რუსეთი საქართველოს ბრალდებებს უარყოფს

რუსეთი საქართველოს ბრალდებებს უარყოფს

ჰააგა, ნიდერლანდები – ორშაბათს, რუსეთმა საქართველო ეთნიკურ წმენდებთან დაკავშირებული მტკიცებულებების ფაბრიკაციაში დაადანაშაულა, რომელსაც თბილისის აზრით ადგილი ჰქონდა საქართველოს გამოყოფილ რეგიონებში, მას შემდეგ, რაც მან წარუმატებელი ხუთდღიანი ომის შემდეგ ამ ტერიტორიებზე საკუთარი კონტროლის აღდგენა ვერ შეძლო.

საქართველო გაეროს საერთაშორისო სასამართლოში ათასობით ეთნიკური ქართველის მკვლელობისა და დაახლოებით 300 000 ადამიანის იძულებით გამოსახლების ფაქტზე ჩივის, რასაც ადგილი ჰქონდა ორი ათეული წლის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლებისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული ძალების მიერ წარმოებული კამპანიის დროს.

თუმცა რუსეთი, საკუთარ თავს მედიატორად და მშვიდობისმყოფელად წარმოაჩენს და აცხადებს, რომ საქართველოს არასდროს დაუჩივლია ეთნიკურ დისკრიმინაციაზე მანამ, ვიდრე 2008 წლის ომში არ წააგო. ომი 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით გაჩაღდა და 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წყალობით დასრულდა. საქართველომ სარჩელი ჰააგის სასამართლოში (გაეროს უმაღლესი სასამართლო ორგანო) იმავე დღეს შეიტანა.

ორი წლის წინ, სასამართლომ საგანგებო დადგენილება გამოსცა, და ორივე ქვეყანა დაავალდებულა დეცვათ მოსახლეობა ეთნიკური ძალადობისგან. მაგრამ მან გადადო ყველანარი ქმედება საქართველოს სარჩელთან მიმართებაში, რომელიც რუსეთს 1990–იანი წლების დასწყისიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეთნიკური ქართველების სისტემატიურ დევნაში ადანაშაულებს.

სასამართლო გაეროს წევრ ქვეყნებს შორის დავების დარეგულირების სამართლებრივი ფორუმია.

ორშაბათს, რუსეთმა განაცხადა, რომ სასამართლოს საქართველოს საქმის განხილვის არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია, რადგან თბილისს მანამდე არასდროს უთქვამს, რომ დავა არსებობდა.

საქართველოს არგუმენტები მის საქმეზე სამშაბათს უნდა წარმოედგინა. მაგრამ წერილობით დოკუმენტში, რომელიც ორშაბათს ნაწილობრივ ხელმისაწვდომი გახდა, ის აცხადებს, რომ ხანგრძლივი დავის დამადასტურებელი ფაქტები გააჩნია, რაც სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში შედის.

ამ კვირის მოსმენები მხოლოდ იმის განხილვას მიეძღვნება, უნდა მოისმინოს თუ არა სასამართლომ ეს საქმე საერთოდ. თუკი მოსამართლეები გადაწყვეტენ, რომ ტრიბუნალს ამ საქმის განხილვის კომპეტენცია გააჩნია, ცალკეული მოსმენები საჩივრის ხარისხთან დაკავშირებით მოგვიანებით გაიმართება. სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა, თუმცა მას იძულების არანაირი ბერკეტი არ აქვს.

საქართველოს სარჩელი 1965 წლის შეთანხმების სავარაუდო დარღვევას ეფუძნება. შეთანხმება რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმას კრძალავს. მაგრამ რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველოს არასდროს დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრეტენზია ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობის დროს არ გამოუთქვამს და ის მხოლოდ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 2008 წელს სამხრეთ ოსეთში ომის დროს მისი არმია დამარცხდა.

„(სასამართლოში) განაცხადი მხოლოდ მას შემდეგ შევიდა, რაც ცხადი გახდა, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ოპერაციამ მარცხი განიცადა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კირილ გევორგიანმა.

ტრიბუნალი, რომელსაც მსოფლიო სასამართლოს სახელითაც იცნობენ, საბოლოო ინსტანციის სასამართლოა, ამტკიცებს რუსეთის იურიდიული გუნდი. იურისტები აცხადებენ, რომ საქართველოს მანამდე არ უცდია მისი პრეტენზიების გარკვევა მოლაპარაკებების ან კომისიის გზით, რაც დისკრიმინაციასთან ბრძოლის შეთანხმებითაა განსაზღვრული.

„ეს არის დავა, რომლის შესახებაც საქართველოს რუსეთისთვის განაცხადის წარდგენამდე არასდროს უცნობებია“, – ამბობს რომან კოლოდკინი, რუსეთის ელჩი ნიდერლანდებში. მისი თქმით, სასამართლოსთვის მიმართვა „ომის სხვა საშუალებებით გაგრძელებაა“.

თავის წერილობით არგუმენტში საქართველო რუსეთის პოზიციას დაუსაბუთებელს უწოდებს.

„რუსეთი ყოველთვის უარყოფდა მის პასუხისმგებლობას ეთნიკური დისკრიმინაციის ამ აქტებთან დაკავშირებით. მაგრამ ეს მხოლოდ ადასტურებს მხარეებს შორის დავის არსებობას იმის თაობაზე, მანაწილეობდა თუ არა რუსეთი დისკრიმინაციულ ქმედებებში“, – ნათქვამია დოკუმენტში. „საქართველო ამბობს, რომ „დიახ“ მონაწილეობდა, რუსეთი ამბობს, რომ „არ“ მონაწილეობდა. ანუ დავა არსებობს“.

ომის შემდეგ, რუსეთმა ორ გამოყოფილ რეგიონში სერიოზული სამხედრო ძალა განათავსა. რუსეთის მხრიდან ამ რეგიონების საქართველოსგან დამოკიდებლობის აღიარება რუსეთს და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობის ძირითად წყაროდ რჩება. აშშ–ს საქართველოს ახლო კავშირები აქვს 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ედგა სათავეში, იმის მიუხედავად რომ ვაშინგტონი საქართველოს სამხედრო ოპერაციით უკმაყოფილო იყო.

მანამდე, სასამართლომ ახალი მოსამართლეები მიიღო შეერთებული შტატებიდან და ჩინეთიდან. ჯოან დონაჰიუ პრეზიდენტ ბარაკ ობამას და სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის წამყვანი იურდიული მრჩეველი იყო საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებების დაცვის კანონმდებლობის სფეროში, მათ შორის გუანტანამო ბეის საპატიმროში დაკითხვებთან დაკავშირებულ საკითხებშიც. დონაჰიუ მსოფლიო სასამართლოს რამდენიმე საქმეში მონაწილეობდა. ჰუ ჰანქინი ჩინეთის ელჩი იყო ASEAN–ში, სამხრეთ აზიის ერების ჯგუფში, მანამდე კი ნიდერლანდებში. ეს პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლოს ერთდროულად ორი ქალი მოსამართლე ჰყავს.