“შავაძის ინტერესების დამცველი რამინ პაპიძე ხელისუფლებას ყელში ჰყავდა გაჩხერილი“

“შავაძის ინტერესების დამცველი რამინ პაპიძე ხელისუფლებას ყელში ჰყავდა გაჩხერილი“

[ნინო მიქიაშვილი]  

ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფმა ადვოკატმა, რამინ პაპიძემ მშვიდობიანი პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და მშრალი შიმშილობა დაიწყო. მიიჩნევს, რომ მის მიმართ პროფესიული დევნა ხორციელდება, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, 28 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილებითაც გამოიხატა - მას სასამართლოს უპატივცემულობაში დასდეს ბრალი და 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. 

რამინ პაპიძის ინტერესებს ადვოკატი ირაკლი შავაძე იცავს, რომელსაც „ობიექტივი“ ტელეფონით ესაუბრა. როგორც მან გვითხრა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, 28 ივლისს გამოტანილ განჩინებას ზემდგომ ინსტანციაში, ანუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, რის პარალელურადაც ბათუმში ადვოკატები სოლიდარობის აქციის გამართავენ, რადგან იზიარებენ რამინ პაპიძის მიერ გამოხატული პროტესტის გამომწვევ მიზეზებს და ამასთან, აცხადებენ, რომ პაპიძის მგსავსად ბათუმში სხვა ადვოკატებიც იდევნებიან.

ბათუმელ კოლეგას სოლიდარობას თბილისელი ადვოკატებიც გამოუცხადებენ -  მომავალი კვირის დასაწყისში ადვოკატების სოლიდარობის აქცია თბილისშიც გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა გვითხრა, რომელმაც წინასწარ, საჯაროდ არ დააკონკრეტა აქციის ფორმა, დრო და თარიღი. 

„რამინ პაპიძის დაპატიმრება არის ფაშისტური რეჟიმის შურისძიება, დამოუკიდებელ ადვოკატთან მიმართებაში, რომელიც ამ ხელისუფლებას ყელში ჰყავდა გაჩხერილი, შავაძის ინტერესების დაცვის შემდეგ და რომელიც იბრძოდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის, იცავდა უკანონოდ დაკავებული ადამიანების უფლებებს და იყო და არის ადვოკატთა ასოციაციის ღირსება. სწორედ ამ ღირსეული და ფასეული მოქმედებების გამო გახდა იგი სააკაშვილის რეჟიმის მორიგი მსხვერპლი“, - ამბობს ზაზა ხატიაშვილი.

ადვოკატ ირაკლი შავაძის აზრით, პაპიძის ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გამწესება და მანამდე მის მიმართ გამოხატული პროფესიული დევნა იმასთანაა დაკავშირებული, რომ რამინ პაპიძემ არაერთი საჯარო განცხადება გააკეთა პრესით, ტელევიზიით და ღიად და დაუფარავად გამოხატა თავისი დამოკიდებულება სასამართლოსთან მიმართებაში და ასევე, არაერთ რეზონანსულ და გახმაურებულ საქმეს მოჰკიდა ხელი, ისეთს, რომელსაც სხვა ადვოკატები ახლოს არ ეკარებოდნენ. ირაკლი შავაძეს ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს 2008 წლის 16 აგვისტოს, კუდ-ის მიერ, წამებით მოკლული როინ შავაძის საქმე.

იქიდან მოყოლებული დღემდე როინ შავაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ორ ათეულამდე წერილი, მათ შორის ჟურნალისტური მოკვლევა მოვამზადე და გამოვაქვეყნე. უშუალოდ გახლდით იმის შემსწრე როგორ ედგა გვერდში მოკლულის ოჯახს რამინ პაპიძე, როგორც ადვოკატი და როგორც უფლებადამცველი. მაშინ, როცა შავაძეებს ნათესავები და მეგობრები მისალმებასაც კი ერიდებოდნენ (ნაცნობებზე საუბარი ზედმეტია), რამინ პაპიძე ახორციელებდა მათ დაცვას, ყველა ინსტანციაში და იმჟამინდელ სახალხო დამცველთან, სოზარ სუბართან და მის რწმუნებულებთან, გიორგი ჩარკვიანთან და ლადო მგალობლიშვილთან ერთად, მოკლულის ოჯახში ღამეებსაც თეთრად ათევდა, მაშინ, როცა როინ შავაძის მთელი სანათესაო ტერორში ჰყავდათ.

შავაძის საქმეში შედარებით გაუთვითცნობიერებელმა მკითხველმა ტენდენციურობაში ბრალი, რომ არ დამდოს, შავაძეების დატერორების მაგალითად თავად საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა შემიძლია დავასახელო - პროკურატურა იძულებული გახდა სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიემართა და ჯარისკაცის ქვრივისთვის დაცვის დანიშვნა მოეთხოვა. ამ იძულების საფუძველი იყო პარლამენტის ტრიბუნიდან, გიორგი თარგამაძის მიერ გაკეთებული განცხადებები, იმჟამინდელი სახალხო დამცველის აქტიურობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების  განცხადებები და შავაძის საქმით საფრანგეთის ელჩის, ერიკ ფურნიეს და ევროსაბჭოს უმაღლესი კომისრის, თომას ჰამარბერგის დაინტერესება.

