი კოლეგების დაცვა მოთხოვეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მწერალთა მსოფლიო გაერთიანების - საერთაშორისო პენისა და მისი ამერიკული ფილიალის სახელით ორი საპროტესტო წერილი მიიღო. მსოფლიოში აღიარებული მწერლები, რომელთა შორისაც ნობელის პრემიის რამდენიმე ლაურეატია, საერთაშორისო პენის ქართული ცენტრის სამი წევრის - ირაკლი კაკაბაძის, შოთა გაგარინისა და ალექსი ჩიღვინაძის უკანონო დაპატიმრებამ და დაჯარიმებამ აღაშფოთა. მარიო ვარგას ლიოსა, ტონი მორისონი, რასელ ბენქსი და სხვა სახელოვანი მწერლები საქართველოს პრეზიდენტისგან, მთავარი პროკურორისგან და სახალხო დამცველისგან მკაცრად მოითხოვენ კაკაბაძის, გაგარინისა და ჩიღვინაძის უფლებების დაცვას.

შეგახსენებთ: 14 აგვისტოს პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ, პოეტებმა შოთა გაგარინმა და ალექსი ჩიღვინაძემ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე საპროტესტო არტ-აქცია მოაწყვეს. ისინი ჯორჯ ბუშის ქუჩის სახელწოდებას გააპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ, მისთვის ამერიკელი პოეტის, უოლტ უიტმენის სახელი დაერქმიათ. საპროტესტო არტ-აქცია - „ძირს ბუში! გაუმარჯოს უიტმენს!“ - პოეტების დაპატიმრებით დასრულდა (ინფორმაცია ვრცლად ნახეთ: http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=5342&lang=ge)

„თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ გწერთ ამერიკის შეერთებული შტატების პენ კლუბის 3 500 წევრის სახელით“, - აღნიშნულია ამერიკული პენის მიმართვაში. საერთაშორისო პენი კი საქართველოს უმაღლეს ხელისუფალთ განუმარტავს, რომ მათი მიმართვა, ფაქტობრივად, ამ ორგანიზაციის 101 ქვეყნის 144 მოქმედი ცენტრის პოზიციას გამოხატავს.

ორივე მიმართვა ძალიან მკაცრია. მწერლები ვერ მალავენ აღშფოთებას ქართველი კოლეგების უკანონო დაპატიმრებისა და მთელი რიგი კანონდარღვევების გამო, რაც ამ დაპატიმრებას ახლდა თან. ამავე დროს ორივე მიმართვაში გამოთქმულია აღშფოთება პოეტ შოთა გაგარინის („გაგარინი“ შოთა დიღმელაშვილის ფსევდონიმია) ჟურნალ „ტაბულადან“ განთავისუფლების გამო.

როგორც ცნობილია, „ტაბულას“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩორგოლეიშვილი რედაქტორობს. შოთა გაგარინი ჟურნალში ტექსტების სტილისტად მუშაობდა. ჩორგოლეიშვილმა მას სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ მიმართა და აცნობა, რომ სამსახურიდან განთავისუფლებულია. როგორც შოთა გაგარინი ამბობს, რედაქტორმა პირად საუბარში გათავისუფლების მიზეზად მისი სოციალური აქტივობა დაუსახელა და უთხრა, რომ ნებისმიერი მსგავსი აქტივობა მასთან უნდა შეეთანხმებინა.

ამჟამად შოთა გაგარინი ახალი სამსახურის ძიებაშია. მანამდე კი საერთაშორისო პენის ქართული ცენტრი ძლიერდება. საერთაშორისო პენი უფლებადამცველი ორგანიზაციაა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების მწერლები და ჟურნალისტები არიან გაერთიანებულნი. ისინი პერიოდულად ხმას იმაღლებენ ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ პენის ქართულმა ფილიალმა ახალი გამგეობა აირჩია და საქმიანობაც გაააქტიურა. შოთა გაგარინი, ალექსი ჩიღვინაძე და ირაკლი კაკაბაძე პენის ქართული ცენტრის წევრები არიან. კაკაბაძე ამავე დროს, საერთაშორისო პენის წევრიცაა. სწორედ მან მიაწვდინა ხმა სახელოვან მწერლებამდე საქართველოში მომხდარი ინციდენტის თაობაზე.

ამერიკული პენი მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართვის ასლს აშშ-ში საქართველოს ელჩს, ბათუ ქუთელიას და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს უგზავნის. საერთაშორისო პენის მიმართვის მეორე ადრესატები კი საქართველოს მთავარი პროკურორი და სახალხო დამცველი არიან.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ქართული პენ-ცენტრის თავმჯდომარე დავით ქართველიშვილმა აცნობა, ამერიკული პენის ოფიციალური მიმართვის გავრცელების შემდეგ ცალკე პირადად გამოგზავნეს მხარდაჭერის წერილები ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა რასელ ბენქსმა და ჩილელ-ამერიკელმა დრამატურგმა არიელ დორფმანმა. საერთაშორისო პენის მიმართვას კი გამოეხმაურნენ ისეთი ავტორიტეტული მწერლები, როგორებიც არიან: ჯონ როლსტონ სოული, ჰომერო არაიდჯისი, მარიო ვარგას ლიოსა, მარგარეტ ეტვუდი, ტონი მორისონი, ფრენკ გირი, სარა უიატი.