ახლა თავად გააკეთეთ ანალიზი, ამ ხელისუფლებისთვის რამდენად მისაღები ადვოკატია რამინ პაპიძე, რომელიც დაკავების დღემდე იცავდა და ამხნევებდა წამებით მოკლული ჯარისკაცის ოჯახს და ნათესავებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - რამინ პაპიძეს როინ შავაძის საქმე ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად თითქმის მზად ჰქონდა, რის შესახებაც სტუდია „ჯიენესის“ ჟურნალისტს, იმედა დარსალიასაც მისცა ინტერვიუ.

რამინ პაპიძეს როინ შავაძის საქმეზე ხელი, რომ ვერ ააღებინეს, მისი დაცვის ქვეშ მყოფებზე დაიწყეს ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება, რის შედეგადაც არაერთმა თქვა უარი პაპიძის ადვოკატობაზე. ამ ფაქტების ირგვლივაც არაერთხელ ითქვა და დაიწერა.

კლიენტების ჩამოშორებით და შედარებით წვრილ-წვრილი პრობლემების შექმნით საწადელს, რომ ვერ მიაღწიეს, დევნის მეთოდს ჯარიმების გამოწერაც მიუმატეს - ადვოკატის პერმანენტულ დაჯარიმებაზე გადავიდნენ. ადვოკატ ირაკლი შავაძის თქმით, 21 მაისის აქციის გამო დაკავებულების პროცესზე რამინ პაპიძის მისამართით გამოწერილი ჯარიმების ოდენობამ 3 000 ლარი შეადგინა, ხოლო მანამდე, სხვადასხვა პროცესებზე მოსამართლეებმა პაპიძე ჯამში 8 000 ლარით დააჯარიმეს. ანუ ჯარიმების სახით პაპიძეს 10 000 ლარზე მეტი ჰქონდა გადასახდელი.

28 ივლისს კი „გაღმა შეედავე გამოღმა დაგრჩება“-ს პრინციპი აირჩიეს - 21 მაისის აქციის გამო დაკავებულების პროცესზე არაერთხელ დააჯარიმეს და შემდეგ დარბაზიდან გააძევეს, რა დროსაც მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ რამინ პაპიძემ ჟურნალისტებთან განცხადება იმავე წუთში გააკეთა.

28 ივლისი, სხდომიდან გამოძევებულმა რამინ პაპიძემ „ტვ25“-ს ასეთი კომენტარი მისცა:

„მოსამართლემ მითხრა დაჯარიმებული ხართ 200 ლარითო. ვუთხარი რომ თქვენ ცდილობთ ამით ჩემს დაშინებას, ფაქტიურად მიზღუდავთ დაცვის უფლებას, მიკერძოებული ხართ და ხართ პროკურორის ზეგავლენის ქვეშ-მეთქი. „გაძევებული ხართ დარბაზიდანო“. მანდატურის სამსახური დამეტაკა, ძალით გამოთრევას ცდილობდა. ვეუბნებოდი, რომ მე თვითონ გავალ, არ არის ძალის გამოყენება საჭირო-მეთქი. როცა გამომიყვანეს სხდომის დარბაზიდან, გამოსასვლელში დამიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფა“.

ადვოკატი ცემა-ტყეპით რომ გაიყვანეს, ამას თვითმხილველებიც ჰყავს და მათ „ტვ25“-ს შესაბამისი კომენტარებიც მისცეს, რომელიც ამ მისამართზე შეიძლება ნახოთ და მოისმინოთ  http://tv25.ge/?action=shownews&id=5644

იმავე დღეს, ოღონდ მოგვიანებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ განჩინება გამოიტანა და რამინ პაპიძეს 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებამდე ტვ25-ის ეთერში, გადაცემა „დიალოგში“, ღამის თერთმეტის ნახევარზე ჟურნალისტ ჯაბა ანანიძესთან დეტალურად ისაუბრა, მის მიმართ განხორციელებული დევნის შესახებ, შემდეგ თავისი ფეხით მივიდა და პოლიციას ჩაბარდა. ირაკლი შავაძე ამბობს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩნებას ჯერ ქუთაისის სააპელაციოში გაასაჩივრებენ, ხოლო შემდეგ ევროპულ სასამართლოში გაგზავნიან.

ა/ო „სოლიდარობა უკანონო პატიმრების“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია კი მოსამართლე ვერა დოლიძის საქმის შესწავლის თხოვნით იუსტიციის საბჭოს მიმართავს. შეგახსნებთ, რომ ბესელია 21 მაისის დაკავებულების საქმეში ჩაერთო, რის პარალელურადაც იგი ამ საქმეზე მონიტორინგ ახორციელებს.